ჭიდაობა

23:25 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ღირსეული, მაგრამ უმედლო დებიუტი

 საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დებიუტანტებს ლევან ქელეხსაშვილსა (66 კგ) და დავით ქერაშვილს (96 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის მედლამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. ბუდაპეშტში ორშაბათს დაწყებულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონ-პრიზიორები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ხალიჩაზე სამი ქართველიც გავიდა და მეოთხედფინალამდე სამივე ბრწყინვალე ჭიდაობით მივიდა. ეს ზღუდე ერთმა გადალახა – ლევან ქელეხსაშვილი ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სომეხ დავიდ საფარიანთან წაგებით დაკარგა.

მეტოქესთან შედარებით გამოუცდელი ქართველი მოჭიდავე მეორე პერიოდის დასაწყისში 1:6-ს აგებდა, მაგრამ ჟინიანი ჭიდაობისა და კარგი ფიზიკური ფორმის ხარჯზე აკრიფა ქულები და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მაქსიმუმ ნახევარი წუთით მეტი რომ ჰქონოდა, ფინალის საგზურსაც გაინაღდებდა, მაგრამ საფინალო სირენამ მომავალ ჩემპიონს ძლივს მიუსწრო.

კარგი ფიზმომზადება ლევან ქელეხსაშვილმა რეპეშაჟის ფინალშიც დაგვანახა – რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევს ხუთქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაუყვანა, მაგრამ საწადელს ვერც მასთან მიაღწია – საბოლოოდ ყურბანალიევმა 7:5 მოიგო და მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი დასანანი მარცხის გამო ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, რუსეთის ნაკრების წევრს კარგახანს მწვრთნელები ასულიერებდნენ.

აქვე ამ ორ ბრძოლამდე ქელეხსაშვილისგან გავლილ სატურნირო გზაზეც ვთქვათ. ინდოელ არუნ კუმარს სულაც 57 წამი აკმარა, ბელარუს ალექსანდრ კონტოიევთან კი ბოლო წუთზე სამქულიანი ჩამორჩენა სათავისოდ შეატრიალა - 2:5 ანგარიში 7:5 გახადა.

დავით ქერაშვილსაც მომავალმა ჩემპიონმა, ირანელმა რეზა იაზდანიმ ჩაუკეტა ფინალისკენ მიმავალი გზა - 2:8. იქამდე ქართველმა მოჭიდავემ სამხრეთკორეელ ჯაეგანგ კიმსა (2:1) და ალბანელ ეგზონ შალას (12:5) აჯობა. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუს ივან იანკოუსკის გასცდა (9:7). გადამწყვეტ ბრძოლაში კი ევროპის წლევანდელ ჩემპიონთან, უკრაინელ პავლო ოლეინიკთან ვეღარას გახდა – 2:10.

გიორგი ედიშერაშვილიც კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა უნგრეთში, მაგრამ მსოფლიო კონკურენციაში მედლის გარეშე დარჩა და ეს თავად მასზე და მის მეტოქეზე მეტად, მსაჯის დამსახურება უფროა – მეოთხედფინალში ედიშერაშვილმა ტიტულოვან რუს მეტოქესთან ნარიმან ისრაპილოვთან 15:19 წააგო. არადა ქულები რომ ცოტა სამართლიანად დათვლილიყო, ვადაზე ადრე არა, მაგრამ საგრძნობი უპირატესობით კი უნდა ემარჯვა.

ამ შეხვედრამდე გიორგი ედიშერაშვილმა სომეხ მიჰრან ჯაბურიანს (6:2) და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი ვართანოვს (4:1) მოუგო. ოქრო-ვერცხლის შანსის დაკარგვიდან სულ რაღაც ნახევარ საათში კი ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა, მას შემდეგ, რაც ისრაპილოვი ირანელ ჰასან ფარმან რაჰიმთან წუთსა და 45 წამში 0:9 განადგურდა.

17 სექტემბერს ხალიჩა 60, 84 და 120 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით კი საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით მარსაგიშვილი და გენო პეტრიაშვილი ჩაებმებიან.

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

16 სექტემბერი

 

55 კგ

1 ჰასან ფარმან რაჰიმლი (ირანი)

2 ამიტ კუმარი (ინდოეთი)

3 სეზარ აკგული (თურქეთი)

3 ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1 დავიდ საფარიანი (სომხეთი)

2 ლივან ლოპეს აზკუვი (კუბა)

3 მანდახნარან განზორიგი (მონღოლეთი)

3 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)

5 ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)

 

96 კგ

1 რეზა იაზდანი (ირანი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

3 პავლო ელეინიკი (უკრაინა)

5 დავით ქერაშვილი (საქართველო)

  

0.121273