კალათბურთი

0:08 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია თანაქალაქელ “ბეშიქთაშთან” საშინაო მარცხით დაიწყო, თუმცა, შემდეგ მეტოქეს 2 მატჩი მოუგო და მომდევნო ეტაპზე გააღწია.

სტამბულური დაპირისპირების მე-3 გადამწყვეტ შეხვედრას “გალათასარაიმ” უმასპინძლა და 78:65 იმარჯვა, თანაც გამარჯვებას საფუძველი პირველივე მეოთხედში ჩაუყარა, რომელიც 22:11 მოიგო.

მარკოიშვილმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მატჩი სწორედ მისი ზუსტი სამქულიანი გაიხსნა, სულ კი, 24:26 წუთში მანუჩარმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ქართველმა მცველმა ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სინან გიულერი (15) და კარლოს აროიო (12) ასცდნენ, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი “ბეშიქთაშის” ამერიკელი ლეგიონერი კრის ლოფტონი გახდა 24 ქულით.

ნახევარფინალში “გალათასარაი” რეგულარული პირველობის გამარჯვებულ “ბანვითს” ეთამაშება, მე-2 ფინალისტის ვინაობა კი “ფენერბაჰჩეს” და “ქარშიაქას” დაპირისპირებაში გაირკვევა.

0.128867