უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი ენდი მარეი ლონდონში ჩასატარებელ სეზონის შემაჯამებელ ტურნირს, ATP World Tour Finals-ს დააკლდება. ამის მიზეზი 26 წლის შოტლანდიელისთვის 2 კვირის წინ ზურგის არეში ჩატარებული ოპერაციაა. მარეი სათანადო რეაბილიტაციას შეჯიბრების სტარტისთვის, 4 ნოემბრისთვის ვერ ასწრებს და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქშიც ვეღარ იასპარეზებს.
“სამწუხაროა, ლონდონში გამოსვლას რომ ვერ შევძლებ. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში მიყვარს, მომწონს ლონდონური ატმოსფეროც, მაგრამ გადატანილი ოპერაცია ნოემბრის დასაწყისში კორტზე გასვლის საშუალებას არ მაძლევს. არაფერს დავიშურებ, რათა მომავალ წელს შემაჯამებელ ტურნირს არ დავაკლდე”, - ენდიმ ეს სიტყვები საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, წლეულს მარეიმ უიმბლდონის გარდა, ბრისბენის, მაიამისა და ლონდონის ტურნირები მოიგო. ენდი სეზონის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე 2008-12 წლებში გამოდიოდა, 2008, 2010 და 2012 წლებში კი ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.