იმის გამო, რომ მალის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, “ბარსელონას” 28 წლის ნახევარმცველი სეიდუ კეიტა გუნდს ნაადრევად შეუერთდა და აგერ უკვე ერთი კვირაა ახალი სეზონისთვის ემზადება. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს და აფრიკის კონტინენტის ნაკრებებს გულშემატკივრობდა. იმედმა გაუმართლა და კატალონიურ კლუბში მისი თანაგუნდელები, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თავად კი ახალი სეზონის დაწყებას და ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება.
- როგორ გაატარეთ მცირეხნიანი შვებულება?
- ოჯახთან ერთად სამშობლოში ვიყავი. ძალიან კარგი იყო.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები თუ ნახეთ?
- ყველა შეხვედრისთვის ნამდვილად არ მიყურებია, მხოლოდ რამდენიმე თამაში ვნახე.
- ვის გულშემატკივრობდით?
- აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებს და ესპანეთის ნაკრებს, რადგანაც იქ უამრავი მეგობარი მყავს. ძალიან გამიხარდა ესპანელთა გამარჯვება, რადგან ეს კლუბისთვისაც სასარგებლოა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ გამარჯვებები გუნდს და ფეხბურთელებს წაადგება. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ “ბარსელონადან” ესპანეთის ნაკრებში რვა თუ ცხრა მოთამაშე იყო.
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თქვენს ჩამონათვალში სესკი ითვლება თუ არა...
- სესკთან ერთად თუ მის გარეშე, გამარჯვება დადებით მუხტს შეგვძენს. ეს მნიშვნელოვანია. უმჯობესია დიდი ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდე, ვიდრე ის ნაადრევად დატოვო.
- ინიესტას სახელი დღესაც აქტუალურია...
- ის ეროვნული გმირი გახდა, რაც ძალიან მახარებს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანა იოლი საქმე არაა. სწორედ ამ გოლმა აქცია ინიესტა ეროვნულ გმირად და ეს “ბარსელონას” სასიკეთოდ წაადგება. დადებითი მუხტი არა მხოლოდ მას, არამედ პუიოლს, ხავის, პიკეს, დავიდ ვილიას ჩამოჰყვა, რადგანაც ყველა მათგანმა გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
- რა შესძინა აფრიკას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობამ?
- განამ და კოტ დივუარმა უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ისინი რთულ ჯგუფებში მოხვდნენ და აფრიკელთაგან საუკეთესო თამაში აჩვენეს. კამერუნმა და სამხრეთ აფრიკამ შედარებით სუსტად ითამაშეს, მაგრამ მაინც კარგი გამოცდილება მიიღეს. აფრიკისთვის სწორედ ეს იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სპორტული მიღწევა.
- რას გულისხმობთ?
- აფრიკაში ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად ჩატარდა და თავი არ შევირცხვინეთ.
- “ბარსელონამ” “სევილიასგან” ადრიანო შეიძინა. რას გვეტყვით მის შესახებ?
- კარგი ფეხბურთელია. თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია.
- თქვენსავით?
- არა. მას უკეთესი ფიზიკური კონდიციები აქვს და ჩემზე მეტად ტექნიკურია.
- თქვენ “ბარსელონას” სათამაშო სქემას მარტივად მოერგეთ. შეძლებს იგივეს ადრიანო?
- ვფიქრობ, ის ამას ჩემზე სწრაფად მოახერხებს.
- რატომ?
- უპირველესად, მას ჩემპიონატი არ გამოუცვლია. მეორე - “ბარსელონასა” და “სევილიას” სათამაშო ტაქტიკა, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ადაპტაციის მხრივ პრობლემები არც დანის ჰქონდა. უბრალოდ, კომბინაციური ფეხბურთი უნდა გიყვარდეს. ვფიქრობ, ადრიანოს არანაირი პრობლემა არ ექნება.
- თქვენ თქვით, რომ “ბარსელონას” აუცილებლად ჭირდება საყრდენი ნახევარმცველი.
- ყველაფერი პეპეზეა დამოკიდებული. სერხიო კარგად ართმევს თავს საკუთარ სამუშაოს, მაგრამ მე აფრიკის თასზე მომიწევს გამგზავრება და ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება კარგი საყრდენი ნახევარმცველი.
- ვინ შეიძლება შეცვალოს ტურე?
- აბდუ ტრაორემ. მე მას კარგად ვიცნობ, ის მშვენიერი ფეხბურთელია.
- ვარჯიშებზე სიახლეები თუ გაქვთ?
- არა, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის.
- სიცხე არ გაწუხებთ?
- კლიმატი იცვლება და ყველგან ცხელა.
- თამაშებზე გამგზავრება არ გიყვართ?
- თვითმფრინავების მეშინია, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა.
ზურა ქსოვრელი