ინტერვიუები

20:11 | 31.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

კახა შენგელია: “მომავალ სეზონში აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ”

ერთი კვირა არ გასულა, რაც 2011-12 წლების საკალათბურთო სეზონი დასრულდა. დასვენების ნაცვლად სუპერლიგის გუნდები, მათ შორის თსსუ ახალი, 2012-13 წლების სეზონისთვის ზრუნვას იწყებენ.
შეგახსენებთ, რომ თსსუ-მ საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პლეი ოფში თსსუ-მ შეძლო უშუალო კონკურენტ თსუ-ს დამარცხება და ეროვნულ ჩემპიონატში “არმიას”, “ოლიმპს”, “ქუთაისი-2010”-ის, “სოხუმის”, “შსს აკადემიასა” და “დინამოს” შემდეგ მე-7 ადგილი დაიკავა.
გთავაზობთ ინტერვიუს თსსუ-ს მთავარ მწვრთნელ კახა შენგელიასთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” განვლილი სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
- საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ხართ?
- შეგახსენებთ, რომ თსსუ-ს ხელმძღვანელობას XXI ეროვნულ ჩემპიონატში, პირველ ექვსეულში მოხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი წრის შემდეგ, როცა გუნდში მოვედი, თსსუ მე-9 ადგილზე იმყოფებოდა და სეზონი მე-7 ადგილზე დავასრულეთ, რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- რადგან სუპერლიგის წამყვანი გუნდების მსგავსად, XXII ეროვნულ ჩემპიონატში შემადგენლობის გაძლიერებას “რუსთავი” და “ბათუმი-რსუ”-ც აპირებს, ამ სეზონში ნაჩვენები შედეგის გამეორება მისაღები იქნება.
- თსსუ-ში ცვლილებები თუ იგეგმება?
- უკვე გადაწყვეტილია და თსსუ-სთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივეს კოკა ტომარაძემ, აკაკი დვალიშვილმა და ირაკლი გაბისონიამ. მიხეილ ჭოჭუასა და გიორგი კვენეტაძისაგან კი თანხმობას ველოდებით. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.
- გუნდს ლეგიონერებიც (სამოილოვიჩი, ილიჩი) დატოვებენ?
- ლეგიონერები კლუბის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ და გუნდს დატოვებენ. მართალია, ილიჩი ცუდი კალათბურთელი არაა, მაგრამ ტრავმების შემდეგ ფორმის აღდგენა ვერ შეძლო.
- XXII ეროვნულ ჩემპიონატს ლეგიონერის გარეშე ჩაატარებთ?
- მარტო ქართველი კალათბურთელებით თამაში გაგვიჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი გვაქვს თითო გამთამაშებელი და ცენტრალური თავდამსხმელი დავიმატოთ. პირველ წრეში მაქსიმუმ 12 კალათბურთელით თამაშს ვაპირებთ. თუ საჭიროდ ჩავთვლით, მე-2 წრიდან კიდევ უფრო გავძლიერდებით.
- ახლა თქვენი შვილის, ყველაზე პერსპექტიული ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას (“შარლერუა”) შესახებ გკითხავთ, რომელიც 2012 წლის ნბა-ს დრაფტზეა დაყენებული. ამ მხრივ თორნიკესთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- 28 ივნისამდე, ანუ ნბა-ს დრაფტამდე – 11-13 ივნისს ტრევიზოში (იტალია) წინასადრაფტო კემპი უნდა მოეწყოს. კარგი იქნება, ბელგიის ჩემპიონატი კემპამდე თუ დასრულდება, რათა თორნიკემ ტრევიზოში ჩასვლა მოასწროს, 18 ივნისს იწურება ნბა-ს დრაფტიდან საბუთების გამოტანის ვადა. ერთი სიტყვით, 18-ში მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, დადგება თუ არა დრაფტზე თორნიკე.


როლანდ ლაბუჩიძე

 

0.114448