ინტერვიუები

18:37 | 12.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ველოდები ახალ კლუბს”

ლევან ყენია გელზენკირხენის “შალკეს” სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ზაფხულს გუნდიდან მიდის. რაც მთავარია, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანმრთელადაა, სრული დატვირთვით აგრძელებს მზადებას და ზაფხულს ელის – როცა სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. სად, ჯერ უცნობია.
“მსოფლიო სპორტი” ლევანს გერმანიაში დაუკავშირდა:
- სამი კვირაა, რაც სარეზერვო გუნდში ვვარჯიშობ. ინტენსიურად ვემზადები, თავს კარგად ვგრძნობ.  
- თუმცა, როგორც ვიცით, სარეზერვოებში თამაშის უფლება არ გაქვთ.
- ასეა. არაევროკავშირელი ვარ და პროფესიული კონტრაქტი მაქვს – ამიტომაც არ შემიძლია.
- რატომ გადაგიყვანეს მეორე გუნდში?
- კონტრაქტი მიმთავრდება და გაგრძელება გამორიცხულია.
- ანუ, არანაირი შანსი არაა, რომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდეთ და “შალკეში” დარჩეთ?
- არა. წასვლა გადაწყვეტილია.
- სავარაუდო გუნდებზე ხომ ვერ გვეტყვით?
- კონკრეტული ჯერ არაფერია. საუბარი არის, მაგრამ ისეთი, რომ რომელიმე კლუბი გამოკვეთილიყო, ასე არაა. ვნახოთ, მეც ველოდები.
- ინტენსიურად ვარჯიშობთ, თუმცა სათამაშო პრაქტიკა რომ არ გაქვთ, ესაა ცუდი. არ გიჭირთ ტონუსში ყოფნა?
- რიტმში შესასვლელად დრო მჭირდება. უკეთესობა არის, მაგრამ თქვენც იცით, რომ ძველებური ფორმისგან შორს ვარ.
- ტრავმის შიში კიდევ გაქვთ?
- მცირე შიში მაქვს, მაგრამ იმედია, გამივლის. ეს ჩვეულებრივია, როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ გითამაშია. ახლა მთავარია, ჯანმრთელად შევხვდე სატრანსფერო პერიოდს.   
- და ბოლოს, როგორც ვიცით, მალე მამა გახდებით.
- დიახ. მოუთმენლად ველოდები. უახლოეს დღეებში შვილი შემეძინება.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.122165