საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავს: ლუკა კურტანიძე და თამაზ (გეგა) გეგეშიძე. საპრეზიდენტო განაცხადების მისაღებად დაწესებული ვადა დღეს, 18 საათზე ამოიწურა.
“კურტანიძისა და გეგეშიძის გარდა პრეზიდენტობის სურვილი არავის გამოუთქვამს. სამაგიეროდ გამოჩნდნენ ვიცე-პრეზიდენტობის ახალი კანდიდატები. მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ კი თანამდებობის შესანარჩუნებლად ბრძოლა გადაიფიქრა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ვაჟი იყრის კენჭს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ამავე დროს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ ყაზარაშვილმა.
მისივე ცნობით, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქვოტით კენჭს ბაკურ გოგიტიძეც იყრის, თავისუფალი ქვოტით: დავით დუგლაძე და დიმიტრი გელაშვილი, ხოლო სათათბიროს ქვოტით განაცხადი ერთადერთმა კანდიდატმა – მანუჩარ ცხადაიამ შეავსო და მას სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტობა განაღდებული აქვს.
ფედერაციის ახალ თავკაცს სულ ოთხი თანაშემწე ეყოლება. სამივე ქვოტის თითო წარმომადგენელს ერთ ვიცეპრეზიდენტს ახლადარჩეული პრეზიდენტი საკუთარი სურვილით დაამატებს, რა თქმა უნდა, პრეზიდიუმთან შეთანხმებით.
კენჭისყრით გაირკვევა გენერალური მდივნის ვინაობაც. ამჟამინდელ გენმდივანს, მალხაზ ჯორბენაძეს ერთი კონკურენტი ჰყავს – ვეტერანი მოჭიდავის, შოთა ლომიძის ვაჟი, გიორგი ლომიძე.
ჭიდაობის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 16 საათზე დაიწყება, ოღონდ საკითხავია, როგორ უნდა დაიტიოს 70-კაცზე გათვლილმა სააქტო დარბაზმა 110 დელეგატი.
ოთარ მაღლაკელიძე