ინტერვიუები

9:55 | 9.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ გაბელია: "ჩემთან ახლობლობა და მეგობრობა არ გაჭრის"

მართალია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფლეი ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ ბოლო წლებში “ახალგაზრდულის”  გამოსვლას თუ გავითვალისწინებთ, ოთარ გაბელიას შეგირდების მიერ ნაჩვენები შედეგი დადებითად უნდა ჩაითვალოს. დასკვნით შეხვედრაში, სომხეთთან მარცხი რომ არა, გაბელიას გუნდი “ახალგაზრდულის” 13 წლისწინანდელ მიღწევას გაიმეორებდა და ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებდა. საბოლოოდ, ქართველი ახალგაზრდები მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდნენ, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი შესარჩევის დაწყებისთანავე მარცხისთვის განწირული არ ყოფილა და ფლეიოფში მოხვედრის მართალია მიზერულს, მაგრამ შანსს მაინც ბოლომდე ინარჩუნებდა. გაბელიამ, რომელსაც სამწვრთნელო კარიერაში 21-წლამდელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი განვლილ “შესარჩევში” ჰქონდა, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ნაჩვენებ შედეგს დადებითად აფასებს და თავისი სურვილით თანამდებობის დატოვებას არ ფიქრობს.   

- მატჩამდე აცხადებდით, რომ სომხებთან უფრო რთული თამაში გელოდათ, ვიდრე თურქეთთან და ფეხბურთელებს მოუწოდებდით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ყოფილიყვნენ. მათ სრულად მობილიზება ვერ მოახერხეს თუ კიდეც სხვა რამე იყო მარცხის მიზეზი?
- ეტყობა, თურქეთთან თა¬მაშიდან სამ დღეში ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს და ახალგაზრდებზე მატჩის ირგვლივ შემქნილმა აჟიოტაჟმაც იმოქმედა. შეხვედრის ბოლოს “ვა-ბანკზე” წავედით, მაგრამ მცველები და საყრდენი ნახევარმცველი გაფრთხილებული მყავდა, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ სომხების კონტრშეტევისას. წინა დღეს მეტოქის ვარჯიშს რომ ვუყურე, ყურადღებას შორეულ დარტყმებზე და “სტანდარტულების” შესარულებაზე ამახვილებდნენ. ორივე გოლი კარგი გაგვიტანეს. მართალია, პირველ შემთხვევაში ბურთი რომ იტყვიან ფეხზე “მოაჯდა”, მაგრამ ასეთ დროს დარტყმის საშუალება არ უნდა მისცე. მსაჯობით უკმაყოფილო დავრჩი. თამაში ესტონეთშიც წავაგეთ და შვეიცარიაშიც, მაგრამ მსაჯებთან პრეტენზია არ მქონია. სომხეთთან თამაშში 4-5 ყვითელი ბარათი ნაუცბადევად მოგვცეს. კლიმიაშვილს, რომელიც ორთაბრძოლებში ხშირად შედიოდა მსაჯმა უთხრა –”დაწყნარდი თორემ გაგაგდებო”. ოქრიაშვილი რისთვის გააფრთხილა ვერ გავიგე. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ჭედიას წაქცევისთვის 100-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა. არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მსაჯებზე ვიღაცამ წაიმუშავა. ვერ გავიგე რა ხდებოდა. არც სტუმრად და არც საშინაო მატჩებში არბიტრების დახმარება არ მჭირდება, მაგრამ სახლში თამაშისას მსაჯი ასეთ რაღაცეებს აკეთებდეს?! ესტონეთში, შვეიცარიაში და ირლანდიაში ისეთი მსაჯობა იყო, არ მეგონა გასვლაზე თუ ვთამაშობდით.
- ბოლო წუთებზე “ვა-ბანკზე” წასვლა და მოედანზე ამდენი შემტევი ფეხბურთელის გამოყვანა რამდენად გამართლებული იყო? შეიძლებოდა ფრე გეთამაშათ და ჯგუფში მეორე ადგილზე გახვიდოდით.
- კლიმიაშვილს ვკითხე, შეეძლოთ თუ არა თამაშის გაგრძელება და მიპასუხა –”იმდენი მირტყეს ორივე ფეხი “დანგრეული” მაქვსო”. თუმცა, კიდევ 10 წუთი მოედანზე მაინც დავტოვე. შემდეგ, შეტევის გასაძლიერებლად მეორე ფორვარდი გამოვიყვანეთ. წაგება ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ფრეზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. მატჩის წინ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მთავარი მოგება იყო და თან ვაფრთხილებდი სომხების კონტრშეტევები არ “გაპარვოდათ”. 
- თამაშის შემდეგ მოედანზე ჩხუბი რატომ ატყდა? ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა გასახდელშიც ხომ არ გაგრძელებულა?
- ფეხბურთელებს შორის ჩხუბი რატომ დაიწყო ნამდვილად არ ვიცი. ამის მიზეზს გავარკვევთ. მე დავინახე თუ არა, რომ ჩხუბი ატყდა, მაშინვე გასაშველებლად გავიქეცი. თუმცა, სომხეთის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა თუ ადმინისტრატორმა, ჩვენს მიმართ ძალიან ცუდი რამ თქვა, რასაც ვერ გავიმეორებ და მას მკაცრად მივმართე, რომ მსგავსი საუბარი შეეწყვიტა. ჩხუბი გასახდელში აღარ გაგრძელებულა. 
- შესარჩევი ციკლი დასრულდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- ამ ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ და ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ. გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაგან ზოგი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ზოგიც კანდიდატია. რაც მთავარია, ეს მოთამაშეები მოედანზე ყველაფერს “დებდნენ” და ზოგჯერ შეიძლება მეტოქემაც გაჯობოს. მომავალში 21-წლამდელებში კარგი გუნდის “გაკეთება” შეიძლება, მითუმეტეს ამ ნაკრებიდან შემდეგ “შესარჩევში” თამაშის უფლება 4-5 ფეხბურთელს აქვს. ახალგაზრდა მოთამაშეების მოძიება კიდევ შეიძლება და გუნდის კარი ყველასთვის ღიაა. ვიდრე ნაკრებში ვიქნები, ჩემთან ფეხბურთელის ასაყვანად ახლობლობა და მეგობრობა არ გაჭრის. ბიჭებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა, მინდა მადლობა გადაუხადო. 
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ? თანამდებობიდან წასვლას ხომ არ აპირებთ?
-კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და ჩემი ნებით წასვლას არ ვაპირებ. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია კონტრაქტს გამიგრძელებენ თუ არა.  
 
ლაშა თაბაგარი
0.114335