ჭიდაობა

18:25 | 25.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები სიახლეებზე ალაპარაკდნენ

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი სავარაუდოდ შეცვლილი წესებითა და წონითი კატეგორიებით გაიმართება. ნოემბრის შუა რიცხვებში ბულგარეთში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი უნდა გაიმართოს და საჭიდაო წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ბევრი რამ შეიცვლება.
“ამაზე ჯერ დაზუსტებით ვერავინ საუბრობს, მაგრამ ჩვენც შევიტყვეთ უცხოელი კოლეგებისგან, რომ ნოემბრიდან საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს პირველობას ვატარებთ და ფილაში წერილი გავაგზავნეთ, თუ ცვლილებები იგეგმება, კონგრესამდე გვაცნობონ, შიდა პირველობას რომ მომზადებულები შევხვდეთ და მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი გეგმა არ აგვერიოს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
დეტალებზე ოფიციალურად ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომელთა თანახმადაც საჭიდაო პერიოდისთვის განკუთვნილი დრო 3 წუთამდე უნდა გაიზარდოს, გამარჯვებული კი მესამე პერიოდის დანიშვნის გარეშე, საერთო ქულების დათვლით გამოვლინდება.
რაც შეეხება წონით კატეგორიებს, სავარაუდოდ კაცებში 7-ის ნაცვლად ახალი 6 წონა დამტკიცდება, რაც ქალთა ჭიდაობის ოლიმპიურ პერსპექტივას შეუწყობს ხელს. მართალია, ქალებში 6 წონითი კატეგორიაა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე მედლების მხოლოდ 4 კომპლექტი თამაშდებოდა. კონგრესის გადაწყვეტილება კი ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში წონით კატეგორიებს გაათანაბრებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.149294