საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა რევაზ ლაშხმა (60 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) და სოსო ჯაბიძემ (96 კგ) კი ამავე ეტაპზე დაასრულეს ძირითად ბადეში გამოსვლა.
ლაშხმა ხორვატ ტონომირ სოკოლს 1:0 2:0 აჯობა და მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ივან კუილაკოვს დაეჭიდება. ფერსელიძე კი უკვე ნახევარფინალშია – ჯერ ხორვატ მარკო კოსკევიჩს აჯობა ორ პერიოდში – 3:0 5:1, შემდეგ კი სლოვაკი დავიდ ლენგიელიც ჩამოიშორა (1:0 3:0) და ნახევარფინალში ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, თურქ რიზა კაიაალპს დაეჭიდება.
გოგიტაძე თურქ ფათიჰ უჩუნკუსთან, გაფრთხილებებით დახუნძლულ სამპერიოდიან შეხვედრაში დამარცხდა (1:1, 1:1, 1:1). ქართველმა მსუბუქწონოსანმა ბოლო ქულის უპირატესობა პირველ პერიოდში გამოიყენა, ხოლო თურქმა – მეორე-მესამეში.
ჯაბიძემ კი უშანსოდ წააგო ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, სომეხ არტურ ალექსანიანთან და ისღა დარჩენია, მძლეველის ფინალში გასვლას დაელოდოს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რომ მიეცეს.