ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ოფიციალურ საიტზე, ომარ თეთრაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ნაკლებადაა საუბარი ტაქტიკურ სქემებზე, არაა მომაბეზრებელი კითხვები და თეთრაძის პიროვნება კარგად ჩანს. “ვოლგას” მთავარი მწვრთნელი ბევრ საინტერესო ამბავზე საუბრობს...
ომარ თეთრაძე: “რუსეთის მოქალაქე ვარ. მართალია, მშობლები თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ ახლა ესენტუკში ცხოვრობენ. წარმოშობით სამი მეოთხედით ბერძენი ვარ. მამით ოსიპოვი, ხოლო თეთრაძე ბაბუის გვარია. მე თეთრაძის გვარი ავიღე, რადგან თბილისის “დინამოში” როდესაც მივედი, გუნდში მხოლოდ ქართულგვარიან ფეხბურთელებს შეეძლოთ თამაში.
ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე: მამა მძღოლი იყო, დედა დამლაგებლად მუშაობდა. ორი უმცროსი ძმა მყავს. 41 წლის ვარ და აქედან, 30 წელი სპორტში ვარ. პროფესიონალური მუშაობისას სხვა ვარ, სახლში მისვლისას კი - ნამდვილ მეოჯახედ გადავიქცევი ხოლმე. ჩემი ოჯახი ახლა თბილისში ცხოვრობს და გულით და სულით მუდამ მათთან ვარ. სამწუხაროდ, მათთვის ნაკლები დრო მრჩება.
... ჩემი ცხოვრება სპორტია და მთავარი თავგადასავლებიც მას უკავშირდება. 1986-2006 წლებში ვთამაშობდი, 1997 წელს, კარიერის პიკისას, იტალიურ “რომასთან” გავაფორმე კონტრაქტი, მაგრამ სამ თვეში რუსეთ-ლუქსემბურგის შეხვედრაში მძიმე ტრავმა მივიღე. მენისკი! ექიმებმა გამოიტანეს ვერდიქტი, რომ ფეხბურთი აღარ უნდა მეთამაშა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო, რადგან იმ დროს თამაშის მეტი არაფერი ვიცოდი. არ დავნებდი, სერიოზულად დავიწყე მკურნალობა, ოჯახისა და მწვრთნელ ბორის იგნატიევის მხარდაჭერა უდიდესი იყო. 1999 წელს, “რომასთან” კონტრაქტი გაწყდა, მერე სამი წელი ვმკურნალობდი და აი, მაინც დავბრუნდი. ბერძნულ პაოკ-თან გავაფორმე ხელშეკრულება, რამდენიმე სეზონი ვითამაშე და რუსეთში წამოვედი კარიერის გასაგრძელებლად.
... მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა დამესრულებინა მოთამაშის კარიერა. უკვე ვიცოდი, რომ მწვრთნელი უნდა გამვხდარიყავი, თუმცა საამისოდ გარკვეულ პრინციპებში ფესვები უნდა შემეცვალა, “რეშკადან” “არიოლზე” უნდა გადავსულიყავი. უნდა დამევიწყებინა, რომ ადრე ფეხბურთელი ვიყავი, რადგან ახლა ფეხბურთელები სხვები იყვნენ, მე კი მათი მასწავლებელი გავხდი. თავიდან ძალიან მიჭირდა. ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მინდოდა, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი, უფრო მკაცრი და მომთხოვნი უნდა გავმხდარიყავი”.
ეს რაც შეეხება მონოლოგს. შემდეგ კი იყო თეთრაძესთან კითხვა-პასუხები:
- თქვენი ლოზუნგი?
- მხოლოდ გამარჯვება! როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაშიც. გამარჯვებულის სული ხასიათს გიკეთებს, თავდაჯერებულს გხდის ადამიანს.
- საყვარელი მუსიკა?
- კლასიკა. რიჩარდ კლაიდერმანი... არ მაქვს დრო, სპეციალურად “ჩავუჯდე” მუსიკას, მაგრამ ყოველთვის ვატარებ დისკებს და სასტუმროში ძილის წინ ვუსმენ. მუსიკა განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. ასევე, ვისოცკის ვუსმენ. მიყვარს ალა პუგაჩოვას ძველი სიმღერები, მაგალითად, «Миллион алых роз». ამბობენ, ამ სიმღერის სიუჟეტში ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ისტორიაა ასახულიო. ის ღარიბი და უნიჭიერესი იყო, შეუყვარდა ქალი, გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა და ამ ფულით ვარდის უამრავი თაიგული უყიდა.
- მამაკაცში რა თვისებებს აფასებთ?
- ლიდერობის უნარი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მინდორზე ლიდერები არიან, მის მიღმა კი – არა. მე ლიდერებს ვუწოდებ მათ, რომლებიც ყოველთვის პირველობას ცდილობენ - ოღონდ, არა თავხედობით.
- და როგორი ქალები მოგწონთ?
- პირველ რიგში, ჭკვიანები. არ ვგულისხმობ მათემატიკურ განათლებას, უბრალოდ, ურთიერთობის უნარი უნდა შეეძლოს ქალს. როცა ქალს შენთან საუბარი შეუძლია და მარტო თვალებით არ მოგხიბლავს... გარეგნულად ულამაზო ქალი არ არსებობს. მე ლამაზი სული მომწონს.
- ჰობი?
- არ მაქვს მაგის დრო. აი, თევზაობისთვის ვერ ვიცლი. სანადიროდ წავედი მეგობრებთან ერთად, მაგრამ როდესაც ტახი მოკლეს, სურვილი გამიქრა... შემეცოდა. ისე კი, ფეხბურთელობის დროსაც კი არ ვიყავი გართობის დიდი მოყვარული. ფეხბურთის ყურება მიყვარს, მაგრამ ეს პროფესიონალური საქმეა. ვნახულობ მეტოქეთა თამაშებს, ანალიზს ვაკეთებ, ფეხბურთელების ძლიერ და სუსტ მხარეებს ვსწავლობ. აი, ჰოკეის ყურება მსიამოვნებს.
