ინტერვიუები

12:29 | 4.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: “იმედია, გოლების ხშირად გატანას განვაგრძობ”

ამსტერდამის “აიაქსში” გატარებული 4 სეზონის შემდეგ, ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ლუის სუარესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, 31 იანვარს “ლივერპულში” გადავიდა. ინგლისური კლუბის მესვეურებმა  სუარესის სანაცვლოდ, ჰოლანდიელებს 22,7 მილიონი გირვანქა გადაუხადეს და სამხრეთამერიკელის პრემიერლიგაში დებიუტით თუ ვიმსჯელებთ, ცუდი არჩევანი არ გაუკეთებიათ. სუარესმა “ლივერპულში” პირველი შეხვედრა “სტოკთან” ჩაატარა და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა, 15 წუთში, გოლიც მიითვალა. “მერსისაიდელების”  ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ დებიუტს სუარესმა “ჯადოსნური” უწოდა.    
- “ლივერპულის” რიგებში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
- “ჯადოსნური” დებიუტი მქონდა. ვფიქრობ, ამაში ყველა დამერწმუნება, რადგან მსგავს რამეზე, მხოლოდ ოცნება შემეძლო. მოედანზე გახვიდე და რამდენიმე წუთში გოლი გაიტანო, მითუმეტეს, “ენფილდზე” – ეს განხორციელებული ოცნებაა.
- გატანილმა გოლმა გარკვეული კამათი გამოიწვია – ის თქვენს ანგარიშზე უნდა ჩაიწეროს თუ ავტოგოლად ჩაითვალოს?
- ეს გოლი, როგორც ჩემი საკუთარი, ისე ვიზეიმე. იმედია, რომ ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მხარს მე დამიჭერს. რაც არ უნდა იყოს, ბურთი ხომ კარში შევარდა.
- პრემიერლიგაზე თქვენი პირველი შთაბეჭდილება როგორია? რამდენად შეესაბამება ის თქვენს მოლოდინს?
- ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წარმომედგინა. ინგლისურ ფეხბურთზე თითქმის სრული ინფორმაცია მქონდა, რადგან ჰოლანდიის ტელევიზიით პრემიერლიგის მატჩებს თვალს ვადევნებდი. ადგილზეც ყველაფერი ისეთივე საუცხოო აღმოჩნდა.
- ინგლისურ ლიგაში ადაპტაცია რა სირთულეებს გიქადით?
- ძალიან ძლიერი და თანაბარი ჩემპიონატია, იოლი შეხვედრა არც ერთ გუნდთან არაა. საგოლე მომენტებიც ბევრი არ იქმნება, ამიტომ ისინი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენო. სწორედ ამას უნდა მივეჩვიო, რათა ინგლისში საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო.  
- ჰოლანდიაში ძალიან ბევრი ბურთი გაგქონდათ. ინგლისში საკუთარ ანგარიშზე რამდენი გოლის ჩაწერას აპირებთ?
- იმედია, რომ გოლების ხშირად გატანას გავაგრძელებ. თუმცა, ჩემი უმთავრესი მიზანია, კლუბს სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმარო. არ აქვს მნიშვნელობა გოლები გამაქვს თუ უბრალოდ გუნდურ თამაშში ვმონაწილეობ. ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა და არა ინდივიდუალური.
- “ლივერპულში” განსაკუთრებულ იმედს თქვენი და გუნდის კიდევ ერთი ძვირადღირებულ შენაძენის, კეროლის წყვილზე დიდ იმედს ამყარებენ...
- “ნიუკასლში” მის თამაშს თვალს ვადევნებდი და მომწონდა. ის ტიპიური მაღალი “9 ნომერია” და ასეთ მოთამაშეებთან ყოველთვის წარმატებით ვურთიერთქმედებდი. ასე რომ, ჩვენი წყვილი მართლაც იმედისმომცემად გამოიყურება.
- “აიაქსთან” განშორება ძნელი იყო?
- გარკვეულწილად კი, რადგან იქ რამდენიმე წარმატებული სეზონი გავატარე. ამ კლუბთან მხოლოდ კარგი მოგონება მაკავშირებს. თუმცა, ეს ფეხბურთია და როგორც მოთამაშეს, განვითარებისთვის რაღაც უნდა შემეცვალა, წინსვლა იყო საჭირო.  
- თქვენი შეძენა ბევრ ევროპულ კლუბს სურდა და არჩევანი “ლივერპულზე” რატომ შეაჩერეთ?
- “ლივერპული” საუცხოო კლუბია, რომლის რიგებში თამაშზეც ნებისმიერი ოცნებობს. ეს გუნდი მუდმივად გამოდის ევროთასებზე და პრემიერლიგის ტოპ-კლუბების ოთხეულში შედის. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ მაინც მოხვდეს დიდ კლუბში. ჩემთვის ეს საუცხოო შანსია.
- ბოლო სეზონებში “მერსისაიდელები” არ “ბრწყინავენ”...
- მერე რა? გაიხსენეთ რამდენი ჯილდო აქვს “ლივერპულს” მოპოვებული. თან, არც თუ დიდი ხნის წინ. მართალია, ახლა გუნდს გარკვეული დაღმასვლა აქვს, მაგრამ ახალ მეპატრონეებს მისი მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება სურთ და მოხარული ვიქნები, დიდ გუნდს ამაში დავეხმარო.
- უახლოეს სეზონებში “ლივერპულს” ბრძოლა რისთვის შესწევს?
-ჩვენ ჩემპიონობისთის უნდა ვიბრძოლოთ.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

0.157228