ინტერვიუები

14:23 | 9.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “მე და მესის ისე ვერ შეგვადარებთ ერთმანეთს, როგორც “პორშესა” და “ფერარის”

ორიოდე დღის წინ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი გერმანულ Kicker-ს ესაუბრა. ალემანი ჟურნალისტი პირენელ ვინგერს მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად დაუკავშირდა და მისივე თქმით, კრიშტიანუ გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა.  


- უცნაურია, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამდენი გოლი გაიტანეთ გასულ სეზონში 40 თუ 41. იქნებ თქვენ მოფინოთ ნათელი ამ საკითხს...
- ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ისე კი, პეპეს მიერ სან სებასტიანში გატანილი ბურთი ჩემ ანგარიშზეა ჩასაწერი. ამასთან, 40 გოლი რა ცოტაა? დიდი მადლობა მსურს გადავუხადო პარტნიორებს და სამწვრთნელო შტაბს. მათი თანადგომის გარეშე ამ ზღურბლის მიღწევა შეუძლებელი გახდებოდა.
- კარიერის განმავლობაში უკვე უამრავი გატანილი გოლი დაგიგროვდათ. ლამის ყველა მათგანს ერთნაირი ემოციით ხვდებით. მაინც რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი?
- მნიშვნელოვან მატჩებში თავის გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ამაღლებული გრძნობა მეუფლება. კონკრეტულ სიტუაციასა და მატჩში გატანილი ბურთი სხვადასხვაგვარად მახარებს.
- თქვენც თვლით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ბომბარდირული რეკორდი ესპანური ფეხბურთის ისტორიული მოვლენაა?
- ლა ლიგის რეკორდის დამყარება ჩემთვის მეტად საამაყო რამაა. მეორეს მხრივ, ვცდილობ ამაზე ნაკლები ვიფიქრო და მომდევნო მატჩისთვის უკეთ მომზადებაზე ვიზრუნო. მადრიდის “რეალის” მორიგი წევრი ვარ, ჩემ შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალ-ახალი მოთამაშეები მოვლენ და ერთ-ერთი მათგანი რონალდუს მიღწევას აუცილებლად გააუმჯობესებს. ისე გამოგიტყდებით და რაც უფრო დიდხანს გასტანს ჩემი რეკორდი, მით უფრო მესიამოვნება.  
- ჟოზე მოურინიოს “განსაკუთრებულის” ეპითეტით მოიხსენიებენ. პირადად თქვენ პორტუგალიელი სპეციალისტის რომელ განსაკუთრებულ თვისებებს გამოჰყოფდით?
- ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ სიტყვა “განსაკუთრებული” ყველაზე მეტად შეეფერება მოურინიოს სამწვრთნელო ტალანტს და პიროვნულ თვისებებს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მოგახსენოთ – მისი მუშაობის მეთოდები და სტილი სხვა მწვრთნელებისგან მკვეთრად განსხვავდება. სეუ ჟოზეს უშრეთი საფეხბურთო იდეები აქვს და ვფიქრობ, ფეხბურთის თავისებური, ყველასგან განსხვავებული და ამასთან, საუკეთესო ხედვა აქვს. სადღეისოდ მოურინიოს უძლიერეს მწვრთნელად მივიჩნევ.
- მოურინიოს სერ ალექს ფერგიუსონზე მაღლა აყენებთ?
- მათი შედარება უადგილოა, ისევე როგორც ჩემი და ლეო მესის, ან “პორშესა” და “ფერარის”. რამდენიმე წლის განმავლობაში სერ ალექსის მეთაურობით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. ფერგიუსონი ჭკვიანია, უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და კარგი ადამიანიცაა. ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ალექს ფერგიუსონს ჰგავს.
- რამდენიმე დღის წინ სერ ალექსს სამწვრთნელო მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი ჰქონდა. მიულოცეთ მას “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმწვრთნელობის 25 წლისთავი?
- რამდენჯერმე ვცადე დარეკვა, მაგრამ მისი ტელეფონი დაკავებული იყო. ამის შემდეგ “იუნაიტედის” პრეზიდენტს დავუკავშირდი და ვთხოვე, ჩემი მილოცვა პირადად გადაეცა სერ ალექსისთვის.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა გსურთ დასახული. როგორ გგონიათ, სათამაშო პიკს უკვე მიაღწიეთ?
- სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია. ყოველდღიურად რაღაც ახლის გაგებას და შესწავლას ვცდილობ, ცხადია, გარკვეული მიმართულებებით გასაუმჯობესებელიც მაქვს. თუკი ჩავთვალე, რომ ფეხბურთში ყველაფერს მივაღწიე და ვისწავლე, კარიერის უსახურად დასრულების ხარჯად დამიჯდება.
- როგორც ფეხბურთელისთვის, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაა?
- დაუფიქრებლად გიპასუხებთ – ტიტულები. როდესაც კლუბთან ერთად აღწევ წარმატებას, ინდივიდუალურადაც გაღიარებენ და გაფასებენ.
- ტიტულებსა და ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნების  მიღებას შორის არჩევნის გაკეთება რომ მოგთხოვონ, პრიორიტეტს რომელს მიანიჭებდით?
- მათი ერთმანეთისგან გამოცალკევება დაუშვებელია. ორივე მიზანს მივსდევ. თუკი თამაშით არ ისიამოვნე ტიტულს ვერ მოიგებ, წოდებას კი მხოლოდ ლამაზი, შემოქმედებითი ფეხბურთი მოგიტანს.
- მილიონობით ადამიანის კერპი ხართ. პირადად თქვენ თუ გყავთ მიბაძვის ობიექტი?
- გამოკვეთილი კერპი არ მყავს, თუმცა, ბევრ პროფესიონალს ვცემ დიდ პატივს. მათ რიცხვში სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები შედიან. სპორტის სხვა სახეობებიდან კი განსაკუთრებით კალათბურთი და ფორმულა1 მიყვარს.
 

გოჩა კაჭარავა
 

0.115762