უკრაინულმა ტელეარხმა 24TV-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ჯენოას” კაპიტან კახა კალაძეს ჩამოართვა ინტერვიუ, სადაც საუბარი სხვადასხვა თემებს ეხება. ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ:
- “ჯენოას” მიზნად ევროტურნირებზე გასვლა დაუსახეს, თუმცა, მე-10 ადგილზე ხართ. მიზეზი?
- მიმდინარე სერია A ცოტა უცნაურია. შეხედეთ, მეათეზე ვართ და მეხუთეადგილოსანს სულ 5 ქულით ჩამოვრჩებით (ინტერვიუ ჩაწერილია სერია A-ს XVII ტურის წინ). ძალიან საინტერესო სეზონია. ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს.
- “მილანი” ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებზეც კი მაქსიმალურ მიზნებს ისახავს, ხოლო “ჯენოაში” სხვა სიტუაციაა. თქვენი გუნდისთვის ევროპის ლიგაზე გასვლაც წარმატებად ჩაითვლება. რამდენად გყოფნით სტიმული, რომ მუდამ 100 პროცენტით დაიხარჯოთ როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე?
- უკვე მივეჩვიე. როგორც აღნიშნეთ, “მილანი” მართლაც ყველაფრის მოგებას გეგმავდა, “ჯენოაში” კი მოკრძალებული ამბიციებია, თუმცა ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ჩემ გუნდს უნდა დავეხმარო. მთავარია, რომ მინდორზე გავდივარ და სიამოვნებას ვიღებ თამაშით.
- “ჯენოაში” გადასვლის მიზეზებზე გვითხარით.
- “მილანში” სათამაშო პრაქტიკის არქონა მძიმე დარტყმა იყო. ტრავმის მიღების შემდეგ ჩემდამი ნდობა დაიკარგა და როცა გამოვჯანმრთელდი, მაშინაც ვერ მოვიპოვე ადგილი. გასულ სეზონში “როსონერიში” სულ 7 მატჩი ჩავატარე, რაც კატასტროფაა. მესმის, რომ ტრავმის შემდეგ კონდიციები ცოტა დავკარგე, მაგრამ როდესაც მინდორზე გასვლის შანსსაც არ გაძლევენ, ეს დიდი პრობლემაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და კლუბში უთამაშებლობა არანაირად არ შედიოდა ჩემს გეგმებში. ამიტომაც გადმოვედი “ჯენოაში”.
- უეფას თასს რეფორმირება იმიტომაც გაუკეთეს, რომ ბოლო წლებში იტალიურ, ინგლისურ და ესპანურ კლუბებს მაინცდამაინც არ იზიდავდა იქ თამაშის პერსპექტივა. რამდენად პრესტიჟულია ევროპის ლიგა იტალიაში?
- ვფიქრობ, ეს ტურნირი უფრო საინტერესო გახდა, რადგან უფრო ბევრი ძლიერი კლუბი თამაშობს. ადრე მართლაც ისე ხდებოდა, რომ იტალიელებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აინტერესებდათ, თუმცა, ახლა ევროპის ლიგაც პრესტიჟული გახდა.
- ბევრი საუბარია მარჩელო ლიპის უკრაინის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე. როგორ ფიქრობთ, ლიპი ხარისხობრივად უფრო მაღლა ასწევს ნაკრების თამაშის დონეს?
- ლიპი სახელგანთქმული სპეციალისტია, მან ყველაფერი მოიგო როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. თუ ლიპი დათანხმდება, რა თქმა უნდა, ეს დიდი პლუსი იქნება უკრაინის ნაკრებისთვის.
- ევრო-2012-მდე დიდი დრო არ დარჩა. ლიპი მოასწრებს უკრაინულ ფეხბურთთან სრულად ადაპტირებას?
- ვფიქრობ, მოასწრებს. უკრაინას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათთან ერთად შესაძლებელია სერიოზული ამოცანების შესრულება. მით უმეტეს, ლიპის თავკაცობით.
- კიევის “დინამოს” თამაშებს უყურებთ? თქვენ ყოფილ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ.
- სიმართლე გითხრათ, წლეულს არ მიყურებია კიეველთა თამაშებისთვის. და რომ აკრიტიკებენ, ამაში გასაკვირი არაფერია. “დინამოს” გულშემატკივრები წარმატებას მიჩვეულნი არიან, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ეს გუნდი მუდამ კარგ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა. 90-იანი წლების ბოლოს, როცა ანდრე შევჩენკო და მე ვთამაშობდით, ხოლო მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი გახლდათ, კიევის “დინამო” ძალიან ძლიერი იყო. რამდენიმე წლის წინათ იური სიომინი მივიდა გუნდში და კიეველებმა ისევ დაიწყეს სიმპათიური ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ სიომინი წავიდა და ვერაფრით მოიძებნმა სპეციალისტი, რომელიც ჩვეულ დონეზე აიყვანდა “დინამოს”. სულ მწვრთნელებს ეძებენ... მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი მოგვარდება და “დინამოს” კრიტიკას შეეშვებიან.
- რას გააკეთებთ, როცა ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებთ – მწვრთნელობა, საფეხბურთო მენეჯერობა თუ ბიზნესის განვითარება?
- ფეხბურთში არ დავრჩები, მაგრამ სპორტის ამ სახეობას დავეხმარები საქართველოში. მინდა, რომ სოციალური პროექტები განვახორციელო, ქველმოქმედება გავწიო და რა თქმა უნდა, ბიზნესი განვავითარო.
ილია ნანობაშვილი