საბერძნეთის ბ ეთნიკის (რანგით მეორე ლიგა) ათენის “თრასივოპულოსში”, ქართველი ფეხბურთელი ლუკა ხომასურიძე თამაშობს, რომელიც 22 წლისაა და ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ამ ფეხბურთელზე ადრეც დაწერილა, თუმცა იშვიათად – არადა, ლუკა ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ათენის გუნდშია.
“მსოფლიო სპორტი” ხომასურიძეს ელინელთა დედაქალაქში დაუკავშირდა და საუბარი სხვა მხრივაც იყო საინტერესო: 3 სექტემბერს ხომ საბერძნეთი – საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩია ათენში.
“საქართველო არ წააგებს. ქეცბაიას იმედი მაქვს. მე კი, უკვე ვიყიდე მატჩზე დასასწრები ბილეთი და გაგიჟებული ვუქომაგებ ჩვენებს”, – გვითხრა ხომასურიძემ.
- უპირველესად, რას იტყვი შენს ბერძნულ კარიერაზე?
- აქ “ვიტ ჯორჯიადან” მოვედი. თავიდან 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი ტარიელ კანდელაკთან, მერე მოვხვდი “ვიტ ჯორჯიას” სარეზერვოებში და მხოლოდ ექვსი თვე დავრჩი, რის შემდეგაც, ათენში წამოვედი. მაშინ 17 წლის ვიყავი. “თრასივოპულოსი” საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში იყო, მე კი გუნდის დუბლებში ვთამაშობდი და ერთ სეზონში 7 გოლი გავიტანე. როცა “თრასივოპულოსი” გავარდა, უკვე ძირითად გუნდში მიწევდა თამაში. 2014 წლამდე მაქვს კონტრაქტი, მაგრამ წლეულსვე მინდა სხვაგან გადასვლა.
- რატომ?
- ბ ეთნიკი ძლიერი ლიგა კი არის, მაგრამ თამაშის მხრივ პრობლემა მაქვს: ადრე წელმა შემაწუხა და ვიმკურნალე, რის შემდეგაც, ხშირად აღარ მიწევდა თამაშები. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ლეგიონერებზე ლიმიტია - მხოლოდ ორ არაევროკავშირელს შეუძლია მინდორზე ყოფნა. მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ და საბერძნეთისა არ ამიღია.
- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან, არასოდეს ყოფილა შენს მიმართ დაინტერესება?
- არა. და არც მიკვირს. აქამდე ისე მოვედი, ერთი ხელი არავის წაუკვრია ჩემთვის, დამხმარე არ მყოლია და საქართველოში საფეხბურთო წრეებში არც იცოდნენ, რომ საბერძნეთის “თრასივოპულოსში” ქართველი თამაშობდა. ძნელია, როდესაც მარტო ეჭიდები საქმეს. აქაურებს ორი თავით უნდა სჯობდე, რომ უცხოელი, თანაც, არაევროკავშირელი გამჯობინონ.
- წასვლას აპირებ მაგ გუნდიდან, მაგრამ შემოთავაზებები გაქვს?
- გამოჩნდება რამე. კლუბმა თანხმობა მითხრა განათხოვრებაზე. თუ გამყიდიან, მთლად უკეთესი.
- საქართველოში ჩამოდიხარ ხოლმე?
- კი, თუმცა ხშირად ვერა. ქართულ გუნდებზეც მაქვს წარმოდგენა. როცა ჩამოვდივარ, ვუყურებ ხოლმე ჩემპიონატის თამაშებს.
- საბერძნეთის ბ ეთნიკსა და ჩვენს უმაღლეს ლიგას როგორ შეადარებდი?
- “დინამო”, “ზესტაფონი”, “ვიტ ჯორჯია” და “ოლიმპი” ბ ეთნიკის გუნდებს კი სჯობნიან, მაგრამ დანარჩენზე ვერ ვიტყვი. ეს ოთხი კლუბი რომ გამოაკლო, ბ ეთნიკი გაცილებით ძლიერია. ანუ, საშუალო დონე აქეთ უფრო მაღალია.
- 3 სექტემბერს საბერძნეთი – საქართველოს მატჩს დაესრწები?
- ერთი სული მაქვს, როდის იქნება ეგ თამაში. დავესწრები რომელია, გაგიჟებული უნდა ვუქომაგო ჩვენებს. სულ ცოტა, 500 ქართველი ვიქნებით ტრიბუნებზე, ბილეთები გამოგვიყვეს და მეც უკვე შევიძინე.
- რა ღირს ბილეთი?
- ყველაზე იაფი 20-ევროიანია.
- ამასწინათ, ბერძნულ ფორუმზე ვნახე, ყველანი ხორვატიასთან 7 სექტემბრის მატჩზე ლაპარაკობენ, თითქოს მანამდე, საქართველოსთან არ ჰქონდეთ თამაში. ბერძნული პრესაც ასე ზემოდან უყურებს საქართველოს ნაკრებს?
- რა თქმა უნდა, მოგებაში დარწმუნებული არიან, მაგრამ მე სხვა წინათგრძნობა მაქვს: ქეცბაიას იმედი მაქვს, სიურპრიზს შესთავაზებს ბერძნებს და მოუგებს, ან არ წააგებს მაინც.
- რის საფუძველზე ამბობ?
- არ არის საბერძნეთის ნაკრები იმ დონის, როგორიც ჩანს. მართალია, ტაქტიკურად გამართულად და უშეცდომოდ თამაშობენ, მაგრამ არავითარი ფანტაზია არ აქვთ.
- ქეცბაიას მტრულად დახვდებიან, ხომ?
- ძალიან. “ოლიმპიაკოსის” და “პანათინაიკოსის” ფანებს ქეცბაია არ უყვართ, რადგან აეკ-ში თამაშობდა, მაგრამ აბა, აეკ-ის ფანებს ჰკითხეთ… დღესაც გიჟდებიან ქეცბაიაზე. აქ ასეა, მტრობა იციან უზომოდ. რივალდოც შეიძულეს “ოლიმპიაკოსის” ფანებმა, როდესაც ის აეკ-ში გადავიდა.
ილია ნანობაშვილი