ინტერვიუები

11:02 | 2.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მორატი ბენიტესით კმაყოფილია

მილანის “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მარატი, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია და გაზეთებში გავრცელებულ მის კრიტიკას ყურად არ იღებს.
მორატი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანულ “ვერდერთან” 4:0 გამარჯვებამაც გაახარა, თუმცა, მისთვის მთავარი სამი ქულის აღება იყო და არა დიდი ანგარიშით გამარჯვება. მთლიანობაში, ის მიიჩნევს, რომ გუნდმა უკეთესი ფეხბურთი სხვა შეხვედრებშიც აჩვენა. ამასთან, მორატი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კოუტინიო და ბიაბიანი, მომავალში “ინტერის” წარმატების გარანტი იქნებიან.  

-    ბატონო მასიმო, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერის” პირველი საშინაო შეხვედრის ხილვის შემდეგ?
-    სიმართლე გითხრათ, ნანახმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. “ინტერის” თამაში ძალიან მომეწონა.
-    ანუ, თქვენ მათგან ასეთ თამაშს არ ელოდით?
-    თამაშის ხარისხზე მეტად, შედეგზე ვფიქრობდი, რადგანაც სამი ქულის აღება და ჩვენს ჯგუფში კარგი მდგომარეობის შექმნა, სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო.
-    მიმდინარე სეზონში, ეს “ინტერის” საუკეთესო თამაში იყო?
-    ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ძნელია. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, თუ მოწინააღმდეგე როგორ ითამაშებს. მიმდინარე შემოდგომაზე სხვა კარგი თამაშებიც ჩავატარეთ.
-    “ინტერის” ახალგაზრდა ფეხბურთელების - ფილიპ კოუტინიოსა და ჯონათან ბიაბიანის თამაშით თუ ხართ კმაყოფილი?
-    მათ სერიოზული განაცხადი გააკეთეს. სწორედ ამ ბიჭების კისერზე იქნება ჩვენი გუნდის მომავალი.
-    მოცემულ ეტაპზე, ისინი თუ არიან მზად იმისათვის, რომ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ითამაშონ?
-    ისინი ისედაც აქტიურად არიან ჩართულნი გუნდის თამაშებში, ხოლო მუდმივად გამოვლენ თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას მწვრთნელი გადაწყვიტავს. ვფიქრობ, მათ მოსამატებლად დრო ჭირდებათ, მომატება კი, მართლაც შეუძლიათ.
-    პრესა რაფაელ ბენიტესს უკვე აკრიტიკებს, ეთანხმებით მათ მოსაზრებას?
-    არ ვაპირებ იმის სერიოზულად აღქმას, რასაც პრესა “ინტერზე” სეზონის საწყის ეტაპზე წერს. ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, თამაშში რაღაც იცვლება. მთლიანობაში, შედეგით სრულიოად კმაყოფილი ვარ.
-    რა აზრის ხართ ბენიტესის იმ გამონათქვამზე, რომ “ინტერის” ხელმძღვანელობა ბევრად უფრო პროფესიონალურად ერკვევა ფეხბურთში, ვიდრე “ლივერპულისა”?
-    ასეთია ბენიტესის მოსაზრება. მე ეს სიტყვები მოვისმინე და ვიმედოვნებ, რომ ბენიტესი მართალია.
-    ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, “ინტერი” კაკას შეძენას აპირებს. სწორია ეს ინფორმაცია?
-    ჩვენ არაერთი ფეხბურთელის შეძენით ვართ დაინტერესებული. კაკა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ახლა არ თამაშობს და ასეთი საუბარი აზრს კარგავს. მსგავსი ჭორები საკმარისზე მეტია.
-    ცოტა ხნის წინ, სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ ლეო მესის მხარდამხარ თამაშს ისურვებდა. მზად ხართ ასეთი შენაძენის გასაკეთებლად?
-    არგენტინელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელია და რაღა თქმა უნდა, საკუთარ განკარგულებაში ასეთი იარაღის ქონას, ნებისმიერი გუნდი ისურვებდა. არა მგონია, რომ მისი შეძენა რეალურად იყოს შესაძლებელი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ჩვენი თავდასხმის ხაზი ბრწყინვალედაა დაკომპლექტებული.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

 

0.12429