ინტერვიუები

9:38 | 10.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “კავკასიელი ვარ და მივეჩვიე, რომ სულ სიმშვიდეში ვერ ვიცხოვრებ”

ნუკრი რევიშვილი–ილია აბაევის კონკურენცია თითქოს დასრულდა, ბოლო ტურებში მახაჩყალის “ანჟის” კარს მუდმივად 23 წლის ქართველი იცავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს დაღესტანში აქებენ და იქაური გამოცემა “სტადიონი” წერს, როგორც იქნა, გუნდს გამოკვეთილი პირველი ნომერი ჰყავსო. იგივე უნდა ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც – წლეულს ნუკრი მყარად გახდა “ჯვაროსნების” მთავარმეკარე.
“სტადიონის” მეშვეობით, რევიშვილს “ანჟის” გულშემატკივრებმა (“დიკაია დივიზია”, ანუ “ველური დივიზია” – ასე ეძახიან) კითხვები დაუსვეს. საინტერესო კითხვა-პასუხებია, რომელიც ქართულ ფეხბურთს და მთლიანად, საქართველოსაც ეხება.
- საქართველოში ყველას ფორვარდობა სურს, უარეს შემთხვევაში კი – მცველობა. ოღონდ, მეკარეობა არა... შენ როგორ გახდი მეკარე?
 - თანატოლებში სიმაღლით გამოვირჩეოდი, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ჩემმა პირველმა მწვრთნელმა თემურ ნადირაძემ კარში დამაყენა. პრინციპში, არც ვიყავი წინააღმდეგი. მშობლები ჩემს გატაცებას სერიოზულად არ უყურებდნენ და მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ჩემს ფეხბურთელობაში, როცა 16 წლის ვიყავი და ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ გუნდში მოვხვდი. და როცა სახლში პირველი ხელფასი მივიტანე, მშობლები იმასაც კი შეეჩვივნენ, რომ სკოლაში სწავლა მივატოვე. ბაბუას ძალიან სჯეროდა ჩემი, ის ჩემი ყველაზე დიდი ქომაგია. თავის დროზე, სწორედ ბაბუამ მიმიყვანა “ტორპედოში”, თუმცა მამაჩემმაც თქვა ერთხელ, ჩემმა შვილმა საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოსო. ქუთაისში ამაზე იცინოდნენ, მაგრამ როცა 17 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, სასაცილო უკვე აღარაფერი იყო. 18 წლის ვიყავი, როცა ქვეყნის მთავარ ნაკრებში დებიუტი მქონდა (2005 წელს საბერძნეთთან სტუმრად 0:1). წავაგეთ, მაგრამ ცუდად არ მითამაშია და ყაზანის “რუბინმაც” სწორედ ამ მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება.
- სხვათა შორის, ნაკრებში ბოლო მატჩებიც კარგი გამოგივიდა.
- დიახ. როგორც იქნა, ჩემს სამშობლოში ნაკრების წარუმატებლობა მეკარეს აღარ ბრალდება (იცინის). რამდენიმე წლის წინ, საუბარი იყო საქართველოს ნაკრებში გერმანელი მეკარის ნატურალიზებაზე. ამის მოსმენა ძალიან მწყინდა. ახლა, ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ, რომ მენდო. მეც ვიგრძენი ეს და დამაჯერებლად ვთამაშობ. არა მარტო მე, ნაკრების ფეხბურთელები ასე ვართ. საქართველოს ნაკრების დაცვა გაცილებით ძლიერად ათამაშდა და ძალიან ცოტა გოლს რომ ვუშვებთ, ამ ხაზის დიდი დამსახურებაცაა.
- “ანჟიში” იმიტომაც ხომ არ გადმოხვედით, რომ თქვენი თანამემამულეები დაგხვდებოდნენ?
- რა თქმა უნდა. ალბათ, “ანჟის” სპორტულ დირექტოტ მამუკა ჯუღელს იცნობთ. ის არა მარტო ჩემი აგენტი, მეგობარიცაა. მისი რჩევით გადმოვედი “ანჟიში”. “რუბინის” თავკაც ყურბან ბერდიევის თანაშემწე ვიტალი კაფანოვი მელაპარაკა, შენი შენარჩუნება გვინდაო, თავად ბერდიევსაც სურდა, მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი – არ მინდოდა, მთელი სათამაშო დრო სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა.
