ინტერვიუები

21:16 | 14.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლალი ზერეკიძე: “სიურპრიზის შემოთავაზება ყველა ნაკრებს შეუძლია”

16 აპრილს, თბილისი-სტამბული-ქაიროს რეისით, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები (ანა ტატიშვილი, სოფო შაფათავა, სოფო ქავაცაბაია) ეგვიპტეში მიემგზავრება, რომელიც 18-დან 22 აპრილის ჩათვლით, ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ტურნირში, საქართველო დანიის, ფინეთის, ლატვიის, ჩერნოგორიის, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკისა და თურქეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ქაიროში ჩასვლის შემდეგ, ჩატარდება კენჭისყრა და ზემოთ ნახსენები გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან. თითოეულ ჯგუფში, შეხვედრები წრიული სისტემით ჩატარდება. ჯგუფში I-II ადგილებზე გასული გუნდები პირველი ჯგუფის ორი საგზურისთვის, ხოლო III-IV ადგილებზე გასული გუნდები ჯგუფში დარჩენისთვის იბრძოლებენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები თითო მატჩს ჩაატარებენ. ამის შემდეგ, ორი საუკეთესო, პირველი ჯგუფის საგზურს მიიღებს, ხოლო ჯგუფში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდებიდან ორი ხელმოცარული, III-ში გადაინაცვლებს.
ქაიროში გამგზავრების წინ, “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტან ლალი ზერეკიძეს ესაუბრა.
- ვინც გსურდათ, ნაკრებში ყველა გამოიძახეთ?
- სამწუხაროდ, ვერ ითამაშებს საქართველოს ნომერი მეორე ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი, რომელსაც საფრანგეთის ერთ-ერთ კლუბთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კლუბის მატჩები ნაკრების მათჩებს ემთხვევა. მაკას ოსტატობა და გამოცდილება ძალიან დაგვაკლდება.
- ოკსანა კალაშნიკოვა რატომ არ თამაშობს?
- კალაშნიკოვამ ზურგის ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა და ჯერ არ არის სასურველ ფორმაში.
- დანიელებს ქალთა ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი, კაროლინ ვოზნიაცკი თუ ეყოლებათ?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, ვოზნიაცკიმ ევროაფრიკული ზონის II ჯგუფში თამაშის სურვილი გამოთქვას.
- აღნიშნულ ტურნირზე, პირველი ასეულის რამდენი წარმომადგენელი თამაშობს?
- პირველი ასეულიდან ქაიროში მხოლოდ ჩვენი ნაკრების ლიდერი – ანა ტატიშვილი ითამაშებს, რომელიც ამჟამად 85-ე ადგილზე იმყოფება.
- გამოდის, რომ ტურნირის ფავორიტი საქართველო ყოფილა.
- ქაიროს ტურნირს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. სიურპრიზის შემოთავაზება ყველა ქვეყნის ნაკრებს შეუძლია.
- ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრების პირველი ნომერი ტატიშვილი იქნება. წყვილთა შორის და მეორე ნომერზე, რომელი სოფო ითამაშებს, შაფათავა თუ ქვაცაბაია?
- ჯერ მეც არ ვიცი. ჩვენი ნაკრების მეორე ნომრისა და წყვილთა შორის მოასპარეზეთა ვინაობას ქაიროში ჩასვლის შემდეგ დავაზუსტებთ.
 
როლანდ ლაბუჩიძე
 
0.11473