რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტმა, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ”, თურქეთში პირველი შეკრება დაასრულა. ბელეკში ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, 8 ქართველი – ოთარ მარცვალაძე, ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, გოგიტა გოგუა, მათე ვაწაძე, გია გრიგალავა და ლაშა სალუქვაძე ემზადებოდა. რუსეთში დაბრუნებული “ვოლგა” რამდენიმე დღე დაისვენებს, ხოლო 1-ელ თებერვალს, მოსამზადებლად კვლავ თურქეთს მიაშურებს. მანამდე, ნიჟნინოვგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა პირველი შეკრების შედეგები შეაფასა.
- პირველი შეკრებისგან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ძალიან სასიამოვნო. უპირველესყოვლის, ბიჭების საქმისადმი მიდგომით ვარ კმაყოფილი. დაგეგმილი სამუშაო სრულად შევასრულეთ და არც ერთი მოთამაშის მიმართ პრეტენზია არ მაქვს.
- 4 საკონტროლო შეხვედრიდან, “ვოლგამ” სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. თუმცა, მწვრთნელები ცრუმორწმუნეები არიან – შეკრებაზე წარმატება სეზონში კარგის მომტანი არაა. თუ მსგავს რამეს არ ეთანხმებით?
- გარკვეულწილად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, მოგება გახარებს, რადგან გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება, რაც პრემიერლიგის დებიუტანტისთვის აუცილებელია. თუმცა, მწვრთნელებმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურად მოდუნება არ უნდა დავუშვათ. ვფიქრობ, ბიჭებს ყველაფერი კარგად ესმით, შედეგებს სწორად აფასებენ და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
- შეგიძლიათ, დაახასიათოთ ახალწვეულები, რომლებთანაც კონტრაქტები გააფორმეთ?
- ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ დასამალი არაა, რომ ზოგიერთი ზედმეტი წონით ჩამოვიდა. საკუთარი თავის მწყობრში მოსაყვანად, დრო დაკარგეს, რომელიც მომზადების პირველ ეტაპზე მეტად ძვირფასია. მეკარე კერჟაკოვს უდიდესი პოტენციალი ეტყობა. ახალგაზრდა პერსპექტიულ თავდამსხმელს, მათე ვაწაძეს საქართველოს ნაკრებში რეგულარულად იძახებენ და 6 თებერვალსაც გაემგზავრება შეკრებაზე. ქართველი, მაგრამ რუსული პასპორტის მქონე მცველი, გრიგალავა ნიჭიერია, მაგრამ “მოსკვაში” და “როსტოვში” საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. თუმცა, ჩვენთან ის ექნება. მეორე მცველი, უნგრელი გაალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში “ამკარში” ხშირად არ თამაშობდა, მაგრამ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ძლიერად ჩაატარა პირველი წელიწადი პერმში და იმედი გვაქვს, ჩვენთანაც იგივე დონეზე ითამაშებს. გოგუა – ოსტატია, კვალიფიციური ფეხბურთელი, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, “რუბინიდან”, ყველასთვის კარგად ნაცნობი სალუქვაძე, რომელთანაც ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია.
- “ვოლგას” დაკომპლექტებისას, საგრძნობ ქართულ გავლენას რით ახსნით?
- იმით, რომ მსგავსი დონის რუს მოთამაშეებზე ფინანსურად ხელი არ მიგვიწვდება. იმავე პოზიციებზე რამდენიმე პერსპექტიული რუსი ფეხბურთელის კანდიდატურას განვიხილავდით, მაგრამ ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტი ვერ გაწვდა. მე არ ვარ მომხრე გუნდში რომელიმე ერთი, არარუსი ეროვნების დიდი სათვისტომოს ჩამოყალიბების. თუმცა, უპირველესყოვლისა, ქართველები ჩვენს პირობებს სწრაფად ეგუებიან და მეორე, “ვოლგაში” მათი რიცხვი ხუთზე მეტი არ იქნება. მაგალითად, ნავალოვსკისა და საჯაიასთვის ახალ კლუბს ვეძებთ.
- ახალი გუნდის კონტურები უკვე გამოიკვეთა?
- დაახლოებით 50 პროცენტით. მთავარია, რომ ნებისმიერ რგოლში გამოჩნდნენ ლიდერები, რომელთაც გუნდის სახის განსაზღვრა შეუძლიათ. მათ ჯერ ვერ დავასახელებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა