ინტერვიუები

10:15 | 5.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორცეცხლშუა მყოფი მამის გასაჭირი

უკრაინელთა ვარჯიში ახალი დაწყებული იყო, როცა ზესტაფონის საფეხბურთო არენის ტრიბუნაზე გია გურული გამოჩნდა. ბუნებრივია, მამას მისი შვილის - “კარპატის” რიგებში მოთამაშე სანდროს საქმეში კიდევ ერთხელ ნახვა სურდა. “მსოფლიო სპორტმა” წარსულში ეროვნული ნაკრების ფორვარდთან, ამჟამად კი, საფრანგეთის ჩრდილო საპორტო ქალაქ დიუნკერკში მცხოვრებ ქართველ სპეციალისტთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა.
- ბატონო გია, ცოტა არ იყოს ცუდ დღეში ხართ - შვილსაც უნდა უგულშემატკივროთ, მაგრამ არც მშობლიური რაიონის გუნდზე იქნება “ზურგის შექცევა”.
- მართალი ხართ, წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნები - ზესტაფონელი ვარ და შვილი მის მეტოქე გუნდში თამაშობს. მინდა, რომ ორივემ კარგი ფეხბურთი აჩვენოს და რომელიც ძლიერია, მან მოიგოს. ორივე შემთხვევაში, მოგებულიც ვარ და წაგებულიც.
- სანდროს საფრანგეთში სათამაშოდ გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
- ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ კარგად წარმოაჩენს თავს უკრაინაში, ყველაფერია შესაძლებელი. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც საფრანგეთში წამოვიდეს, თუ ვარიანტი გამოუჩნდება, ევროპის სხვა ქვეყანაშიც შეიძლება თამაში - მთავარია, თვითონ იყოს შესაბამის კონდიციაში.
- ალენ ჟირესის ასისტენტობის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კავშირი აღარ გქონიათ?  
- ჯერჯერობით, ვინც კი დახმარება მთხოვა, უარი არავისთვის მითქვამს. მე ხომ ვერ დავრეკავ და ვეტყვი, ხომ არ დაგეხმაროთ-თქო? ყველამ იცის სადაც ვარ და ყველამ იცის ჩემი ტელეფონი.
- ამჟამად რას აკეთებს გია გურული საფრანგეთში?
- ვაგრძელებ სამწვრთნელო განათლების მიღებას და ვნახოთ - ყველაფერს თავის დრო აქვს. საფრანგეთში რომ მწვრთნელის ლიცენზია მიიღო, მთლიანობაში, 7 წელი უნდა ისწავლო. მე ჯერ 4 წელი ვისწავლე და როგორც ხედავთ, ცოტაც დამრჩა.
- რაღაც ეტაპი, რომელიც პროფესიით მუშაობის დაწყების უფლებას გაძლევთ, უკვე გავლილი გაქვთ - თუ იყო კონკრეტული შემოთავაზებები?
- ეს ბოლო პერიოდია გართულდა სამუშაოს მოძებნა. ხანდახან არის რაღაც შემოთავაზებები იგივე რუსეთიდან, უკრაინიდან, მაგრამ უცებ შეიცვლება ხოლმე სიტუაცია.   
- საქართველოში მწვრთნელად მუ¬შაობის ისევ დაწყებაზე თუ გიფიქრიათ?
- უწინარესად მაგას ვფიქრობ. სწავლის პროცესში არაერთხელ მითქვამს საფრანგეთში - ვსწავლობ იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება საქართველოში ჩავიტანო. მე იქ დარჩენას არ ვაპირებ და ბუნებრივია, მინდა იქაური ცოდნა ჩვენს ფეხბურთს მოვახმარო.
ფრიდონ კერვალიშვილი ზესტაფონიდან




 

0.109283