მწვრთნელის რანგში ორ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი სამ მწვრთნელს აქვს მოპოვებული. პირველად ეს ლეგენდარულმა ავსტრიელმა სპეციალისტმა ერნსტ ჰაპელმა მოახერხა. მან ჯერ როტერდამის “ფეიენოორდს” მოაგებინა ჩემპიონთა თასი, შემდეგ “ჰამბურგს”. შარშან ჟოზე მოურინიომ იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში მილანის “ინტერთან” ერთად, 2004-ში კი ანალოგიური ტრიუმფი “პორტუსთან” ერთად იზეიმა. კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც ესოდენ დიდი შედეგი აქვს ნაჩვენები ამჟამად შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდია. მან ჩემპიონთა ლიგა ჯერ დორტმუნდის “ბორუსიას” მოაგებინა, შემდეგ – მიუნხენის “ბაიერნს”. საინტერესოა, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში სწორედ ეს 2 გუნდის შეხვდება ერთმანეთს და ცხადია, ჰიტცფელდს ამ მატჩზეც ჰკითხეს, თუმცა, ჟურნალისტისა და მწვრთნელის საუბარის შვაინშტაიგერის ტრავმით დაიწყო.
- ჰერ ოტმარ, უპირველესად, იმაზე გთხოვთ თქვენი აზრის გამოთქმას, თუ რა ზეგავლენას მოახდენს “ბაიერნის” თამაშზე ბასტიან შვაინშტაიგერის არყოფნა?
- დანაკლისი დიდია. შვაინშტაიგერი მიუნხენელთა სათამაშო მექანიზმის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ბასტიანი თანაგუნდელთა ასპარეზობას უწევს კოორდინაციას, დირიჟორის როლში გვევლინება და მაღალი საფეხბურთო ინტელექტითაცაა დაჯილდოებული. ამის მიუხედავად, “ბაიერნის” უახლოეს მატჩებს მაინც მობილიზებული და კარგ ფორმაში მყოფი შეხვდება. ხომ ახერხებს იუპ ჰაინკესი არიენ რობენის სათანადოდ შეცვლას. ასევე იქნება ბასტიანის შემთხვევაშიც.
- ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, შვაინშტაიგერის სალიდერო თვისებებს ბევრი ეჭვის თვალით უმზერდა, შემდეგ კი იგი ნამდვილ ბოსად ჩამოყალიბდა. მაინც რას თვლით საამისო მიზეზად?
- ყოველთვის მაღიზიანებდა, როდესაც ბასტიანს აკრიტიკიბდნენ. მის იმ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას, როგორც დღესაა, მხოლოდ დრო სჭირდებოდა. შვაინშტაიგერი ჩემი “ბაიერნში” მუშაობის პერიოდშიც კი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. იგი ბუნებისგან ლიდერის თვისებებითაა შემკული და პარტნიორებისთვის მის სიტყვას ყოველთვის დიდი წონა აქვს.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში ჩატარდება. როგორ გგონიათ, “ბაიერნი” “ოლიმპიაშტადიონზე” დანიშნულ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს?
- მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ სადღეისოდ მიუნხენის “ბაიერნი” პლანეტის სამ საუკეთესო კლუბს შორისაა. ჰაინკესის გუნდი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ბავარიელებს მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონასთან” ერთ მწკრივში დავაყენებდი. ახლი კი, შევეცდები, თქვენ კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხი გაგცეთ. “ბაიერნს” დიდი შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გააღწიოს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კლუბის ხელმძღვანელობაც ამ მიზანს უსახავს ფეხბურთელებს და გუნდსაც საამისო პოტენციალი აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე “ბაიერნს” ფავორიტთა შორის უყოყმანოდ დავასახელებდი. იმედია, გაზაფხულიდან “ბაიერნს” ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდებიან და ჰაინკესს სეზონის გადამწყვეტ სტადიაზე ოპტიმალური შემადგენლობის დაყენების საშუალება მიეცემა. ჯერ კი, პლეი ოფის საგზურია გასანაღდებელი. ვფიქრობ, ამას მიუნხენელები უკვე მომდევნო ტურში გააკეთებენ. “ბაიერნს” თავისუფლად შეუძლია “ვილიარეალს” მოუგოს, არადა, ჩემპიონთა ლიგის მეორე სტადიაზე გასაღწევად გუნდს ქულაც ჰყოფნის.
- რის შეცვლას ურჩევდით იუპ ჰაინკესს?
- იუპი გამოცდილი სპეციალისტია და უჩემოდაც კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. “ბაიერნს” შესაცველელი არაფერი სჭირს. ჰაინკესის განკარგულებაში საკმარისი რაოდენობითაა მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად გავლენ მინდორზე და ამასთან, “ბაიერნის” ასპარეზობა ოდნავადაც არ დასუსტდება. ამის ნათელი მაგალითი ბუნდესლიგის გასულ ტურში “აუგსბურგთან” მატჩი იყო. მიუხედავად შეხვედრის საბოლოო ანგარიშისა, მიუნხენელებმა საკმაოდ იოლად ჩაიწერეს აქტივში მორიგი 3 ქულა. ბავარიელები ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე დარჩენილ მონაკვეთსაც კარგად გაივლიან. ახალი წლიდან კი მწყობრში ტრავმირებული ფეხბურთელები ჩადგებიან და სეზონის დასკვნით და გადამწყვეტ ეტაპზე გუნდის თამაში კიდევ უფრო სოლიდური გახდება.
- მომდევნო ტურში მიმდინარე ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა ჩატარდება – ლიდერი “ბაიერნი” ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონს, დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს...
- ოო, ამ მატჩს მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის. დორტმუნდელებს 18 სექტემბრიდან მოყოლებული ბუნდესლიგაში მატჩი არ წაუგიათ. ძალიან საინტერესო იქნება იუპ ჰაინკესისა და იურგენ კლოპის გუნდების დაპირისპირება. ორივე კლუბი “ზამთრის ჩემპიონის” ტიტულისთვის იბრძვის და ამ წოდების მოპოვება ფსიქოლოგიურად უაღრესად მნიშვნელოვანია.
გოჩა კაჭარავა