ინტერვიუები

9:24 | 1.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “ვიცოდი, რომ თემურ ქეცბაიას მოვწონდი”

როდესაც თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, სიაში ყველაზე მოულოდნელი, ნიკა კვეკვესკირის გამოჩენა იყო. ზუგდიდის “ბაიას” 18 წლის მარჯვენა მცველმა, ოთარ გაბელიას გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი მატჩები ჩაატარა, სომხეთში მოგებულ შეხვედრაში (3:2) ლამაზი გოლიც შეაგდო და ეტყობა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ ისე შეასხა ფრთები, რომ უმალ ზუგდიდის “ბაიასთვისაც” გაიტანა – თანაც, ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი.  
ისე კი, კითხვა ყოველთვის ჩნდება: ნაადრევი ხომ არ არის კვეკვესკირის ასე დაწინაურება? მაგრამ ქეცბაია ჭაბუკების ნდობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, აშკარად ჩანს, რომ გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს და რადგან 18 წლის ბიჭი გამოიძახა, ესე იგი, რაღაც განსაკუთრებული შეამჩნია.  
“მსოფლიო სპორტი” კვეკვესკირს დაუკავშირდა.
- რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც ეროვნული ნაკრებიდან გამოძახების შესახებ გაიგე?
- ძალიან გამიხარდა. ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და არც მე ვარ გამონაკლისი. ვიცოდი, რომ თემურ ქეცბაიას ჩემს მიმართ სიმპათიები ჰქონდა, მაგრამ მაინცდამაინც ახლა ველოდი გამოძახებას-მეთქი, ვერ ვიტყვი.
- სიხარულის გარდა, დიდი პასუხისმგებლობაცაა...
- ამხანაგური მატჩიც რომ იყოს, უდიდესი პასუხისმგებლობაა ნაკრებში თამაში. რადგან მენდნენ, უნდა გავამართლო.
- ნაკრებებამდე რა გზა გაიარე, მოკლედ გვითხარი.
- “ბაიას” გაზრდილი ვარ, სხვაგან არც ვყოფილვარ. ყველა ასაკობრივი ნაკრები გავიარე.
- 21-წლამდელთა ნაკრების განვლილ შესარჩევ ციკლზე რას იტყვინ - რეალურად შეგეძლოთ ფლეი-ოფში მოხვედრა?
- ვფიქრობ, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ. პერსპექტიული ფეხბურთელები ვიყავით გუნდში და დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭებიდან კიდევ ბევრი მოხვდება ეროვნულ ნაკრებში. ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაც ვიყავით, უბრალოდ, შესაძლოა, გამოუცდელობამ დაგვაღალატა.
- 4 წლით დიდებთან გიწევდა თამაში. ძალიან ძნელია?
- 15-16 წლის ვიყავი, როცა უკვე მიწევდა უფროსების წინაამღდეგ თამაში. უკვე შევეჩვიე. თავიდან გამიჭირდა, შესარჩევში ირლანდიასთან ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ წლევანდელ მატჩებში ეს აღარ მიგრძვნია.
- 21-წლამდელთა კიდევ ორ შესარჩევ ციკლში შეგიძლია თამაში.
- დიახ. და იქ, გამოუცდელობის პრობლემა აღარ მექნება.
- მარჯვენა მცველად თამაშობ, თუმცა გვახსოვს, ირლანდიასთან ნახევარმცველად დაგაყენეს.
- ხშირად შემიცვლია ამპლუა. თავიდან ცენტრალური მცველიც ვიყავი. მწვრთნელებიც აღნიშნავენ, რომ უნივერსალური ფეხბურთელის თვისებები მაქვს.
- შენ რომელ პოზიციაზე გირჩევნია?
- შეიძლება ითქვას, სულერთია. მთავარია, მწვრთნელი სად თვლის საჭიროდ.
- შენს გუშინწინდელ გოლს როგორ აღწერ?
- 30-35 მეტრიდან დავარტყი და კარგი გოლი გამოვიდა. დავინახე, რომ “კოლხეთის” მეკარეს არასწორი პოზიცია ეკავა და დარტყმა გავრისკე. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გოლი იყო, 10 წუთი იყო დარჩენილი და ამ გატანილით მოვიგეთ.
- რამდენადაც ვიცით, ეს შენი პირველი გოლია უმაღლეს ლიგაში.
- უმაღლეს ლიგაში პირველია. ისე, საქართველოს თასზე 3 გოლი მაქვს გატანილი.
- როგორ ფიქრობ, “ბაია” უმაღლესი ლიგის მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს? ანუ, მიზანი რა არის?
- ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით. “ზესტაფონთან” გამარჯვებაც იმის ნიშანია, რომ საქართველოში ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. შინ ერთი მატჩიც არ წაგვიგია და იმედია, სტუმრადაც კარგ შედეგებს ვაჩვენებთ.   

 

ილია ნანობაშვილი
 

0.166323