ჭადრაკი

1:18 | 7.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

მედლების შანსი დაიკარგა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სტამბულში მიმდინარე ოლიმპიადის გასული 2 ტური მოგების გარეშე განვლო და საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგა. მე-3 რეიტინგის მქონე საქართველოს ნაკრები მე-8 ტურში სერბეთს (19) დაუზავდა, მეცხრეში კი აზერბაიჯანელებთან (27) 1.5:2.5 დამარცხდა და 11 ქულით 24-ე პოზიციამდე დაქვეითდა.
აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში გადამწყვეტი ბელა ხოტენაშვილის (2509) მარცხი აღმოჩნდა, რომელმაც პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძის (2547) ადგილი დაიკავა, თუმცა, თეთრი ფიგურებით ზეინაბ მამედიაროვასთან (2285) წააგო.
მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკეები 28-ე განთესვის მქონე ვიეტნამს გაეჯიბრებიან, რომლის აქტივშიც ასევე 11 ქულაა. ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა ჩინეთის ნაკრები, რომელიც 16 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეზე კი 15 ქულით რუსეთია.
მე-9 ტურში ინდოეთთან ყაიმის შემდეგ 12 ქულა მოაგროვა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელსაც ოლიმპიადაზე 26-ე განთესვა გააჩნია, ამჟამად კი, მე-18 ადგილზეა. 15-15 ქულით ტურნირს ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი და აშშ ლიდერობენ. მომდევნო ტურში საქართველო ისრაელს ეთამაშება.

0.104255