- “რუბინის” მეკარე სერგეი რიჟიკოვსაც ჰკითხე აზრი “ანჟიში” გადმოსვლაზე?
- დიახ. რიჟიკოვმა კარგად დამიხასიათა “ანჟი” და დაღესტანი, ერთადერთი ნეგატიური მომენტი ის იყო, რომ რეგიონში სიმშვიდე არაა. მაგრამ მე თვითონ კავკასიელი ვარ, მივეჩვიე, რომ ყოველთვის მშვიდ გარემოში ვერ ვიცხოვრებ. საქართველოშიც სროლები იყო რამდენიმე წლის წინ, სიტუაცია მხოლოდ ახლახანს დალაგდა. ვფიქრობ, მალე დაღესტანშიც სიმშვიდე იქნება.
- ყაზანში დაბრუნების სურვილი არ გაქვთ?
- ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ მირჩევნია, საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდე, ვიდრე სადმე მუდმივად სათადარიგო ვიყო.
- რომელ სტადიონზე უფრო კარგი ატმოსფეროა – ყაზანის, თუ მახაჩყალის?
- მახაჩყალაში. ყაზანში ანშლაგი მხოლოდ ერთხელ, “ბარსელონასთან” თამაშისას ვნახე. ისე კი, “რუბინი” რუსეთის ტოპ-კლუბებს როცა მასპინძლობს, მაშინაც კი 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი არ გროვდება ტრიბუნებზე. და თუ ფეხბურთის დროს ყაზანის ჰოკეის კლუბი “აკ ბარსი” თამაშობდა, “რუბინის” თამაშებზე მაყურებელს იშვიათად ნახავდით, ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. მახაჩყალაში სულ სხვა სიტუაციაა, აქ უყვართ ფეხბურთი.
- ვინ უნდა იდგეს “ანჟის” კარი – შენ, თუ აბაევი? რაშია შენი უპირატესობა და რაში – აბაევის?
- ჩვენ მეგობრები ვართ. კარგი იქნებოდა, ორივენი პირველი მეკარეები ვიყოთ. მე თუ მკითხავთ, ილიას გამოკვეთილი სამეკარეო მინუსი არ აქვს, ხოლო ჩემი ძლიერი მხარეები გულშემატკივრებმა შეაფასონ.
- არ ფიქრობ, რომ შენი სუსტი მხარე გამოსვლებზე თამაშია?
- არ გეთანხმებით. უბრალოდ, “რუბინში” მწვრთნელები სჯიდნენ მეკარეს, თუ გამოსვლაზე კონტროლს დაკარგავდა და 100 პროცენტით არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ბურთს აიღებდა. ეს, თავისთავად, რისკია. მეც ისეთ დროს გამოვდივარ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ბურთი ჩემი გახდება. საქმე კიდევ ისაა, რომ “რუბინში” მაღალი მცველები იყვნენ და ჩაწოდებების უმეტესობას ისინი იგებდნენ. ამიტომაც, მწვრთნელები მე და რიჟიკოვს გამოსვლაზე აქტიურ თამაშს არ გვავალებდნენ.   
- ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები, რომელშიც გითამაშია.
- ოქტომბერში გამართული საქართველო – მალტა. შინ ვთამაშობდით, თითქმის 60 000 მაყურებელი იყო სტადიონზე, 90 წუთი ვუტევდით და გოლი ვერ გაგვქონდა. კარში ვერ ვისვენებდი, ძალიან ვნერვიულობდი. მადლობა ღმერთს, დათო სირაძემ 92-ე წუთზე გაიტანა და მოვიგეთ. ალბათ, ასე არცერთი გოლი არ გამხარებია. ასევე გამოვყოფდი ყაზანში გამართულ “რუბინი” – “ანჟის”, რომელიც 0:0 დასრულდა. ყოფილ გუნდთან წარმატებით თამაში ძალიან გამიხარდა, გოლი არ გავუშვი. თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს “რუბინზე” ნაწყენი ვიყო.
