ინტერვიუები

11:10 | 4.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: "მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც "მილანის" პოტენციალს ვერ ხედავენ"

“მილანმა” გუშინწინ პარმაში მშვენივრად ითამაშა – “როსონერიმ” ერთ დროს უეფას თასის მფლობელი მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრა და რომ არა რამდენიმე გამოუყენებელი ხელსაყრელი მომენტი, კიდევ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოიგებდა. მილანელთა 43 წლის დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი “პარმას” ძლევით, ცხადია, კმაყოფილი დარჩა და როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასულ შაბათს “მილანმა” ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა.
- შაბათს ჩატარებული მატჩების შემდეგ “მილანი” სერია A-ს გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სადღეისო მდგომარეობით და კერძოდ, “პარმასთან” ჩატარებული შეხვედრით?
- ლიდერობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო კია, “მილანმა” საშაბათო დაპირისპირების შემდეგ პირველ საფეხურზე რომ გადაინაცვლა. ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ, განსაკუთრებით კი თამაშის ხარისხმა გამახარა. მხოლოდ მეორე ტაიმის მცირე მონაკვეთში მოვდუნდით, მთლიანობაში კი ჩემი ბიჭები სოლიდურად გამოიყურებოდნენ. მთლიანად გუნდმა მშვენივრად იასპარეზა. რონალდინიო და რობინიო მშვენივრად ურთიერთქმედებდნენ იბრაჰიმოვიჩთან, ჩვეულ მაღალ დონეზე იპაექრა კლარენს ზეედორფმა. წესითა და რიგით, მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ზოგ ეპიზოდში სიზუსტემ გვიმუხთლა, რამდენიმეჯერ კი პარმელთა გოლკიპერმა ანტონიო მირანტემ მეტად საიმედოდ დაიცვა თავისი გუნდის კარი. სწორედ ამიტომ აღიარეს იგი ასპარეზობის საუკეთესო მოთამაშედ. მატჩის მშვენება კი ანდრეა პირლოს შედეგიანი დარტყმა გახლდათ. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში სერია A-ს შეხვედრებში მას მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, ამიტომაც მისმა წარმატებამ განსაკუთრებით გამახარა. ანდრეამ ერთ-ერთი ულამაზესი ბურთი შეაგდო, რაც კი ოდესმე მინახავს! ასპარეზობის ბოლო წუთებში “პარმამ” გაიბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ჩემი ბიჭები არ დაიბნენ და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბურთს დამაჯერებლად და მშვიდად აკონტროლებდნენ. მოგების მთავარი განმსაზღვრელი მომენტი კი ისაა, რომ შაბათს “მილანმა” ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პირველი გამარჯვების მოპოვება სტუმრად, რაც მომდევნო ასპარეზობებისთვის მეტ ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც მოგვიტანს.
- ამსტერდამის “აიაქსთან” საჩემპიონთალიგო შეხვედრაში რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე გაამწესეთ, რამაც იტალიელ ჟურნალისტებს ათქმევინა ალეგრისა და “კიჭას” შორის დაძაბული ურთიერთობააო...
- რონალდინიოსთან არანაირი პრობლება არ მაქვს. ამსტერდამში მისი დასვენება გადავწყვიტე და პარმაში ბრაზილიელის მიერ ნაჩვენებმა თამაშის დონემ დამარწმუნა, სწორად რომ მოვიქეცი. რონალდინიო ძალიან ეფექტურად მოქმედებდა, ჩვენ კონტრშეტევებს უკეთებდა ორგანიზებას, თავადაც გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე და რომელიმე ხელსაყრელი შანსი სათანადოდ რომ გამოეყენებინა დარწმუნებული ვარ, სწორედ მას მიიჩნევდნენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და არა პარმელთა მეკარეს.
- ზოგიერთები “მილანს” ტაქტიკურ ერთფეროვნებაში სდებენ ბრალს – აქაოდა, შეტევაში გუნდი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მარიფათზეა დამოკიდებულიო...
- ამგვარ შეფასებას არაკონსტრუქციულად მივიჩნევ. გუნდში საკმარისზე მეტია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა ხელეწიფება. ფილიპო ინძაგი დაავიწყდათ? პიპომ წელს “ლეჩესაც” გაუტანა და “კატანიასაც”. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც “მილანის” პოტენციალს ვერ ხედავენ. ჩვენ მაღალი კლასის გამოცდილი ფეხბურთელები საკმარისად გვყავს, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზით ასპარეზობა შეგვიძლია. ბიჭები წვრთნასა და თამაშს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან და მინდორზე ურთიერთდახმარების სისტემაც მშვენივრად გვაქვს აწყობილი.  

 

გოჩა კაჭარავა     

0.118231