მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 11 აგვისტოს ნორვეგიასთან ჩაატარებს. სამფეროვანთა ახალმა დამრიგებელმა ლორან ბლანმა ვიკინგთა შთამომავლების წინააღმდეგ საასპარეზოდ მუნდიალზე ჩაფლავებულთაგან არავის უხმო, ეს ნაბიჯი კი საფეხბურთო სამყაროში “ბლანის რევოლუციად” მონათლეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ, რა გამოუვა “ბორდოს” ყოფილ დამრიგებელს სანაკრებო დონეზე მუშაობისას, მანამდე კი იმ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელშიც მუსიე ლორანი უპირატესად წარსულზე, საკუთარ სამოთამაშეო პერიოდზე საუბრობს.
- ძალიან რთულსა და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ. საფრანგეთის ნაკრების როგორი ტიპის დამრიგებელი იქნებით? კვლავინდებურად ლამაზი სტილის თამაშს გადაუხდით “ხარკს”?
- ლამაზი ფეხბურთის მოტრფიალე გახლავართ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების გამოსვლა მხოლოდ გულშემატკივართა თვალის საამებელი არ იქნება. თორემ რაც არ უნდა მიმზიდველად ვითამაშოთ, შედეგი სათანადო თუ არ გვექნა, ქომაგი ცოტას დაგვაცდის, შემდეგ კი ტრიბუნიდან წამოსული ქოქოლა არ აგვცდება. არ ვარ “თამაში თამაშისთვის” პრინციპის მომხრე. ერთი მხრივ, საკუთარი ასპარეზობით მაყურებელი უნდა გავახაროთ და თავადაც მივიღოთ სიამოვნება, მეორე მხრივ კი მოწინააღმდეგეს თავზესაყრელი რაოდენობის სირთულე შევუქმნათ. ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. თუკი ევრო2012-ის საგზური ვერ მოვიპოვეთ ან უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე წარუმატებლად გამოვედით, დაკავებულ თანამდებობას მყისიერად დავტოვებ. ასე რომ, კარგ თამაშთან ერთად აქცენტს შედეგზეც გავაკეთებ და სასურველი რეზულტატის მიღწევის შემთხვევაში ხელშეკრულების გახანგრძლივებასაც წინ არაფერი დაუდგება.
- ბრწყინვალე სამოთამაშეო კარიერა გქონდათ, ამიტომაც ჩვენი დიალოგის თემად წარსულზე საუბარი შევარჩიეთ. პირველად რომელ მსოფლიოს ჩემპიონატს უცქირეთ?
- 5 წლის ვიყავი, ბრაზილიამ მექსიკაში მუნდიალი მესამედ რომ მოიგო. მარიო ზაგალოს გაწვრთნილი “ჯადოქრების” უზადო ასპარეზობა ფრაგმენტულად მახსოვს, სამაგიეროდ, 4 წლის შემდეგ გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა საფინალო პერიპეტიები გონებაში ზუსტად ჩამებეჭდა. განსაკუთრებით რინუს მიხელსის ფეხბურთელთა თამაშმა აღმაფრთოვანა. ძალიან მომეწონა საფრანგეთის ნაკრების გამოსვლა ზედიზედ 3, არგენტინის, ესპანეთისა და მექსიკის მუნდიალებზე, თუმცა, შედეგი სასურველი მაინც ვერ მოვიმკეთ. 1978 წელს ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, ტურნირის მასპინძლებსა და იტალიელებს არაფერი დავუთმეთ, მაგრამ მეორე ეტაპზე მაინც ვერ გავედით. 1982 წლის მუნდიალის დრამატული ნახევარფინალის შეხსენება ფეხბურთის არც ერთ გულშემატკივარს არ სჭირდება, 1986-ში მესამე ადგილზე კი გავედით, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდი მეტს იმსახურებდა.
