ინტერვიუები

10:58 | 2.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: “ბერლუსკონის არ გავუგდივარ, თავად წავედი”

იტალიური “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ კვილიფიკაციის ასამაღლებლად სამწვრთნელო კურსები გაიარა, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს. ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ სასწავლი კიდევ ბევრი აქვს და ამის შემდეგ ინგლისში მუშაობა უნდა.
ლეონარდო უარყოფს ინფორმაციას, რომ “მილანიდან” ბერლუსკონიმ გააგდო და ირწმუნება - წასვლის გადაწყვეტილება თავად მივიღეო. “როსონერის” დატოვების შემდეგ ბრაზილიელმა დიდი შვებულება მოიწყო, ახლა კი, ტელევიზიებში ჩემპიონთა ლიგის მატჩების კომენტატორად მუშაობს და ახალ წინადადებას ელის.
- როგორ გაატარეთ ზაფხული?
- დავამთავრე კოვერჩიანოს მწვრთნელთა კურსები და სრულიად მოვწყდი ამ სამყაროს. მსოფლიოს ჩემპიონატს თვალი შორიდან ვადევნე და როგორც იქნა, 40-50 დღიანი დასვენება მოვიწყვე, რისი საშუალებაც აქამდე ცხოვრებაში ერთხელაც არ მქონია.
- ვფიქრობდით, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში გიხილავდით...
- მზადყოფნა უკვე გამოვთქვი საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობისთვის, ოღონდ რაიმე  სპეციფიკური როლის გარეშე. ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემი ქვეყნისათვის სრულიად განსაკუთრებული იქნება. ჩვენს ფეხბურთს ზრდის საშუალება მიეცემა, ისევე, როგორც ქვეყანას. ბრაზილიის ეკონომიკა, ამჟამად მსოფლიოში მე-9 ადგილზეა და მალე მე-7-ზე გადავა. მიუხედავად ჩემი მზადყოფნისა, ჯერ არავინ დამკავშირებია და არ დამლაპარაკებია.
- და რა იქნება ახლა?
- ჩემპიონთა ლიგის თამაშებს წავიყვან Sky-ზე და Canal + - ზე. წელს მილანში ვიცხოვრებ და ვიმოგზაურებ ლონდონში, პარიზსა და რიოში. შევეცდები მეტი გავიგო ფეხბურთზე, როგორც უშუალოდ მატჩებზე დასწრებით, ასევე წიგნებიდან. მსურს, საკუთარი არქივი, პროფესიული ცოდნა გავაღრმავო. “მილანში” მუშაობისას, გამოუცდელებლობის გამო, ხშირად მიწევდა იმპროვიზაცია. პირველი შეხვედრა, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ვადევნე თვალი, 2009 წლის მაისში შედგა. ახლა მინდა, რომ ყველა მიმართულებით, მუშაობის საკუთარი მეთოდიკა შევიმუშავო: დამოკიდებულება გუნდთან, კლუბთან, ჟურნალისტებთან... ვინც ლეონარდოს სამსახურში აიყვანს, მუშაობის განსაზღვრულ მეთოდიკას მიიღებს.
- ვინ აპირებს ლეონარდოს სამსახურით დაინტერესებას?
- ვისურვებდი, რომ ეს იყოს ინგლისური კლუბი, სადაც მენეჯერი თამაშის ხარისხზე სრული პასუხისმგებელია. მიმდინარე სეზონში, მე ხშირად ვიქნები ინგლისში.
- მასიმო მორატიმ რომ მიგიწვიოთ?
- ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მუდამ მეგობრული შეხვედრები გვაქვს. რა გითხრათ - “არასოდეს თქვა - არასოდეს”...
- თქვენ რომ ყოფილი “მილანელი” ხართ?
- “მილანი” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: ფეხბურთელი, მენეჯერი, მწვრთნელი - იქ მთელი 13 წელიწადი გავატარე და რაღაც პერიოდში ვიფიქრე, რომ მე და “მილანი” განუყოფელნი ვიყავით. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს წელიწადი იმისთვის მჭირდება, რომ ყველაფერს ნეიტრალური თვალით შევხედო.
- ლეონარდო “ინტერში”. რას იტყვის ამაზე გალიანი?
- ვფიქრობ, ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდება, ისევე, როგორი პატივისცემითაც მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას, როდესაც “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტა დავაპირე.
- განა თქვენ ბერლუსკონიმ არ გაგათავისუფლათ, რადგან გუნდი ცუდად თამაშობდა?
- აუცილებელია, რომ ორი რამ განსაზღვრულად ვთქვათ. პირველი: კლუბის სიტემაში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, ტაქტიკური მოსაზრებით მას არაფრისდიდებით არ დავტოვებდი. თუნდაც იმიტომ, რომ “მილანი” ახლაც ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც ადრე. და მეორე: სწორედ მე გადავწყვიტე წასვლა, ერთწლიან კონტრაქტზე უარი ვთქვი. მუშაობის სტილი და ხასიათი, ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ამის გამო წავედი. ყველაფერი ეს, მასაც ვუთხარი.
