ქართველებისთვის საინტერესო უნგრულმა გუნდმა “დიორმა” ვარჯიში 10 იანვარს დაიწყო. რატი ალექსიძე, გიორგი განუგრავა, ლაშა თოთაძე, თემურ შარაშენიძე – ოთხივე მათგანი “დიორშია” და როგორც კლუბის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლაშა ოდილაძემ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, მათი გაშვება არც განიხილება.
ოდილაძეს უნგრეთში დავუკავშირდით:
- ამჟამად, ისევ “დიორის” პრეზიდენტის მრჩეველად მუშაობთ?
- ოფიციალურად წამოსული ვარ, თუმცა, გუნდში არსებულ სიტუაციებზე, რეგულარულად საქმის კურსში ვარ. უკვე სამი თვეა, რაც პოსტი დავტოვე. რვა წლის განმავლობაში, საერთოდ არ დამისვენია და გადავიღალე. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული არ მასვენებს და ალბათ, მალე დავუბრუნდები თანამდებობას.
- ანუ “დიორის პრეზიდენტთან და მწვრთნელებთან ურთიერთობა არ შეგიწყვეტიათ?
- რა თქმა უნდა, არა. ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ.
- ოთხი ქართველი ფეხბურთელია “დიორში”, მაგრამ ალექსიძის გარდა, სათამაშო პრაქტიკა ყველას აკლია. რჩებიან ისინი გუნდში?
- დიახ, ოთხივენი რჩებიან ძირითად გუნდში და მათი წასვლა არც განიხილება.
- წინა სეზონებთან შედარებით, განუგრავა უფრო გაუშინაურდა “დიორის” ძირითადს. კმაყოფილნი არიან მისით?
- თუ გავითვალისწინებთ, რა მძიმე ტრავმა ჰქონდა გიორგის და რამდენი გაუცდა, მისი პროგრესი აშკარაა. ასევე ვიტყოდი შარაშენიძეზე. 18 წლის ბიჭია და მასაც ტრავმა ჰქონდა.
- “დიორმა” გასული სეზონი ძლიერად ჩაატარა, ევროტურნირებზე ითამაშა და ფრანგული “მონპელიეც” კი გამოთიშა. ამ სეზონში კი, გუნდი ჩემპიონატის ცხრილის შუაშია. რა მიზეზებია?
- რამდენიმე ნიუანსია. ყველაფერზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდში ბევრი, სრული სერიოზულობით არ უდგებოდა საქმეს.
- კონკრეტულად?
- მიზეზი ეს არის – ზოგიერთ ფეხბურთელს თავში აუვარდა.
- ქართველებსაც ეხებათ?
- ყველას ეხება, მაგრამ ქართველებმა, უწინარესად, ის უნდა იცოდნენ, რომ სხვაზე მეტი უნდა იშრომონ. სხვაგვარად ძნელია - ადგილობრივს ერთი თავით უნდა აჯობო, რომ თავი გაიტანო.
ილია ნანობაშვილი