გასულ კვირას რუმინეთთან ასპარეზობისას, ლორან ბლანის მეთაურობით საფრანგეთის ნაკრებმა პირველი საშინაო მოგება იზეიმა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონის “სამფეროვანთა” სათავეში მისვლის შემდეგ, ფრანგი გულშემატკივარი ოპტიმისტურად განეწყო, თუმცა, ბლანის სადებიუტო მატჩები ამგვარ საფუძველს ნაკლებად იძლეოდა. მუსიე ლორანმა, ნაკრების შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა, თანდათან კი, გუნდმა კარგად გამოსვლაც დაიწყო. ამას ბოლო საკვალიფიკაციო მატჩიც ადასტურებს, დღეს კი ფრანგები ლუქსემბურგს ხვდებიან და აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერას აპირებენ.
- მუსიე ლორან, რუმინელებთან მატჩის მეორე ტაიმის შუაწელში, ფრანგ გულშემატკივრებს გოლის გატანის იმედი თითქმის გადაეწურათ, აქედან გამომდინარე, მოგების იმედიც. რა მოხდა ასპარეზობის მიწურულს, როცა ბოლო 7 წუთში 2 ბურთი შეუგდეთ ვლახებს?
- მეორე ნახევრის მიწურულს თამაში გაიხსნა. შანსი რუმინელებსაც ჰქონდათ, მაგრამ მისი სათანადოდ რეალიზება ვერ შეძლეს. ბოლო 15 წუთი კარგად ვიასპარეზეთ და გარდატეხის მოხდენაც შევძელით.
- რამდენად ელოდით თქვენი ფეხბურთელების საფინალო სპურტს?
- ჩვენი ნაკრები ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, თანაც, ჩემი აზრით, ცვლილებებიც კარგი გამოგვივიდა. სწორედ სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა მოთამაშეებმა მოახდინეს გარდატეხა.
- რატომ ვერ მოახერხეთ პირველ ტაიმში უპირატესობის გოლად გარდასახვა?
- ამაში დამნაშავე მოწინააღმდეგეა. რუმინელებმა ძალიან ორგანიზებულად, დაცვაში ყურადღებით ითამაშეს და საკუთარ კართან სახიფათო მომენტებსაც არ გვაქმნევინებდნენ. შესვენებისას, ბიჭებს ვთხოვე ნაკლები ენერვიულათ და აუღელვებლად განეგრძოთ პაექრობა. შაბოლოოდ, ჩვენსაც მაინც მივაღწიეთ და მერე რა, რომ მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს ვიძალეთ – მთავარია, მოვიგეთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ. ამასთან, მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ.
- პირველი ტაიმის მსვლელობისას თუ ფიქრობდით, სათადარიგოები გუნდის თამაშს საგრძნობლად რომ გააძლიერებდნენ?
- ასე ნუ ვიტყვით. მართალია, გამარჯვება დიდწილად სათადარიგოებმა მოგვიპოვეს, მაგრამ პირველ ტაიმში მათზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. ისე კი, ნებისმიერი გუნდი მატჩს 14 ფეხბურთელით ატარებს და აუცილებელია ყველა მათგანმა მაღალ დონეზე იასპარეზოს. გასულ კვირას, რუმინეთთან ასე მოხდა.
- სამშაბათს ლუქსემბურგს უმასპინძლებთ. რას ელით ამ მატჩისგან?
- შემოქმედებითი თამაში უნდა ვუჩვენოთ მაყურებელს და თუ ეს შევძელით, გამარჯვებასაც მოვიპოვებთ. გარკვეული დადებითი მომენტების კონტურები უკვე გამოიკვეთა, ახლა, მთავარია, ენერგიულად მუშაობა განვაგრძოთ. უშუალოდ ბენილუქსელებთან შეხვედრას რაც შეეხება, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობას შევცვლი. გამოძახებულ ფეხბურთელთაგან, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