- 1990 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საფრანგეთმა ყველასთვის მოულოდნელად საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია, ამიტომაც ბუნებრივია ის ამბავი, როგორი მონდომებით მოემზადებოდით 1998 წელს სამშობლოში გასამართი მუნდიალისთვის...
- საკვალიფიკაციო ტურნირიდან თავისუფლები ვიყავით, ამიტომაც მზადებას მუნდიალის დაწყებამდე 2 წლით ადრე შევუდექით. ემე ჟაკეს მეთაურობით ინტენსიური წვრთნები გვქონდა. დამრიგებელმა განსაკუთრებით 1997 წლის დეკემბერში მაღალმთიან საკურორტო ქალაქ ტინში ჩატარებულ შეკრებაზე დაგვტვირთა. ამასთან, ფეხბურთელებს მეუღლეებისა და შვილების წამოყვანის ნებაც დაგვრთო. საყვარელ ადამიანებთან ერთად, მომქანცველი ვარჯიშის შემდეგ, “აქტიურად ვისვენებდით” – ვსეირნობდით და ნაკრების წევრები ოჯახებით დავვახლოვდით. ნაკრები ერთ მუშტად შეიკრა და მე თუ მკითხავთ, ჩვენი ტრიუმფის საწინდარი ტინში გავლილი შეკრება გახდა. აი, მუნდიალის მოახლოებისას და კლერფონტანში ყოფნისას გარე სამყაროს პრაქტიკულად მოწყვეტილები გახლდით, ყველაზე მეტად კი თქვენი კოლეგებისგან, ჟურნალისტებისგან “იზოლირება” გვახარებდა.
- ჯგუფური ეტაპის ბარიერი უპრობლემოდ გადალახეთ, მერ-ვედფინალში პარაგვაის შეხვდით. საფრანგეთი უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებთან მოგება უკიდურესად გაგიძნელდათ. ხოსე ლუის ჩილავერტსა და კომპანიას გამარჯვება ხელიდან მხოლოდ მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გამოგლიჯეთ. “ოქროს გოლის” ავტორი კი თქვენ გახდით...
- პარაგვაელთა მიერ პირველ ეტაპზე ჩატარებული სამივე მატჩის ვიდეოჩანაწერი გავაანალიზეთ. ჩვენი მეტოქე მშვენიერი გუნდი იყო და იმთავითვე ურთულესი ორთაბრძოლისთვის განვეწყვეთ. ასე რომ, ნამატჩევს გავრცელებული ვერსია, თითქოს სამერვედფინალო მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შევაფასეთ, ტყუილია. პარაგვაელებს განსაკუთრებით ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავდათ, ჩილავერტი კი მართლაც “ბულდოგივით” იცავდა თავის კარს, ამასთან, დაცვისა და შუახაზის თამაშს უწევდა კოორდინაციას. მატჩი კარგად დავიწყეთ და უკვე მეათე წუთისთვის 2 სახიფათო მომენტიც შევქმენით. მათი სათანადო რეალიზაცია რომ მოგვეხდინა... შემდეგ კი რაც დრო გადიოდა, მით უფრო გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ პარაგვაელები. იგივე გაგრძელდა დამატებით დროშიც. თერთმეტმეტრიანების სერიამდე საქმის მიყვანა სარისკო იყო. აშკარად გამოიკვეთა, რომ ჩვენი მეტოქე აქცენტს სწორედ პენალტებზე აკეთებდა და ჩილავერტის იმედად იყო. და აი, 113-ე წუთიც დადგა. რობერ პირესმა თავისი განუმეორებელი დრიბლინგით 2 თუ 3 პარაგვაელი უკან ჩამოიტოვა და ბურთი დავიდ ტრეზეგეს მიაწოდა. ჩვენი ფორვარდი ცოტათი უხერხულ პოზიციაზე აღმოჩნდა, ამიტომაც კარის შეტევის ნაცვლად “დიდოსტატური” პაუზა გააკეთა და როგორც კი იგრძნო ბურთის კარში გადასაგზავნად ხელსაყრელ ადგილს რომ მივუახლოვდი, იუველირული სიზუსტის გადაცემა გამიკეთა. ჩილავერტი ამჯერად უძლური იყო...
