ინტერვიუები

11:31 | 2.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

„მადნეულმა“ „სიონი“ მოაოქროვა

უმაღლესი ლიგის ბინადარი ბოლნისის “სიონი” მე-9 გუნდი გახდა, რომელსაც კერძო მესაკუთრე დაეპატრონა. კაზრეთის ოქროს საბადოების მფლობელი კომპანია “მადნეული”, შარშანდელ საფეხბურთო სეზონში VI ადგილზე გასულ გუნდს წელიწადში მილიონ ლარს დაახარჯავს. “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ს/კ “სიონის” პრეზიდენტი, ბოლნისის ყოფილი გამგებელი, ამჟამად კი შპს “კვარციტის” კონსულტანტი გიორგი არევაძე იქნება, თუმცა, ჩვენთან სატელეფონო საუბარში იგი სულ სხვა ამპლუაში წარმოგვიდგა.
- ბატონო გიორგი, გამოდის “სიონს” სახელმწიფო აღარ პატრონობს. ხომ ვერ გვეტყვით, ვინაა მისი მესაკუთრე?
- ესაა შპს “ბოლნისი”, რომლის დირექტორია ზვიად ხურცილავა.
- თქვენ ვინ ხართ ახალშექმნილ კლუბში?
- მე არავინ ბატონო, გიორგი ვარ არევაძე.
- ე.ი. არავითარი კავშირი აღარ გაქვთ კლუბთან.
- მაქვს დიდი მეგობრობა, კარგი მოგონებები, ვუსურვებ კარგ პერსპექტივებს.
- ალბათ, მწვრთნელის საკითხიც გადაწყდებოდა.
- მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ყიფშიძე.
- ბოლო ინფორმაციით, გიორგი ყიფიანზე იყო საუბარი.
- ყიფიანს არ აქვს მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება, მას შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. იგი კანონის ფარგლებში შეეცდება კურსების გავლას და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
- ვიდრე A ლიცენზიას მიიღებს ყიფიანი, მანამ გუნდში იმუშავებს?
- ყიფიანი გუნდში იქნება და ყიფშიძის ასისტენტად იმუშავებს.
- როგორც ვიცით, “სიონის” ფეხბურთელები კარგა ხნის გაურკვევლობის გამო, სხვადასხვა გუნდებში მიმოიფანტნენ.
- გუნდი უკვე ბოლნისში ვარჯიშობს. შეკრებაზე მომავალ კვირაში გადავა. ჩემპიონატის დაწყებამდე დრო კიდევაა და სათანადოდ მომზადება მოესწრება.
- ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ, ჩემპიონა¬ტის დაწყების ერთი კვირით გადაწევის თაობაზე, რომ იტყ¬ვიან სულზე მოგისწროთ.
- სიმართლე გითხრათ, მაგის აუცილებლობას ვერ ვხედავდით - “სიონის” ძირითადი გუნდის ბირთვი დარჩენილია. მართალია, ახალი სახეებიც არიან, მაგრამ შვება იმით, რომ რა კარგია ჩემპიონატის დაწყება რომ გადაიტანესო, არ გვიგვრძნია.
- იმის მიუხედავად, რომ “სიონს” შეკრება პირველ აგვისტომდე არ გაუვლია, თავს ახალი სეზონის პოტენციურ აუტსაიდერებად არ მიიჩნევთ.
- რას ამბობთ, ჩემპიონები ვართ და რატომ უნდა ვიყოთ აუტსაიდერები?
- ჩემპიონები შორეულ 2007 წელს იყავით, ხოლო შარშან იყო პერიოდი, “სიონი” უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა.
- არა უშავს, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი აღარ განმეორდეს.
ფრიდონ კერვალიშვილი





 

0.117688