გუშინწინ აზერბაიჯანულ საიტებზე ეწერა, ბაქოს “ნეფთჩიმ” ლადო ბურდული ტრანსფერზე დააყენაო, თუმცა, 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ეს ინფორმაცია უარყო – სხვა კლუბში მანათხოვრებენ, კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს და გაშვების უფლება არც აქვთო. “ცხინვალის “სპარტაკში” თამაშისას 86 კილო ვიყავი, ახლა კი შედარებაც არაა, 78,5 კილო ვარ და ეს, დიდწილად, “ნეფთჩის” იტალიელი ფიზმომზადების მწვრთნელის, ჯოვანი მალკიორეს დამსახურებაა. ასეთი ფიზმომზადების სპეციალისტი არ მინახავს და “ნეფთჩი” რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატს ლიდერობს, ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა. თუმცა, მალკიორე “გალათასარაიში” გადავიდა”, – გვითხრა ბურდულმა, რომელსაც სხვადასხვა თემებზე ვესაუბრეთ:
- თქვენი მომავალი “ნეფთჩისთან” რამდენად იქნება დაკავშირებული?
- ორი დღის წინათ, მე, “ნეფთჩის” მწვრთნელმა და პრეზიდენტმა კაბინეტში ვისაუბრეთ. მოვილაპარაკეთ, რომ შვიდ იანვარს ჩავალ ბაქოში და იქ გადაწყდება, რომელ კლუბში გამანათხოვრებენ (საუბარია ექვსთვიან იჯარაზე), ზაფხულში კი ისევ “ნეფთჩის” დავუბრუნდები. “აზალი”, “განჯა” და “მუღანი” – ამ 3 კლუბიდან ერთ-ერთში გამანათხოვრებენ. “აზალი” უკეთესი ვარიანტია და ვნახოთ.
- და როგორ ფიქრობთ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანულ საიტებზე, რომ ბურდული “ნეფთჩიდან” გაუშვესო?
- არ ვიცი. გაშვებაზე არაფერი თქმულა, რადგან 1+1-წლიანი კონტრაქტი მაქვს. მხოლოდ განათხოვრებაზეა საუბარი, რადგან “ნეფთჩიში” სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა. თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მატჩებში ვითამაშე და ისიც, მე-2 ტაიმში შევდიოდი. განათხოვრება მეც მსურდა, რადგან სისტემატურად თამაში მაკლია.
- რატომ მოხდა, რომ თამაში თითქმის არ გიწევდათ?
- იცით, “ნეფთჩის” პრეზიდენტმა ჩამიყვანა, მწვრთნელს კი თავისი მოყვანილი ფეხბურთელები ჰყავს და უფრო მათ ენდობა, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ეს აზერბაიჯანია და რასაც უკრაინაში ვიყავი შეჩვეული, იგივე სიტუაცია არ დამხვდა. თანაც, გუნდში 10 ლეგიონერი გვყავდა, თამაში კი მხოლოდ ექვს შეუძლია. გარდა ამისა, ვერ ვიტყვი, რომ “ნეფთჩიში” ჩასვლისას ფორმაში ვიყავი.
- ახლა ხართ ფორმაში?
- ცხინვალის “სპარტაკში” თამაშისას 86 კილო ვიყავი, ახლა კი 78,5 ვარ. ბაქოში ჩასვლისას ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი, მაგრამ ძალიან მოვინდომე და ვარჯიშით მივაღწიე სასურველ კონდიციებს. “სპარტაკში” თამაშისას და ბაქოში ყოფნის საწყის ორ თვეში არც მწყინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში არ მიძახებდნენ, მაგრამ ნოემბრის თამაშში ნამდვილად შემეძლო ნაკრებს დავხმარებოდი. ბოლო 2 თვეა, მართლაც ვგრძნობ, რომ კარგად თამაში შემიძლია. ეს, დიდწილად, “ნეფთჩის” იტალიელი ფიზმომზადების მწვრთნელის, ჯოვანი მალკიორეს დამსახურებაა. ასეთი ძლიერი ფიზმომზადების სპეციალისტი არ მინახავს და “ნეფთჩი” რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატს ლიდერობს, ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა. მალკიორე უკვე თურქეთის “გალათასარაიშია”. თანაც, როგორც კი “გალათასარაის” მთავარ მწვრთნელად გეორგე ჰაჯი დაინიშნა, მაშინვე წაიყვანა. “ნეფთჩის” პრეზიდენტმა თვითმფრინავიდან “მოხსნა” მალკიორე, იმდენად არ უნდოდა მისი გაშვება. დიახ, თვითმფრინავიდან ჩამოსვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაგრამ იტალიელმა თავისი გაიტანა, შეეხვეწა, გამიშვითო. წარმოიდგინეთ, ფიზმომზადების მწვრთნელს თვეში 20 ათას დოლარს რომ გადაუხდი... სწორედ ამდენი ჰქონდა “ნეფთჩიში”. ძალიან კარგი ვარჯიშები ჰქონდა და თამამად ვიტყვი, მან დამიბრუნა კონდიციები.
- მთლიანობაში, რას იტყვით აზერბაიჯანის ჩემპიონატის სპეციფიკაზე? საერთო სურათი ისეთია, რომ დიდ ფულს ხარჯავენ, მაგრამ შედეგს ვერ იღებენ. მუშაობა არ იციან თუ რა ხდება?
- არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს აშკარად სჯობს. მაგრამ სჯობს ფულით და ლეგიონერების ხარჯზე. რაც აზერბაიჯანულ ფეხბურთში ფინანსები იდება, ჩვენთან რომ იხარჯებოდეს, უკრაინაზე არანაკლები დონის ჩემპიონატი გვექნებოდა. ნაკრებებს ვერც შევადარებ, საქართველო ბევრად აღემატება აზერბაიჯანს და ისედაც, ჩვენს ჩემპიონატში გაცილებით ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელები არიან. აზერბაიჯანში თითქმის ყველა გუნდი სავსეა უცხოელებით. თუნდაც ემილ მპენზა, რომელიც, მართალია ასაკშია, მაგრამ გოლები კი გააქვს. 2 ძლიერი ბრაზილიელიც გვყავს “ნეფთჩიში”.
- აბა, რა უშლით ხელს, რომ ევროტურნირებზე უკეთესი შედეგი ჰქონდეთ და ნაკრებიც ძლიერი ჰყავდეთ? ამ ძლიერი უცხოელების გვერდით ხომ ადგილობრივი ფეხბურთელებიც კლასს უნდა იმაღლებდნენ...
- ბევრი ნიუანსია. ფულს მართლა არასწორად ხარჯავენ. ერთ მაგალითს ვიტყვი – “ტოფიკ ბახრამოვის” სტადიონზე მინდორი აღარ ჩანს, 4 გუნდი იქ ატარებს საშინაო მატჩებს. გული მწყდება, აზერბაიჯანის ფინანსები რომ ქართულ ფეხბურთს ჰქონდეს, ძალიან კარგი ჩემპიონატი გვექნებოდა.
ილია ნანობაშვილი