სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე კარენ ასრიანის სახელობის მემორიალის მე-7 ტურში ლიდერთა პარტია, რომელშიც კონსტანტინე შანავა (2589) თეთრი ფიგურებით დავიდ არუთინიანს (2561) ეთამაშებოდა, ფრედ დასრულდა, რის შედეგადაც, ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილი შეინარჩუნეს.
ერთპიროვნული ლიდერი არუთინიანი გახლავთ, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა. ბოლოსწინა მე-8 ტურში იგი თეთრებით ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ, სომეხ ჰრანტ მელკუმიანს (2642) დაუპირისპირდება, რომელსაც 5.0 ქულა გააჩნია. კიდევ ერთი მასპინძელი ავეტიკ გრიგორიანი (2581, 5.0 ქულა) იქნება შანავას მეტოქე, რომელიც 5.5 ქულით მეორეა. შავებით ქართველი ითამაშებს.
სომხეთში მიმდინარე ტურნირზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 23. სოფიკო გურამიშვილი (2408) – 4.0; 27. დავით მაღალაშვილი (2478) – 4.0; 29. დავით ლომსაძე (2345) – 3.5; 33. გაიოზ ნიგალიძე (2465) – 3.5; რაც შეეხება ესპანეთის სახელით მოთამაშე ანა მათნაძეს (2446), იგი 3.0 ქულით 37-ეა.
ჯერმუკის ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 24 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 18 500 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 4 ათასს მიიღებს. ქალთა შორის საუკეთესო 800 დოლარით დაჯილდოვდება.