საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა XXI ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-10 ტურში თსუ – “შსს აკადემიას” შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მართალია, ფავორიტად სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე მყოფი “ძალოვნები” მიიჩნეოდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სტუმრებმა მრისხანე მეტოქე საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 77:65 დაამარცხეს.
აღნიშნული მატჩის შესახებ, გუნდში მიმდინარე მოვლენებსა და “შსს აკადემიას” სამომავლო გეგმებზე “მსოფლიო სპორტი” კლუბის სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს ესაუბრა.
- რა გახდა თქვენი გუნდის დამარცხების მიზეზი თსუ-თან, რომელიც სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფება?
- “შსს აკადემიას” რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი გარანტირებული აქვს. რადგან მე-4 ადგილს ვერავინ შეგვეცილება და ვერც წინ წავიწევთ, თავს ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მივეცით, რადგან ჩვენთვის უმთავრესი პლეი ოფის მეოთხედფინალია, სადაც სავარაუდო მეტოქე “დინამო” იქნება. სამწუხაროდ, ექპერიმენტმა არ გაამართლა.
- რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, “დინამოსა” და “სოხუმს” თანაბარი ქულები აქვთ, ისინი V-VI ადგილებს ინაწილებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, პლეი ოფის მეოთხედფინალში ზღვისპირელებს დაუპირისპირდეთ. ამ ორი სავარაუდო მეტოქიდან რომელს ისურვებდით?
- ორივე კარგი გუნდია და ორივესთან ბრძოლა მოგვიწევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელს შევხვდებით.
- თსუ-თან თქვენი გუნდის სამ კალათბურთელს (აკაკი ლომოური, ლარი ბლერი, ტრეისი სმიტი) არ უთამაშია...
- სმიტმა კოჭის ტრავმა უკვე მოირჩინა, განაცხადშიც იყო შეყვენილი, ბლერს კოჭის უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა. რადგან თსუ-თან მატჩის შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლენას ვერ მოახდენდა ამიტომ არ გავრისკეთ და ეს კალათბურთელები დავასვენეთ. რაც შეეხება ლომოურს, შეგახსენებთ, რომ აკაკის ყბის ძვალი აქვს გატეხილი და ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა.
- რა შედეგი გაქვთ დაგეგმილი მიმდინარე ჩემპიონატში?
- რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბაზაზე ორკვირიან შეკრებას გავივლით. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა. ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების შემთხვევაში კი კმაყოფილი დავრჩებით.
როლანდ ლაბუჩიძე