ჭადრაკი

18:25 | 11.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეულიდან მხოლოდ ხოტენაშვილმა იმარჯვა

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დაწყებული მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის საწყისი დღე ქართველი მოჭადრაკეებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. ჩვენებურთა კვარტეტიდან წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია, რაც განმეორებითი პარტიების წინ კარგ მოლოდინს ნამდვილად გვიტოვებს.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამარჯვება ბელა ხოტენაშვილმა (2504) მოახერხა, რომელიც კუბელ მარიცა არიბას რობაინასთან (2273) აშკარა ფავორიტად ითვლებოდა და თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე მოიგო.
ბერძენ ელენა დემბოსთან (2454) შავებით ყაიმი 42-ე სვლაზე გააფორმა ნინო ხურციძემ (2428), ხოლო ლელა ჯავახიშვილს (2455) და სოფიკო ხუხაშვილს (2383) წარუმატებლობა შეემთხვათ. ორივე ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით დამარცხდა: ლელა 31-ე სვლაზე რუს ანასტასია ბონდარიუკთან (2415), ხოლო სოფიკო 59-ე სვლაზე – ელინა დანიელიანთან (2476).
ნოკაუტ-სისტემით მიმდინარე ტურნირის პირველი რაუნდის მე-2 პარტიები 12 ნოემბერს შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკები 13-ში ჩატარდება.
სულ, ჩემპიონის გამოსავლენად, 6 რაუნდი იქნება საჭირო. მეორედან მეხუთე რაუნდის ჩათვლით, სისტემა იგივე იქნება, ხოლო ფინალში მონაწილეები ოთხ პარტიას ჩაატარებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია.

0.123764