- რას ნიშნავს თქვენთვის მწვრთნელობა?
- გუნდი მეორე ოჯახია. თანაც, ესაა ლიდერების ოჯახი. ყველა ფეხბურთელი თვლის, რომ პრემიერლიგაში თამაშისთვის მზადაა. და ეს ასეც უნდა იყოს. მე ტაქტიკურად მიწევს ყველასთვის ახსნა, თუ რა ნაკლი აქვთ. ყველაზე ძნელი ფეხბურთელთან განშორებაა. ამასთან, საყოფაცხოვრებო პრობლემები... ყოველთვის ვეკითხები ფეხბურთელებს, როგორ აქვთ საქმე სახლში, რადგან ეს მათ თამაშსაც ეტყობა. ყველაზე საშინელებაა, როცა ფეხბურთელს შეყვარებული უღალატებს. მორჩა! ეს უკვე სამყაროს დასასრულია! ის იმ პერიოდში ხეირიანად ვერ ითამაშებს.
- ძალების აღდგენას როგორ ახერხებთ?
- ეს აუცილებელი ფაქტორია. ყველას თავისებური მეთოდი აქვს, მე კი მეგობრებს ვხვდები, აბანოში მივდივართ, ბუნებაში ვსეირნობთ.
- თქვენი საყვარელი საჭმელი?
პრეტენზიული არ ვარ. ფეხბურთელობისას დიეტას ვიცავდი, ახლა კი ყველაფერს ვჭამ. ბოლო დროს მსუბუქ საჭმელებზე გადავედი, მაგალითად, სალათი “ცეზარი” მომწონს. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, ნამდვილად ვერ მოვიწონებ თავს... მხოლოდ რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინის დალევის უფლებას ვიტოვებ ხოლმე.
- რამდენად ეკლესიური ხართ?
- მართლმადიდებელი ვარ. ყოველი თამაშის წინ მივდივარ ალექსანდრ ნეველის ტაძარში. საერთოდ, მატჩის დღეს დილიდან ვანთებ სანთლებს ჟენ-მირონოსიცის ეკლესიაში.
- სად გსურთ ცხოვრება?
- ჩემი სამშობლო საბჭოთა კავშირია, ხოლო სახლი – რუსეთი და საქართველო. მე საქართველოში გავიზარდე, იქ მყავს მეგობრები, რუსეთში კი 20 წლის ასაკში წამოვედი და აქ გავხდი პროფესიონალი. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ძალიან მაწუხებს. მე საბჭოთა კავშირში აღვიზარდე და გული მწყდება, რომ ამ დიდ ქვეყანაში ერთად მყოფ რესპუბლიკებს კონფლიქტი აქვთ.
- ისტორიაში და ლიტერატურაში თქვენი საყვარელი პერსონაჟი რომელია?
- მიყვარს “ნათლიმამა”, ბევრი კარგი მასწავლა ამ ფილმმა. მე თვითონ ნათლიმამა მომწონს – მკაცრი, მაგრამ სამართლიანია. მასში რაღაცნაირად ჩემს თავს ვპოულობ.
- ბავშვობის ყველაზე ნათელი შთაბეჭდილება?
- დედას სურდა, რომ მუსიკოსი გამოვსულიყავი. ამიტომაც, მუსიკალურ სტუდიაში აკორდეონზე ვუკრავდი. არ მიყვარდა ეს აკორდეონი და რა მექნა. არადა, მონაცემები მქონდა. ნახევარი წელიწადი გამოვდიოდი სახლიდან, ვითომ მუსიკალურ სკოლაში მივდიოდი და... ავტობუსში ვჯდებოდი და ვსეირნობდი. მახეში გავები! სახლში ერთი და იგივე მუსიკას ვასრულებდი, ხან მასწავლებლის ავადმყოფობას ვიმიზეზებდი, ხან “ახალი არაფერი დაუვალებიათ” და ა. შ. გამიგეს და მაგრადაც მომხვდა. სახლში მოვედი და დამხვდნენ გაბრაზებულნი. მამამ, როგორც კაცი კაცს, მესაუბრა და მკითხა – რა პროფესია მსურდა. რა თქმა უნდა, ვუპასუხე – ფეხბურთი! მამა გულშემატკივარია და გამიგო, მეორე დღეს სამსახური გააცდინა, ყველა საჭირო დოკუმენტი შეკრიბა და საფეხბურთო სკოლა “ავაზაში” მიმიყვანა. სკოლის დირექტორი სახელგანთქმული მიხეილ მესხი გახლდათ. რა გახარებული ვიყავი... საშუალო სკოლა არ მიყვარდა, მხოლოდ ფიზკულტურის გაკვეთილის მოახლოება მიხაროდა.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ინტრიგების. ამას გაუგებრობა მოჰყვება, ძალებს გართმევს და საქმეს ზიანს აყენებს.
- ვის და რას უძღვნით თქვენს ცხოვრებას?
- საყვარელ საქმეში სულს და გულს რომ აქსოვ... რუსეთის ჩემპიონობა მინდა და კიდევ, არასოდეს დავკმაყოფილდე მიღწეულით. აი, “ვოლგა” პრემიერლიგაში გადავიდა, მაგრამ ეს ცოტაა. რაც შეეხება პირადულს – ოჯახი ჩემთვის ყველაფერია და მიზანიც ესაა, უახლოესი ადამიანები კარგად მყავდეს, შვილებს ცოდნა მივცე და ცხოვრება ვასწავლო.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა