ფრანგული “მონაკო” ლონდონის “ჩელსის” სერბი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის შეძენითაა დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მოახლოებულ ზაფხულში, “მონაკო” სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი იქნება. მომდევნო სეზონიდან ლიგა ერთში მოთამაშე გუნდმა “პორტუდან” ჟოაუ მოუტინიო და ჯეიმს როდრიგესი უკვე შეიძინეს. ფრანგული კლუბის სახელს კიდევ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. ერთ-ერთი მათგანი ევროპის ლიგის ფინალის გმირი ბრანისლავ ივანოვიჩი.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, ფრანგები მზად არიან 29 წლის სერბ უკანახაზელში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. სავარაუდოდ, ტრანსფერის განხორციელებას ხელს ჟოზე მოურინიო შეუშლის. პორტუგალიელის “ჩელსიში” დაბრუნებას გაოფიციალურებაღა აკლია და ცნობილია, რომ ის ივანოვიჩზე იმედებს ამყარებს. გავრცელებული ინფორმაციით, “განსაკუთრებულს” სერბი ფეხბურთელის “რეალში” მიწვევაც სურდა.