- მეოთხედფინალში იტალიასთან მოგიწიათ შებმა. “სკუადრა აძურა” ტრადიციულად უხერხული მოწინააღმდეგეა, თანაც, რობერტო ბაჯოს ცოტა მეტად რომ გამართლებოდა...
- დღემდე ბევრს საუბრობენ ბაჯოს მიერ გაფუჭებულ მომენტზე. ყველას ვურჩევდი იმ შეხვედრის ჩანაწერის ნახვას. რობის ეპიზოდამდე ჩვენც გვქონდა 2-3 რეალური შესაძლებლობა ჯანლუკა პალიუკას გაწბილებისა. ამიტომაც, ნურავინ დაგვაყვედრის მეოთხედფინალში “სკუადრა აძურასთან” მოგებას.
- ნახევარფინალზეც ვთქვათ. არც ხორვატებთან გქონიათ იოლი გასეირნება, თუმცა, საქმე არც დამატებით დრომდე მისულა და მითუმეტეს არც პენალტების სერიამდე...
- იმხანად ბალკანელებს მეტად სოლიდური გუნდი ჰყავდათ. გაიხსენეთ ხორვატიის სამუნდიალე განაცხადი და დაინახავთ, როგორი მაღალი დონის კლუბებში ასპარეზობდნენ სამხრეთსლავი ფეხბურთელები. ამასთან ხორვატებს ფსიქოლოგიური უპირატესობაც კი ჰქონდათ – ნახევარფინალში გასვლით მათ ერთი “სასწაული” უკვე მოეხდინათ და ჩვენთან თამაშისას დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. მეორე ტაიმის დასწყისში ლამის შეხვედრის ერთადერთ შეცდომა დავუშვით, რომელიც ცბიერმა დავორ შუკერმა სათავისოდ იდეალურად გამოიყენა. კიდევ კარგი ლილიან ტურამმა მალე გააყაიმა, შემდეგ კი მეორედაც გამოიჩინა თავი... მე კი, სამწუხაროდ, მინდვრიდან გამაძევეს და ფინალმაც უჩემოდ ჩაიარა...
- მართალია, თითქოს ბრაზილიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ზინედინ ზიდანს უთხარით, რომ სენ-დენის “სტად დე ფრანსზე” “მისი ფინალი” ჩატარდებოდა?
- ნამდვილად ასეა. თამაშის დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის ზიზუს ოთახში შევედი და ვუთხარი, მე, ფაბიენმა (ბარტეზი), ლილიანმა (ტურამი), დავიდმა (ტრეზეგე), ტიერიმ (ანრი), დიდიემ (დეშამმა) და სხვებმა “ჩვენი მატჩი” უკვე ვითამაშეთ, ფინალში კი შენი ჯერი დადგა, გადამწყვეტი შეხვედრა უნდა მოგვაგებინო. ისიც ვუთხარი, გული მიგრძნობს, ერთ ბურთს თავური დარტყმით რომ გაიტანდა. ცოტათი შევცდი – ზიზუმ კლაუდიო ტაფარელს ორივე გოლი თავით გაუტანა...
- ბოლოს, მაინც ვერ ავუვლით სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ფიასკოს მიზეზებზე საუბარს...
- მოთამაშებისადმი ჩემი დამოკიდებულება იმით გამოვხატე, რომ მუნდიალის არც ერთი მონაწილე 11 აგვისტოს ნორვეგიასთან ტესტ-მატჩისთვის არ გამომიძახია. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მათთვის სანაკრებო კარი საბოლოოდ დაიხურა. რაიმონ დომენეკზე კი ჩემი მხრიდან რაიმის თქმა ეთიკური საქციელი არ იქნებოდა. მითუმეტეს, სანაკრებო წარუმატებლობა მას პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა...
გოჩა კაჭარავა