რიგის “სკონტოს” შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონის არაერთხელ მოგებულ ტიტულს, ლევან კორღალიძემ მიმდინარე სეზონში მოლდოვაში მოპოვებული ოქროს მედალიც მიამატა. “ზესტაფონიდან” კიშინიოვის “დაჩიაში” შარშან გადასული 31 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ოცდათერთმეტ შეხვედრაში 13 გოლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით, კორღალიძე გუნდში მხოლოდ გენადი ორბუს ჩამორჩა (21 გოლი), ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. “მსოფლიო სპორტი” მას მოლდოვაში დაუკავშირდა და განვლილ სეზონზე ესაუბრა.
- ტირასპოლის “შერიფის” ათწლიანი ჰეგემონიის დარღვევა ძნელი იყო?
- ძნელი იყო, რადგან ფაქტობრივად, ერთი წლის გუნდი ვართ. შარშან რომ შევიკრიბეთ, ორი კვირის ჩასული ვიყავი მოლდოვაში და ევროპის ლიგაში თამაშმა მომიწია – ნახევარი გუნდის ფეხბურთელების სახელი და გვარები არ ვიცოდი. ყველამ იცის, რომ ერთ წელიწადში გუნდი არ კეთდება და ამიტომ, გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა.
- მოლდოვაში “დაჩიას” გაჩემპიონებას როგორ შეხვდნენ? მითუმეტეს, კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.
- გუშინ ჩვენთან დაჯილდოების ცერემონიალზე მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იყო მოსული. მოლდოვაში არავინ ელოდა ჩემპიონი ასე მალე თუ გავხდებოდით. ამიტომ, ყველა გაოცებულია. ცხადია, გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა “დაჩიას” გამარჯვებას, ვინაიდან კიშინიოვისა და ტირასპოლის ხელისუფლებას ერთმანეთში დიდი პრობლემები აქვთ.
- ჩემპიონობა როგორ აღნიშნეთ? კლუბის პრეზიდენტი ადლან შიშხანოვი პრემიებს თუ შეგპირდათ?
- მოლდოვის ჩემპიონი სამი ტურით ადრე გავხდით, რაც იმავე დღეს ავღნიშნეთ. შემდეგ, უკვე როდესაც ოქროს მედლები მივიღეთ, დიდი ოფიციალური ბანკეტი გვქონდა. თითოეული თამაშის მოგებისთვის პრემიას როდი გვაძლევდნენ. სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ პრემიებს მაშინ მივიღებდით, თუ ჩემპიონატში პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებდით. მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში პრემიას არ შეგვპირებიან.
- შარშან “ზესტაფონიდან” წასვლა გამართლებულ ნაბიჯად მიგაჩნიათ?
- რა თქმა უნდა, გამართლებული იყო, რადგან რაღაც მიზეზების გამო “ზესტაფონში” მუდმივად თამაში არ მიწევდა, ხოლო “დაჩიაში” სტაბილურად ვთამაშობდი და ჩემპიონიც გავხდი. თუმცა, “ზესტაფონი” ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამ გუნდს ძალიან ვგულშემატკივრობდი. მსურს, თქვენი საშუალებით ჩემპიონობა მიულოცო. “ზესტაფონში” ბევრი მეგობარი მყავს და მწვრთნელებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- განვლილ სეზონში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- 2003-2004 წლებში, როცა რიგის “სკონტოში” ვთამაშობდი, კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ ასეთი სეზონი, როგორიც “დაჩიაში” ჩავატარე, კარიერაში არ მქონია. გუნდმა 66 გოლი გაიტანა და 27 ჩემი დამსახურებაა - 13 გოლი და 14 საგოლე პასი. “შერიფის” კარში ჩემს მიერ გატანილი გოლი “დაჩიას” ისტორიაში გულშემატკივრებმა ყველაზე მნიშვნელოვნად აღიარეს. იმ თამაშში “შერიფი”, რომელსაც 2 ქულით ვუსწრებდით, 1:0-ს გვიგებდა და ანგარიში გავათანაბრე. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და ჩემპიონატში ლიდერობა შევინარჩუნეთ. მე და გუნდში მყოფ სხვა ქართველ ფეხბურთელებს “დაჩიას” გაჩემპიონებაში დიდი წვლილი მიგვიძღვის.
- “დაჩიაში” დარჩენას აპირებთ თუ კლუბს შეიცვლით?
- კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს, მაგრამ ისეთი პირობაა ჩაწერილი, რომ თუ კარგი ვარიანტი გამომიჩნდება, “დაჩიადან” წასვლა შემიძლია. ბუქარესტის “სტიაუადან” დაინტერესება იყო და თუ ეს ვარიანტი გამოვიდა, ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
- დავით გამეზარდაშვილი, მამუკა ლომიძე და ვასილ ღუჭაშვილი მომავალ სეზონში გუნდში დარჩებიან?
- გამეზარდაშვილი სტაბილურად თამაშობდა და დაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ლომიძეს ტრავმა ჰქონდა და თამაშებიც ამიტომ გაუცდა. ღუჭაშვილს თამაში ხშირად არ უწევდა და “ზიმბრუში” გაანათხოვრეს. “დაჩიასთან” კონტრაქტები გვაკავშირებს და თუ უკეთესი წინადადება გვექნება, წავალთ, თუ არა - დავრჩებით.
- მოლდოვის ჩემპიონატის საერთო დონეზე რას იტყვით? ერთი შეხედვით, რაც ჩანს, ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები მოლდოვურ გუნდებსაც საკმაოდ აქვთ –კეთილმოუწყობელი სტადიონები, ხის ტაბლოები...
- საერთოდ, საშინაო თამაშებს “ზიმბრუს” სტადიონზე ვატარებთ, სადაც შარშან ზაფხულში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოლდოვასთან გამართა. პრობლემა ის იყო, რომ მოლდოვაში ჩემპიონატის მეორე ნახევარი თექვსმეტ თებერვალს დაიწყო და თამაშების ჩატარება მინუს თერთმეტ, მინუს ათ ან მინუს 8 გრადუს ყინვაში გვიწვდა – ორი ტაიმი დავრბოდი ხოლმე და ოფლი არ გამომდიოდა. შესაბამისად, არც სტადიონები იყო მზად და ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ვთამაშობდით. პრინციპში, სადაც ჩვენ ვვარჯიშობდით, თამაშიც იქ გვიწევდა. ამიტომ იყო ხის ტაბლოები და ა.შ. რაც შეეხება დონეს, “შერიფის” მსგავსი გუნდი თავისი პირობებით, ბაზით და მიღწევებით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დღეს იშვიათია. ამ დონის გუნდს 9 ქულით ვაჯობეთ, ე.ი. რაღაც დონეს ჩვენც ვუწიეთ.
- “დაჩიაში” თუ გეგმავენ “შერიფის” დონის გუნდის ჩამოყალიბებას?
- ჩემპიონობა გვქონდა დაგეგმილი და მივაღწიეთ. კლუბის პრეზიდენტს, რომელიც რუსეთში მოღვაწე ინგუშია, დიდი გეგმები აქვს და ვნახოთ, რა გამოვა. მან კიშინიოვისგან 60 კილომეტრის მოშორებით საფეხბურთო ბაზა იყიდა, რაც მეტყველებს, რომ გუნდის განვითარება სურს.
ლაშა თაბაგარი