იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ – დიეგო მარადონამ “ნაპოლიში” გატარებული წლები კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ ნეაპოლელთა ბოლოდროინდელი წარმატებებით გახარებულია. დიდმა 10-იანმა თავის კარიერაში სამი გუნდი გამოარჩია: არგენტინის ეროვნული ნაკრები, “ბოკა ხუნიორსი” და “ნაპოლი”.
- Twitter-ის გვერდზე, რომელიც თქვენს სახელს ატარებს, დაიწერა, რომ “ნაპოლის” იტალიის თასის ფინალში გასვლა მიულოცეთ. ეს ნამდვილად თქვენ გააკეთეთ?
- არა, მე Twitter-ს არ ვიყენებ. ეს დაწერეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ და ჩემი ემოციებიც იციან. იმ საღამოს მართლაც უბედნიერესი ვიყავი. ჩემთვის “ნაპოლის” დღესაც დადებითი ემოციები მოაქვს.
- ეზეკიელ ლავესი კვლავ თქვენი ფავორიტია?
- ის ბურთით და უბურთოდ ბევრს გადაადგილდება და ცდილობს, მეტოქის შეცდომა გამოიყენოს. სადღეისოდ, ედინსონ კავანის გამოვყოფდი. იგი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. მომწონს მარეკ ჰამშიკის თამაშიც. ისინი ახალგაზრდები არიან და დიდი შემართებით თამაშობენ. იმ საღამოს, როცა “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მათთან ერთად ვინერვიულე.
- როგორ ფიქრობთ, “ნაპოლიმ” “ჩელსის” ბარიერის გადალახვა დაიმსახურა?
- ასე გიპასუხებთ: “სან პაულოზე” გამართულ მატჩში, “ნაპოლის” უფრო შეეძლო ანგარიშის 4:1 გახდა, ვიდრე “ჩელსის” _ 3:2. ასე რომ, საშინაო მატჩში იტალიელებს არ გაუმართლათ. “სტემფორდ ბრიჯზე” ნეაპოლელებმა აქტიური პრესინგი ვერ შეძლეს და მათი კარგად მესმის – ინგლისურ მოედნებზე ისეთი ატმოსფეროა, რომ შენი თამაშის ჩვენება ურთულესია. ახლა, “ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატის მე-3 ადგილზე დასრულება და გაისად ჩემპიონთა ლიგაში თამაში მართებს. ნეაპოლელები ყოველწლიურად უნდა ასპარეზობდნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში. პირველ ცდაზე, “ნაპოლიმ” კარგად იასპარეზა, მომავალ წელს კი, უკეთესს ველი.
- ის კურსი, რომელიც “ნაპოლის” ხელმძღვანელობას აქვს არჩეული, კლუბს ევროპული ფეხბურთის გრანდად გახდის?
- გუნდში ძალზე საინტერესო შემადგენლობაა: არიან ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი შესაძლებლობები ჯერ არ გამოუმჟღავნებიათ. ვალტერ მაცარის კარგად არ ვიცნობ, მაგრამ აშკარაა, რომ ბრწყინვალე სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ფეხბურთელები შეტევის წინა ხაზში ჰყავს, გუნდი თავს შესანიშნავად იცავს. “ნაპოლიში” გმირი არავინაა – ფეხბურთელები, როგორც ჯარისკაცები, ისე იბრძვიან ერთი მიზნისთვის.
- ნეაპოლში თამაშების სანახავად ვერ დადიხართ, რადგან იტალიის საგადასახადო სისტემებთან პრობლემები გაქვთ. როდის დასრულდება ეს გაუგებრობა?
- იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა. ვწუხვარ, რომ ამ პრობლემამ არა მარტო იტალიაში მუშაობის საშუალება არ მომცა, არამედ, ჩემს საყვარელ ნეაპოლს და ნეაპოლელებს დამაშორა.
- ახალს რას ხედავთ იტალიურ ფეხბურთში?
- უპირველესად, “ბებერი სინიორა” დაბრუნდა. “იუვენტუსის” დაბრუნება მიმდინარე სეზონის მთავარი მოვლენაა. იმედია, მომავალში, სკუდეტოსთვის “ნაპოლიც” იბრძოლებს და ტურინელებს სერიოზული მეტოქე ეყოლებათ.
- როგორია თქვენი აზრი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში კი, ჩრდილშია?
- იყო მისი მწვრთნელი, ადვილი არაა. იბრაჰიმოვიჩი სუფთა სისხლის ცხენია. მას კრიშტიანუ რონალდუს დონის მოთამაშედ მივიჩნევ. პორტუგალიელი ლიონელ მესის შემდეგაა. ჩემი რეიტინგი ასეთია: მესი, რონალდუ და მე-3 ადგილები – უეინ რუნი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. რა თქმა უნდა, მათ სერხიო აგუერო მოსდევს.
- მარიო ბალოტელის თამაში მოგწონთ?
- ძალიან. ის ჯერ კიდევ ბავშვია და ყველამ ვიცით, რომ პრობლემები მოედანზე კი არა, საკუთარ თავში აქვს. ვფიქრობ, მას რობერტო მანჩინი მოარჯულებს. გამიხარდა, რომ “სიტის” დამრიგებელმა შანსი კარლოს ტევესს მისცა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს “მილანში” ტრანსფერი ჩაეშალა, ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კლუბს შეურიგდებოდა. ტევესის გუნდში დაბრუნება “სიტის” სასიკეთოდ წაადგება.
- და ბოლოს... არ გკითხავთ, ვინაა უკეთესი – თქვენ თუ მესი. უბრალოდ გვითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მოედანზე ლეოსთან ერთად?
- (იღიმის). მართალია, მას ჯერ არ გაუტანია იმდენი გოლი, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყოს, მაგრამ ერთს გეტყვით: ერთმანეთისგან გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე განგვასხვავებს. ასეთი აზროვნება არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. როდესაც ნაკრებში მესის ვავარჯიშებდი, მასში ჩემს თავს ვხედავდი. იგი ნამდვილი ტალანტია. ლეოს ტვინი უსწრაფესი კომპიუტერია. ახლა წარმოიდგინეთ, ორი ასეთი ფეხბურთელი მოედანზე! ერთად თამაშით, ფეხბურთს ბევრს მივცემდით.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