ინტერვიუები

10:07 | 11.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძის კერპი ბრაზილიელი რონალდოა

ბოლო წლებში ოთარ მარცვალაძის მსგავსად რუსეთის პირველ დივიზიონში არცერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. მან შარშან მაჰაჩყალის “ანჟის” შემადგენლობაში 13 ბურთი გაიტანა, რითაც გუნდის პრემიერლიგაში გადასვლას ხელი დიდად შეუწყო, ხოლო წელს “ვოლგაში” 21 გოლი მიითვალა და ნიჟნი ნოვგორედელების რუსული ფეხბურთის ელიტაში აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ტყუილუბრალოდ არაა, რომ მარცვალაძემ პოპულარული რუსული გამოცემის, “სპორტ-ექსპრესის” ფაქტობრივად ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, გახდა რა - საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი, ბომბარდირი, ლეგიონერი. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს კიდევ ერთმა რუსუ¬ლმა გამოცემამ, “ნოვიე იზვესტიამ” ჩამოართვა.  
- მომდევნო სეზონში ნიჟნი ნოვგოროდში დარჩებით? თქვენ ხომ “ვოლგაში” იჯარით თამაშობდით...
- ალბათ, ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩავატარე. დასახული ამოცანაც გადავწყვიტეთ და ომარ თეთრაძეც არ დავაღალატე. შარშან მან “ანჟიში” მიმიწვია, ხოლო როდესაც “ვოლგას” ჩაუდგა სათავეში, მაჰაჩყალური კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი იჯარის თაობაზე მოელაპარაკა. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. იჯარა დამთავრდა და შემიძლია მაჰაჩყალაში დავბრუნდე.
- თეთრაძის თქმით, იჯარა პრაქტიკულად თავად მოითხოვეთ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ “ანჟის” რომელიღაც გულ¬შემატკივარს თქვენი ეროვნება არ მოსწონდა...
- სწორედ ასეა. ამბობდნენ, რომ “ანჟიში” საკმაოდ ბევრმა ქართველმა მოიყარა თავი. ეს ყოველივე კი, მანერვიულებდა. ნიჟნი ნოვგოროდში ამ თემაზე არ საუბრობენ. არავითარ დისკომფორტს არ ვგრძნობ. მე მხოლოდ თამაშით მაფასებდნენ.
- პირველ ლიგაში საუკეთესო ბომბარდირობა ძალიან ძნელია. მითუმეტეს, ადრე შედეგიანობით არ გამოირჩეოდით. მსგავსი “აფეთქების” მიზეზი რა არის?
- თავის დროზე, კიევის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი, ხოლო ძირითადში ადგილის დამკვიდრებაში ხელი ტრავმებმა შემიშალა. ახლა კი, მწვრთნელი მენდო და პარტნიორებიც საუცხოო მყავდა. როდესაც ჯანმრთელი ხარ, ჯანღონით სავსე, თანაგუნდელების მხარდაჭერასა და თანადგომას გრძნობ, ფეხები წინ თავისით გარბიან. შესაძლოა, გოლები ყოველთვის ლამაზი არ გამოდის, მაგრამ ისინი თავდაჯერებას მმატებენ. პირველ წრეში რთული პერიოდი გვქონდა და რაღაც მომენტში მე-12 ადგილამდეც კი დავეშვით. საუბარიც კი წავიდა: “რა პრემიერლიგა? მთავარია პირველ დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ”. თუმცა, თეთრაძე “ცივსისხლიანი” რჩებოდა. ამიტომ, პანიკაში არ ჩავვარდნილვართ და გუნდმა ნელ-ნელა წინსვლა დაიწყო.  
- რუსეთის პირველ ლიგაზე რა აზრის ხართ?
- რა თქმა უნდა, მოედნები, რბილად რომ ვთქვათ, ყველგან საუცხოო არ არის. ამასთანავე, რთულია გრძელ მანძილზე გადაფრენები. პრემიერლიგაში გადასასვლელად დაძაბული ბრძოლა იყო. მართალია, “ყუბანმა” საგზური დროზე ადრე მოიპოვა, მაგრამ მეორე ადგილისთვის “ნიჟნი ნოვგოროდთან” პაექრობა სეზონის ბოლომდე მოგვიწია. ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი ბოლოსწინა ტურში გაირკვა. პირველ ლიგაში არცთუ ცოტა კარგი ფეხბურთელია. მე “კრასნოდარელ” სპარტაკ გოგნიევს და ჩემ თანაგუნდელ სერგეი იაშინს გამოვარჩევდი, რომლებიც განვლილი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებად მიმაჩნია.  
- სეზონი დასრულდა – ფეხბურთისგან ისვენებთ?
- ტელევიზორში ვუყურებ. ჩემი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. ვფიქრობ, ის ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. თუმცა, ჩემ კერპად, თავდამსხმელის იდეალად,  დღემდე მადრიდის “რეალის” ყოფილი ფორვარდი ბრაზილიელი რონალდო რჩება.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.12066