- “ანჟიში” რომელიმე გოლის გაშვებას, საკუთარ თავს აბრალებთ?
- რა თქმა უნდა, იყო ასეთი (იცინის). “ზენიტთან” სტუმრად. ან უნდა დამეჭირა ბურთი, ან შორს უნდა მომეგერიებინა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ვერც ერთი გავაკეთე და ვერც მეორე, წინ დამივარდა ბურთი. ორი დღე ვერ დავიძინე ნერვიულობისგან. მოსკოვის “დინამოსთან” მესამე გაშვებული გოლიც ჩემი ბრალი იყო, ჯარიმა გამიტანეს. მეკარემ “საკუთარ კუთხეში” არ უნდა გაუშვას.
- ყველაზე დასამახსოვრებელი “სეივი”?
- ისევ საქართველო–მალტა... ბოლო წუთებზე მალტელი პირისპირ დარჩა ჩემთან და ფეხით მოვიგერიე დარტყმული. ეს როგორ მოვახერხე, დღესაც ვერ ვხვდები. რამდენიმე წუთში კი სირაძემ გაიტანა. ასე რომ, ჩემი მოგერიებული ბურთი გადამწყვეტი, საკვანძო მომენტი გამოდგა.
- ბავშვობაში შენი კერპები ვინ იყვნენ?
- პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი ძალიან მომწონდნენ. საუკეთესო სამეკარეო სკოლა კი გერმანიას აქვს.
- რას ნიშნავს შენთვის ანზორ კავაზაშვილის სახელი?
- სამწუხაროდ, მისი თამაში არ მინახავს. ამბობენ, დიდი მეკარე იყოო. ადრე, საქართველოში მართლაც კარგი სამეკარეო სკოლა იყო, ახლა კი ცუდადაა საქმე, საქართველოში კარგი გოლკიპერების დეფიციტია. სხვათა შორის, “ტორპედოში” ერთხანს ოთარ გაბელია გვწვრთნიდა, მასთან ახლაც ხშირად ვკონტაქტობ. გაბელიას რჩევები ფასეულია ჩემთვის.
- სახელოვანი თბილისის “დინამოს” მატჩები გინახავს? კიდევ არიან საქართველოში დიდი ფეხბურთელები? ქართული საფეხბურთო სკოლა შენარჩუნებულია?
- საქართველოში ყოველ 13 მაისს აჩვენებენ თასების თასის ცნობილ ფინალს. რა თქმა უნდა, მაშინ დიდი ფეხბურთელები გვყავდა და დღეს ისეთები არ არიან. თუმცა, საქართველო ყოველთვის იყო ტალანტების ქვეყანა და ახლანდელ თაობაშიც ბევრი კარგი მოთამაშეა. ამ ბიჭების საქართველოს ჩემპიონატში განვითარება შეუძლებელია, ამიტომაც, ბევრნი ადრეულ ასაკში მიდიან საზღვარგარეთ. ქართული საფეხბურთო სკოლა ცოცხალია, უბრალოდ, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რათა ტალანტებს საკუთარ ქვეყანაში განვითარების საშუალება ჰქონდეთ და საზღვარგარეთ, თანაც დაბალი დონის ჩემპიონატებში არ ეძებონ ბედი.
- რატომ ვერ აჩვენებს საქართველოს ნაკრები იმ შედეგს, რა დონის ფეხბურთელებიც ჰყავს? ერთიანობა აკლია? თუ მიზეზი მწვრთნელებშია?
- ეს საკითხი საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესია, ხშირად საუბრობენ და კამათობენ. აი, ბოლო წლებში პირველად არის ნაკრებში ერთიანობა და ვფიქრობ, ეს პოზიტივი ქეცბაიასგან მოდის. შედეგიც მოვიდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობა ისეთი ძლიერი ვეღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო – როცა თავიანთ კლუბებში ბრწყინავდნენ კახა კალაძე და შოთა არველაძე. ადრე, შესარჩევის 4 მატჩის შემდეგ უკვე უშანსოდ ვიყავით, ახლა კი ასე არაა. აშკარა პროგრესია.
- მამუკა ჯუღელი რატომ არაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი?
- ის დიდი ხანია, ნაკრების მწვრთნელია (იცინის). ვხუმრობ. ისე, ქეცბაიას და ჯუღელს კარგი ურთიერთობა აქვთ. მამუკას მეშვეობით, ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიკიდა ფეხი საზღვარგარეთის კლუბში. მაგალითად, რუსეთში მოთამაშე ქართველების უმეტესობა მისი კლიენტია. ჯუღელს სხვადასხვაგვარად უყურებენ, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ის არა მარტო აგენტი, მეგობარიცაა. ის გულწრფელია, არასოდეს გვატყუებს და არ გვპირდება იმას, რისი გაკეთებაც არარეალურია. უამრავი მაგალითია, როცა აგენტი ფეხბურთელს ბევრს ჰპირდება, მაგრამ არაფერს აკეთებს.
- კარიერაში გქონია შემთხვევები, როცა მატჩის წაგება შემოუთავაზებიათ? და როგორ ფიქრობ, რუსულ პრემიერლიგაში ჩაწყობილი თამაშები არის?
- მადლობა ღმერთს, ჩემთვის ასეთი რამ არავის შემოუთავაზებია და არც აქვს აზრი – რომც შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. ვფიქრობ, ჩემი რეპუტაცია არავის აძლევს იმის საბაბს, რომ ამგვარი წინადადებით მომმართოს. და რაც შეეხება მეორე კითხვას, ძნელია პასუხის გაცემა. რადგან ჩაწყობებზე ამდენს ლაპარაკობენ, ესე იგი, რაღაც ასეთებს აქვს ადგილი.  
- გავიგეთ, მახაჩყალის ერთ-ერთ მაღაზიაში, ერთბაშად 10 წყვილი ხელთათმანი გიყიდიათ. ყოველ თამაშზე ახალი გაცვიათ?
- ფეხბურთელისთვის ეკიპირების მთავარი ელემენტი ბუცია, მეკარისთვის კი – ბუციც და ხელთათმანიც. ყოველკვირეულად ვიცვლი ხელთათმანებს, რადგან ცვდება და ბურთის დამორჩილებისას ისეთი ეფექტური ვეღარაა.
- იდეალური მეკარე როგორ გესახებათ?
- იდეალი? ყველა ბურთი უნდა აიღოს. და აზრი არ აქვს, ამას ლამაზი ნახტომით მოახერხებს თუ არა – მთავარია, კარი შეინახოს. მეკარეს, როგორც სხვა არვის, ისე სჭირდება ფსიქოლოგიური მდგრადობა და ცივი გონება.
- კოლუმბიელი რენე იგუიტას “მორიელის სეივს” შეასრულებდი?
- მხოლოდ მაშინ, როცა “დიკაია დივიზიას” შევუყვარდები. ახლა ამგვარ ფოკუსს არ მაპატიებენ (იცინის).
- რას გააკეთებ კარიერის დასასრულის შემდეგ? მახაჩყალაში ქართული რესტორნის გახსნაზე არ გიფიქრია?
- უახლოესი გეგმები მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება. ბიზნესში საერთოდ ვერ ვხედავ საკუთარ თავს. მაგრამ თუ მახაჩყალაში დიდხანს დავრჩები, რატომაც არა... შესაძლოა, ვიფიქრო ასეთი რესტორნის გახსნაზე. მაგრამ ახლა არა...
- დაოჯახებული ხარ?
- სამწელიწადნახევარია, რაც მეუღლე მყავს. ჩემი გოგონა წლის და ათი თვისაა. ჯერ ძალიან პატარაა და მისი აქ გადმოყვანა ვერ გავრისკე.
- თოვლის ბაბუის რომ გჯეროდეთ, ახალ წელს რა სურვილს “შეუკვეთავდით”?
- ვაჟიშვილის შეძენას.  


მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

0.127543