ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სანახევარფინალო დაპირისპირების წინ, abc.es-ი “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ყოფილ ნახევარმცველს, ლუიშ ფიგუს დაუკავშირდა და პრინციპული მატჩის წინ, პორტუგალიელს საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა სთხოვა.
- პირადად თქვენ, რას ელით მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” საჩემპიონთალიგო-სანახევარფინალო დაპირისპირებისგან?
- ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ – ჩემპიონთა ლიგის ეს ნახევარფინალური დაპირისპირება ფეხბურთის ისტორიაში შევა. ორივე გუნდი მშვენიერ ფორმაშია. ჩემი აზრით, სადღეისოდ სწორედ “რეალი” და “ბარსელონა” წარმოადგენენ პლანეტის ორ საუკეთესო გუნდს. მოუთმენლად ველი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩასატარებელ მატჩს.
- 2001-02 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე “რეალი” და “ბარსა” უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. როგორ გაიხსენებთ იმ ასპარეზობებს?
- ამგვარი მატჩების დავიწყება შეუძლებელია. იმ მომენტისთვის “სამეფო კლუბი” უკეთ გამოიყურებოდა და გლაზგოში ჩასატარებელი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა. საერთოდ, ფეხბურთის ქომაგთა უმრავლესობა კასტილიური და კატალონური გრანდების დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათის ელფერს ანიჭებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია – მადრიდელთა და ბარსელონელთა პაექრობას მხოლოდ საფეხბურთო ასპექტით უნდა შევხედოთ და მათი მოთამაშეების შესრულებით ნაჩვენები ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღოთ.
- “რეალმა” და “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ერთმანეთთან ურთიერთობა უკვე სამჯერ გაარკვიეს. მადრიდში გუნდები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ, “კამპ ნოუზე” გვარდიოლას გუნდმა მოურინიოს ბიჭები 5:0 გაანადგურა, სამაგიეროდ “ბლანკოსმა” ვალენსიაში “სამეფო თასის” ფინალში აჯობა “ბლაუგრანას”. ალბათ, ეს სამივე პაექრობა იხილეთ. თქვენი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომელ გუნდს აქვს მოგების უკეთესი პერსპექტივა?
- წინა მატჩებით მომავალი გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა არასწორად მიმაჩნია. შანსი ორივე გუნდს დაახლოებით თანაბარი აქვს და დაველოდოთ მატჩების დროს განვითარებულ მოვლენებს.
- პირადად თქვენი სიმპათია რომელი გუნდისკენ იხრება?
- სადღეისოდ, “ბარსელონა” საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. გუნდი კარგადაა შეთამაშებული და რაც მთავარია, პეპ გვარდიოლას განკარგულებაში უმაღლესი რანგის ფეხბურთელები ჰყავს. საერთოდ, ფეხბურთს გარკვეული ციკლურობა ახასიათებს. როდესაც “რეალში” გამოვდიოდი, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და ტიტულებს ვიხვეჭდით. ამჟამად, ასეთი პერიოდი “ბარსას” უდგას.
- “რეალის” პორტუგალიელ დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე რას გვეტყოდით?
- სეუ ჟოზეს ფანი გახლავართ. მოურინიო მეტად წარმატებული მწვრთნელია. ჩემმა თანამემამულემ კარგად იცის, თუ როგორ უნდა “ააწყოს” გუნდი, რა ტაქტიკა მიუსადაგოს მის თამაშს. დარწმუნებული ვარ, მოურინიო “რეალს” მრავალ წარმატებას მოუპოვებს.
გოჩა კაჭარავა