ინტერვიუები

10:41 | 17.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

კობა შალამბერიძე: “პოლონელებს ფეხბურთის განვითარების ნიჭი აქვთ, ჩვენ – ფეხბურთის თამაშის”

წლეულს იანვარში, ცხინვალის “სპარტაკიდან” პოლონეთის ექსტრაკლასას ვოძისლავის “ოდრაში”, ქართველი ფლანგელი ნახევარმცველი კობა შალამბერიძე გადავიდა. მისი გუნდი გავარდა რანგით მეორე ლიგაში და მიუხედავად იმისა, რომ კობას ისევ ექსტრაკლასაში შეეძლო კარიერის გაგრძელება (ბიტომის “პოლონიაში”), “ოდრაში” დარჩა. სხვათა შორის, ფანების გამოკითხვაში, შალამბერიძე სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ლიდერობს.
“მსოფლიო სპორტი” შალამბერიძეს პოლონეთში დაუკავშირდა:

- ბოლო მატჩი რაძიონკოვის “რუხთან” კარგად ჩაგიტარებია. რას იტყვი შენს თამაშზზე და საერთოდ, საამსეზონო გეგმებზე?

- პრინციპული მატჩი წავაგეთ (1:2), შეცვლაზე შევედი და მართლა კარგად ვითამაშე, ჩემი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან გავიტანეთ, მეც ორი მომენტი მქონდა, ერთხელ ავაცილე, მეორედ მეკარემ ამიღო. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა მადლობა გადამიხადა.
- მე-13 ადგილზე ხართ 7 ტურის შემდეგ. ალბათ, ექსტრაკლასაში გადასვლა აღარ იგეგმება.
- ძალიან ძნელი იქნება, 9 ქულას ვაგებთ მეორეადგილოსანთან. “რუხთან” რომ მოგვეგო, სხვა იქნებოდა. არადა, აშკარად ვჯობნიდით თამაშით. და კიდევ,  გუნდში არაა კარგი ატმოსფერო, ფინანსური კრიზისია. ამასთან, ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილოა მწვრთნელით. მათ შორის, მეც არ მქონდა კარგი ურთიერთობა და იმედია, შეიცვლება რამე.
- რატომ?
- თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გეცოდინებათ, “პოლონიაში” წავედი. იქ არ დავრჩი და ისევ “ოდრაში” დავბრუნდი. ეტყობა, მიზეზი ისაა, რომ წასვლა მსურდა. თანაც, ისეთი კონტრაქტი მაქვს, ნებისმიერ დროს უფასოდ შემიძლია სხვაგან გადასვლა.  
- ეს, როგორ?
- გაისად მიმთავრდება ხელშეკრულება “ოდრასთან”, მაგრამ კონტრაქტში არის პუნქტი, რომ შემიძლია, გადასახადის გარეშე წავიდე. ალბათ, ესეცაა მწვრთნელის ჩემდამი უკმაყოფილების მიზეზი. ამ ზაფხულსაც შემეძლო უფასოდ გადასვლა, მაგრამ დავრჩი. იმედია, მალე უკეთეს გუნდში გადავალ.
- როგორ ფიქრობ, მომდევნო მატჩებში გათამაშებს მწვრთნელი?
- წესით, უნდა მათამაშოს. ისე, ტრავმა მქონდა და რამდენიმე მატჩი ამიტომ გამოვტოვე, თუმცა ბოლო კვირებში მომჯობინებული ვიყავი.
- პოლონეთის ჩემპიონატს როგორ შეადარებდი საქართველოსას?
- სხვათა შორის, ექსტრაკლასას და პირველ ლიგას თითქმის თანაბარ ყურადღებას აქცევენ. უბრალოდ, აქ უფრო ახალგაზრდები არიან და ბევრი ბრძოლაა, ექსტრაკლასაში კი სივრცე მეტია და გაცდიან თამაშს. ისე, "ოდრას" თამაშებს 5 000 გულშემატკივარი მუდმივად ესწრება – მიუხედავად იმისა, რომ თამაშებს ვერ ვიგებთ.
- რამდენადაც ვიცით, “ოდრას” საკუთარი ტელევიზიაც აქვს.
- დიახ, ასეა. აქ გიხარია, თამაშის დღე რომ მოდის, საფეხბურთო ბუმია. მითუმეტეს, პოლონეთი ევრო-2012-ის მასპინძლობისთვის ემზადება.
- უფრო ვრცლად რომ გვითხრა, რამდენად დიდი აჟიოტაჟია?
- სტადიონები აშენდა, ყველაფერი კარგადაა მოწყობილი. დარჩა მხოლოდ შედეგი, ძალიან უნდათ, რომ პოლონეთმა კარგი შედეგი აჩვენოს ევროპის ჩემპიონატზე. აქ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალ დონეზეა.
- მიუხედავად იმისა,რომ რანგით მეორე ლიგაა, მაინც კმაყოფილი ხარ საქართველოდან პოლონეთში გადასვლით?
- რა თქმა უნდა, აქ უკეთესია. პოლონეთში სულ სხვა მიდგომაა ფეხბურთის მიმართ.
- კერძოდ?
- თუნდაც, მინდვრები. ისეთი მინდორი უნდა იყოს, რომ ფეხბურთელმა წაგება ცუდ გაზონს არ დააბრალოს. საქართველოში გუნდებს ბაზის პრობლემა აქვთ და კიდევ, ტრენაჟორების. აქ კვირაში სამჯერ ვვარჯიშობ ტრენაჟორებით, საქართველოში კი ამის ფუფუნება სად იყო. იმიტომაცაა, რომ ცოცხალი თამაშებია პოლონეთში, თორემ ნიჭის მხრივ, საქართველო უფრო მაღლა დგას. ამდენი ხანია, აქ ვარ და ნიჭით გამორჩეული პოლონელი ფეხბურთელი არ მინახავს. პირობები რომ გვქონდეს, მათზე კარგი გუნდები და ნაკრები გვეყოლებოდა.
- რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უთქვამს, უცხოურ კლუბში ფეხი იმიტომ ვერ მოვიკიდე, რომ შინაურულად ვერ ვგრძნობდი თავს და უცხოელს ცოტა სხვანაირად მიყურებდნენო. შენ რას იტყვი?
- თავიდან მართლა ასე ვიყავი.  გამიჭირდა. ყველა გაგრძნობინებს, რომ უცხოეთიდან ხარ და სხვა თვალით გიყურებენ. ახლა აღარ, ბევრს ვხუმრობთ გუნდში, ბევრთან მეგობრულად ვარ. რაც ყველაზე მეტად მაკლია, ოჯახისგან შორს ყოფნაა. იმედია, დარეგულირდება სიტუაცია და ოჯახის ჩამოყვანას შევძლებ. კლუბი უნდა დამეხმაროს ამაში. სხვანაირად ძნელია: ლამის, ყველა თამაშში ერთი საგოლე მომენტი მაინც მექმნება, მაგრამ გოლი ვერ გამაქვს, ვნერვიულობ. იმის ბრალიცაა, რომ ახლობელ ადამიანებს მოწყვეტილი ვარ და დაძაბულად ვგრძნობ თავს.
 

ილია ნანობაშვილი



 

0.065369