- პირისპირ ბოლოს როდის ისაუბრეთ?
- “რომა”-“მილანი”, მარტში.
- თქვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ალეგრის პრეზენტაციაზე ბერლუსკონიმ არცთუ კარგად მოგიხსენიათ?
- არც კი ვიცი ჩემზე ასე ბევრს რატომ ლაპარაკობს. ალბათ რაღაც არ ასვენებს.
- პატო და ნესტა ჯანმრთელად რომ ყოფილიყვნენ, “სკუდეტოს” მოიგებდით?
- თუ ორი ფეხბურთელის ტრავმა გუნდზე ასე აისახება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ასეთი შემადგენლობა მას წარმატებას ვერ მოუტანს. საწუწუნო არაფერი მაქვს.
- სეზონის დაწყების წინ შემადგენლობის გაძლიერებას არ დაგპირდნენ?
- არა. კლუბის პოლიტიკას მუდამ ვიზიარებდი, რომელიც მნიშვნელოვან გაყიდვებს და შენაძენებს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებდა, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. კაკა ტაქტიკური მოსაზრებების გამო არ გაუყიდიათ. წავიდა კარლო ანჩელოტიც, რომელიც ბუნებით გამარჯვებულია. მოთამაშეები, როგორც ვეტერანები, ასევე ახალგაზრდები, თამაშში მაქსიმუმს დებდნენ, იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე შეეძლოთ და “მილანი” ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანეს. ბიჭებმა გაწეული სამოშაოთი იმაზე დიდი ემოცია მაჩუქეს, ვიდრე “ბერნაბეუზე” გამარჯვება იყო.
- ალეგრიმ სეზონის წინ იბრაჰიმოვიჩი და რობინიო დაიმატა...
- ... და ბოატენგი. მშვენიერი მოთამაშეები არიან, თუმცა, მე მაინც არ ვწუწუნებ. ვიმეორებ, კლუბის პოლიტიკას მუდამ ვიზიარებდი. მათ თავად მთხოვეს გუნდის გაწვრთნა, ძალიან შემეხვეწნენ.
- ალეგრის მუშაობა მოგწონთ?
- მის წინაშე რთული ამოცანა დგას. მან უნდა ილოცოს, რომ ტრავმა არავინ მიიღოს. ვიმედოვნებ, მას მუშაობისთვის დროს და სივრცეს მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ გუნდში სხვა ვინმე მოვა. ყოველ წელიწადს მწვრთნელის ცვლა, “მილანის” სტილი არაა.
- რამდენად გეხმარებოდათ ადრიანო გალიანი თანამდებობის შენარჩუნებაში?
- გალიანი “მილანისთვის” დღე-ღამეში 24 საათს მუშაობს, ის ამ კლუბით ცხოვრობს. ამ პიროვნების მიმართ უსაზღვრო პატივისცემას განვიცდი. მან მომცა საშუალება, საფეხბურთო მენეჯერობა შემესწავლა და მისგან მუდამ პატივისცემას ვგრძნობდი. “მილანში” მწვრთნელად მუშაობის პერიოდში, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის ჩემს გადაწყვეტილებებს მუდამ მაქსიმალური პატივისცემით ეკიდებოდა.
- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
- მოდით შევეშვათ პელეს და მარადონას. მათ შორის, ვინც თამაშში პირადად მინახავს, ყველაზე გამორჩეული რონალდოა.
- ვინ მოიგებს “სკუდეტოს” მიმდინარე გათამაშებაში?
- იმის გათვალისწნებით, რაც ბოლო წლებში ხდება, ფავორიტი რაღა თქმა უნდა “ინტერია”. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატი წელს უფრო დაბალანსებული მეჩვენება. მეტია ისეთი გუნდები, რომელთაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
- მოურინიოზე რას იტყვით?
- მუშაობის მხრივ მისაბაძი მაგალითია. ის შემთხვევით არასოდეს იგებს. ძალიან გამიკვირდება, თუ ის “რეალთან” ერთად ვერაფერს მოიგებს.
- “იუვენტუსს” მძიმე დღეები უდგას...
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის დიდ დროზე გათვლილი პროგრამით მიდის. მოთმინებაა საჭირო.
- “რომაზე” რას იტყვით?
- ამ გუნდის ძალა თამაშის თავისებურ ლოგიკაშია. არ ველოდი ადრიანოს დაბრუნებას, რადგანაც ბრაზილიაში თავს კარგად გრძნობდა. შესაძლოა, ის მიხვდა, რომ ისევ შესწევს იმ გამოწვევის მიღების ძალა, რომელიც იტალიაში თამაშის დროს შეწყვიტა.
- რას იტყვით ახალ “სკუადრა აძურაზე” კასანოსა და ბალოტელისთან ერთად?
- ასეთი ფეხბურთელები მომწონს. ბალოტელის კლუბში რთული პერიოდი ჰქონდა. მისი გაწვრთნა და ზრდაში ხელშეწყობა, ძალიან საინტერესოა.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.12069