მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა, რომ ურუგვაის ეროვნული გუნდი პლანეტის საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის მოხვდებოდა. თუმცა, ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები, 1970 წლის მექსიკის მუნდიალის შემდეგ, 1/2-ფინალში პირველად გავიდნენ. ამაში დიდი წვლილი ურუგვაელთა ფორვარდ ლუის სუარესს მიუძღვის, რომელსაც განასთან “გამომუშავებული” პენალტი გაძევებად დაუჯდა, მაგრამ საბოლოოდ, “აიაქსის” ფორვარდი ანტიგმირიდან გმირად იქცა. სწორედ ეს აღნიშნა პირველყოვლისა სამხრეთამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ესპანურ გამოცემა Marca-სთან საუბარში.
ოსკარ ტაბარესი: “სუარესი ვერც კი ივარაუდებდა, რომ ეროვნული გმირი გახდებოდა. თქვენ ხომ ნახეთ ცრემლები მის თვალებზე. იმ მომენტში მას, გადაწყვეტილების მისაღებად წამის მეასედი ჰქონდა და მან საკუთარი არჩევანი გააკეთა - ხელით რომ არ ეთამაშა, ახლა, ჩვენი პლანეტის უძლიერეს ნაკრებთა ოთხეულში არ ვიქნებოდით”.
- ბევრი ამბობს, რომ ყოველივე ულამაზოდ გამოვიდა. ანუ, ასპროცენტიანი გოლი უნდა ყოფილიყო და სუარესი არასპორტულად მოიქცა.
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას, მთელ ნაკრებსა და ჩვენს გულშემატკივრებს, დიამტრალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ჩვენ სასჯელად დანიშნული თერთმეთმეტრიანი და გაძევებული ფეხბურთელი მივიღეთ. განის ნაკრებმა კი, შეხვედრის ბედის გადაწყვეტის შანსი. მაგრამ გიანმა ბურთი ზედა ძელს მოახვედრა. ე.ი. საფეხბურთო ღმერთი ამ დღეს ჩვენს მხარეს იყო. თუმცა, ჩვენს გამარჯვებას დაუმსახურებელს ვერ დავარქმევ. ბიჭები საუცხოოდ გამოიყურებოდნენ და ხასიათმა მათ წარმატება მოუტანა.
- ცალკე უნდა გკითხოთ სებასტიან აბრეუს დამამთავრებელ დარტყმაზე, რომელმაც ტურნირის 1/2-ფინალში გაგიყვანათ.
- დიახ, მართლაც საუცხოოდ გამოვიდა. მან, ასეთ მანერაში, თერთმეტმეტრიანი პირველად არ შეასრულა. როდესაც აბრეუ პენალტების შემსრულებელთა სიაში ჩავწერე, ერთადერთი ვთხოვე, რომ ბოლოს დაერტყა. სწორედ მაშინ დავეჭვდი, რომ სებასტიანმა რაღაც საინტერესო ჩაიფიქრა.
- ჰოლანდიასთან შეხვედრაში, სუარესის გარდა, შესაძლოა, ლუგანო და ლოდეირო დაგაკლდეთ, რომელთაც ტრავმები აქვთ. ისინი თავს როგორ გრძნობენ?
- ორივე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა, ასეთი მაღალი კლასის ოსტატების დაკარგვა მართლაც ძალიან საწყენია. იმედია, ისინი უახლოეს ხანში გამოჯანმრთელდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბის მოქმედება სრულიად გააზრებული იქნება – მოედანზე, მხოლოდ მატჩისთვის სრულად მომზადებული ფეხბურთელები გამოვლენ.
- ურუგვაიში ფეხბურთი კვლავ “გაცოცხლდა”? შედეგი უკვე არცთუ ცუდია –უძლიერესი ოთხეული...
- ის არც მომკვდარა. სხვა საქმეა, რომ ეროვნულ ნაკრებს ყოველთვის არ ჰქონდა ისეთი შედეგი, როგორსაც გულშემატკივრები და სპეციალისტები ელოდნენ. ბევრი კრიტიკა, იმედგაცრუება და გაუგებრობა იყო. ნაყოფიერმა მუშაობამ და გუნდურმა სულისკვეთებამ წარმატება მოგვიტანა. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლა ძალიან კარგი შედეგია. თუმცა, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ. მითუმეტეს, მეტად მრისხანე მეტოქე გველის. ჰოლანდიელებმა ბრაზილიელები გამოთიშეს და როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად აღმასვლას განიცდიან. ასე რომ, ურთულესი მატჩი გველის. შევეცდებით, ჰოლანდიური ბარიერი დავძლიოთ და ამისგან რა გამოვა, გამოჩნდება.
- თუ საქმე კვლავ პენალტების სერიამდე მივიდა, ასეთ დატვირთვას გაუძლებთ?
- აბა, სხვა რა გზა გვაქვს? რადგან 1/2-ფინალში გავედით, დავამტკიცეთ, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში გვაქვს. იღბალთან ერთად, ეს სწორედ ისაა, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელია. იმედია, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩვენს ქვეყანასა და ურუგვაის ნაკრების მეგობრულ კოლექტივს სურს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა