ევრობასკეტ-2011-ზე საქართველოს ნაკრების წარმატებით გამოსვლის შემდეგ, ქვეყანაში კალათბურთისადმი ინტერესი ერთიორად გაიზარდა. შედეგად, სუპერლიგის მონაწილე გუნდების უმეტესობა ლეგიონერებით გაძლიერდა, მაგრამ – არა ყველა. საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის 8 გუნდს შორის, თსუ ერთადერთი იყო, რომელმაც სეზონი ლეგიონერთა გარეშე ჩაატარა, საბოლოოდ კი, “სტუდენტებმა” XXI ეროვნული ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულეს.
“მსოფლიო სპორტი” ნუგზარ ჭეიშვილს ესაუბრა, რომელიც 2011-12 წლების სეზონში თსუ-ს ხელმძღვანელობდა.
- როგორ აფასებთ სუპერლიგაში თსუ-ს გამოსვლას?
- რა თქმა უნდა, წარუმატებლად ვაფასებ.
- თსუ ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი იყო, რომელმაც ეს სეზონი ლეგიონერთა გარეშე ჩაატარა. ეს ხომ არ იყო წარუმატებლად გამოსვლის მიზეზი?
- 2010-11 წლების სეზონიც ლეგიონერის გარეშე ვითამაშეთ, მაგრამ ფინალში გავედით და მე-2 ადგილი დავიკავეთ. თსუ-ს წარუმატებლად თამაშის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილება იყო.
- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
- ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, პირველი წრის შემდეგ გუნდიდან 4 გამოცდილი კალათბურთელი (დავით ბერიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, ზურაბ კორკოტაძე) გაუშვა. სეზონის ბოლოს, გუნდი სხვადასხვა მიზეზით, მძიმე ფორვარდმა - თორნიკე ნინიაშვილმაც დატოვა. მათ ნაცვლად, ვასილ ბერუაშვილი (სტუ) და ბექა ჩიკვილაძე (თსსუ) დავიმატეთ. ამ უკანასკნელს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თავის ყოფილ გუნდთან თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამით შეიძლება აიხსნას, რომ თსსუ-თან მე-7 ადგილისთვის ბრძოლა წავაგეთ.
- თსუ-თან რამდენწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ?
- კონტრაქტი თსუ-თან უკვე დამიმთავრდა, მაგრამ გაგრძელებას აღარ ვაპირებ.
- რატომ, მიდიხართ?
- წასვლა არავის უთქვამს, მაგრამ თავადვე ვარ უკმაყოფილო ნაჩვენები შედეგით (მე-8 ადგილი) და ამიტომ არ მსურს კონტრაქტის გაგრძელება.
- რომელ გუნდში აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- მინიმუმ, სამმა სუპერლიგის გუნდმა გამოთქვა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არ ვჩქარობ. ჯერ დავისვენებ და შემდეგ ავირჩევ ჩემთვის სასურველ გუნდს.
- თქვენთან თანამშრომლობით რომელი გუნდები დაინტერესდნენ?
- მათი დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ.
- ახალ გუნდში მუშაობის დაწყების შემდეგ, თსუ-დან ზემოხსენებულ გაშვებულ კალათბურთელებს (ბერიშვილი, მარკოიშვილი, ფანჩულიძე, კორკოტაძე) თუ აიყვანთ?
- თუ ფორმაში იქნებიან, რა თქმა უნდა, ავიყვან.
- მთლიანობაში რა აზრის ხართ XXI ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელშიც, წინა წლებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი ლეგიონერი მონაწილეობდა?
- მთლიანობაში, წინა წლებისგან განსხვავებით, ჩემპიონატის დონემ მოიმატა და უფრო სანახაობრივი გახდა, მაგრამ არ ვეთანხმები მე-2 წრის დაწყების შემდეგ, სუპერლიგის გუნდის მიერ ახალი კალათბურთელების დამატებას. ვისაც ახალი კალათბურთელის დამატება სურს, ეს მე-2 წრის დაწყებამდე უნდა მოაგვაროს.
როლანდ ლაბუჩიძე