სომხეთის დედაქალაქ ერევანში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარქარიანის ხსოვნას ეძღვნება. გამარჯვებისთვის ერთმანეთს 10 მოჭადრაკე წრიული სისტემით ეჯიბრება, მონაწილეთა შორის კი 2 ქართველიცაა – დავით ბენიძე (2524) და შოთა აზალაძე (2471).
ტურნირზე უკვე 2 ტური მიილია, თუმცა, ქართველები ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. პირველ ტურში აზალაძემ და ბენიძემ ყაიმი დააფიქსირეს, მეორეში კი აზალაძე შავებით ტიგრან არუთუნიანთან (სომხეთი, 2358) დამარცხდა, ხოლო ბენიძე ასევე შავი ფიგურებით ლევონ ბაბუჯიანს (სომხეთი, 2497) დაუზავდა.
შედეგად, ბენიძე 1 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო მას კვალში აზალაძე უდგას 0.5 ქულით. ლიდერი სამია: კარენ გრიგორიანს (სომხეთი, 2513), არუთუნიანს (2358) და ალეკსეი გოგანოვს (რუსეთი, 2545) 1.5-1.5 ქულა გააჩნიათ.
მარქარიანის მემორიალი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 იანვარს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი მილიონი სომხური დრამია, რაც დაახლოებით 2 500 დოლარია.