ქუთაისის პარკოტელი “იმერში” მიმდინარეობს საჭადრაკო აკადემიის რიგით მეოთხე სესია-შეკრება, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი მოზარდები მონაწილეობენ.
7 ნოემბერს სლოვენიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი და ქუთაისში მიმდინარე შეკრება ნორჩი მოჭადრაკეებისათვის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, სესიაზე იმყოფებიან: მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი მერი არაბიძე, ევროპის წლევანდელი პრიზიორი თანატოლებს შორის გიორგი სიბაშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები: ირაკლი ბერაძე, გიგლა ბენიძე, ნოე თუთისანი, ირაკლი ახვლედიანი, ნატალია იმნაძე, ანა შამათავა, ნინო ხომერიკი, ნინო დახუნდარიძე, ლილე ქორიძე...
ნაკრების შეკრებას საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა უძღვება საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ალექსანდრე არსენიძესთან ერთად.
სასტუმროს ტერიტორიაზე განლაგებულია მრავალწლოვანი, მარადმწვანე ნარგავები, დეკორატიული მცენარეები, ხელოვნური ტბები, რომლებიც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნიან და განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა მეცადინეობის შემდეგ.