მილანიდან დასავლეთლონდონურ “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” დამრიგებლად გადასულ კარლო ანჩელოტის გასული სეზონი აქტივში შეუძლია თამამად ჩაიწეროს. მართალია, “არისტოკრატებმა” კვლავ ვერ აუხდინეს ოცნება რომან აბრამოვიჩს და ისევ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩნენ, სამაგიეროდ, კლუბის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში “ჩელსიმ” პირველად შეძლო ინგლისური დუბლის გაკეთება – 2009-10 წლების სეზონამდე სტემფორდ ბრიჯელები ერთდროულად ქვეყნის ჩემპიონატისა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის დაუფლებას ვერ ახერხებდნენ. ახალ სეზონში კარლო ანჩელოტი და მისი ბიჭები საშინაო ასპარეზზე კვლავაც პირველობისთვის იბრძოლებენ, ამასთან, ბოლო წლებისთვის ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც იზრუნებენ. პირველი სერიოზული გამოცდა კი “ჩელსის” 8 აგვისტოს ელის, როცა “არისტოკრატები” ინგლისის სუპერთასისთვის მატჩში მანჩესტერელ “წითელ ეშმაკებს” დაუპირისპირდებიან.
- წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრების შემდეგ “ჩელსი” ტესტ-მატჩების ჩატარებას შეუდგა. ჯერჯერობით წარუმატებლად ასპარეზობთ. ინგლისურ დაბალდივიზიონურ კლუბებთან მარცხს ფრანკფურტში “აინტრახტთან” წაგება მოჰყვა. რა დასკვნა გააკეთეთ ამ შეხვედრებისგან?
- ცხადია, წაგება არავის უხარია და ჩვენც გული დაგვწყდა გერმანელებმა 2:1 რომ დაგვამარცხეს, თუმცა, მხოლოდ უარყოფითი ემოციით დამუხტულები არ დავრჩით. გაგვიხარდა, როცა სათამაშოდ გასულებს ფრანკფურტის “კომერცბანკი” მაყურებლებით სავსე დაგვხვდა. ამან ორივე გუნდის ფეხბურთელებს დამატებითი სტიმული მისცა. ბიჭებს ისეთი შეგრძნება დაუეფლათ, თითქოს ოფიციალურ შეხვედრას ატარებდნენ. კარგი თამაში გამოვიდა, ამ ეტაპისთვის ურიგოდ არ გამოვსულვართ, “აინტრახტმა” კი სულაც მაღალი კლასის ფეხბურთი უჩვენა თავის გულშემატკივარს. არ ვწუწუნებ და არც თავის მართლებას ვაპირებ, მაგრამ “ჩელსის” წაგება დიდწილად უხარისხო მინდორმა და უჩვეულო ბურთმა განაპირობა.
- არც ის გიხსენებიათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები გუნდს მოგვიანებით რომ შეუერთდნენ და სადღეისოდ ოპტიმალური ფორმისგან საკმაოდ შორს არიან...
- გეთანხმებით. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მონაწილეებმა ტურნირის დასრულების შემდეგ “აინტრახტთან” პირველი მატჩი ჩაატარეს. ისინი ჯერ არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არიან, ამიტომაც მხოლოდ 45 წუთი ვათამაშე. თანაც ბევრი ფეხბურთელის გამოცდა მსურდა. გარწმუნებთ, სეზონის სტარტს ყველა ჩვენი წამყვანი მოთამაშე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდება.
- თავდაპირველად, ფრენკ ლამპარდი გერმანიაში გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაშიც კი არ იყო, თუმცა, “აინტრახტთან” შეხვედრის მეორე ტაიმში იგი მინდორზე გაიყვანეთ...
- მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფრენკი ავადმყოფობდა, ამიტომაც მისი დასვენება გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, მატჩის დღეს ჩატარებული დილის ვარჯიშზე მისმა მდგომარეობამ დამაკმაყოფილა და შესვენების შემდეგ ლამპარდი სათამაშოდ შევუშვი. ასპარეზობაში მისი ჩართვის შემდეგ “ჩელსის” თამაში გაცილებით უფრო სოლიდური გახდა, ჩვენი ერთადერთი გოლი კი სწორედ ფრენკმა ცაიწერა საკუთარ ანგარიშზე.
- ოთხშაბათს (ხვალ-რედ) გერმანული შეკრების ბოლო მატჩს ჩრდილოგერმანულ ჰამბურგში ჩაატარებთ, მალე კი პრინციპული შეხვედრის ჩატარებაც მოგიწევთ – 8 აგვისტოს “ქომიუნითი შილდზე” (ინგლისის სუპერთასი) “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდებით...
- კვირას “უემბლიზე” სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან რთული მატჩი გველის, ოლდ ტრაფორდელებთან უკეთ მოსამზადებლად კი გადავწყვიტე “ჰამბურგს” იგივე შემადგენლობა დავუპირისპირო, რომლითაც მანჩესტერელებს შევებმებით.
- “ჩელსის” მეკარის პოზიციაზე კვლავ სირთულეები შეექმნა. “აინტრახტთან” კარს პორტუგალიელი ილარიუ იცავდა. გაშვებულ გოლებში მას ბრალს ვერ დავწამებთ, თუმცა, ბოლო წლებში ჩეხი გუნდისთვის ქარიზმატულ პიროვნებად იქცა და მისი მინდორზე ყოფნა “ჩელსისთვის” ცოტას არ ნიშნავს...
- ჩვენი სათადარიგო გოლკიპერები კარგად გამოიყურებიან და მათი იმედი გვაქვს. იმავე ილარიოს ჩეხი წარმატებით არაერთ მატჩში შეუცვლია. ასე რომ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პეტერს რაც შეეხება, იგი წვრთნას უკვე შეუდგა და აგვისტოს შუა რიცხვებში, როცა პრემიერლიგა სტარტს აიღებს, მწყობრში იქნება.
- ჯერჯერობით “ჩელსის” რიგებში არც დიდიე დროგბა ჩანს...
- დიდიეს მდგომარეობას და მზადყოფნის დონეს კიდევ ერთხელ სამშაბათს შევაფასებთ და შესაძლოა აფრიკელმა “ჰამბურგის” წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც. დროგბა ლონდონში ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვიდა და მისი ფორმა არ გვაკმაყოფილებდა. თუმცა, მონდომებით ვარჯიშმა დიდიეს სპორტული მდგომარეობა დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გააუმჯობესა. იგი დღეს დაახლოებით 60 პროცენტით მზადაა. კიდევ 2 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ. ალექსი და ჟოზე ბოსინგვა ლონდონში დაბრუნების შემდეგ შეურთდებიან “ჩელსის”.
- “ჩელსის” ფეხბურთელებს ფიზიკურ მზადყოფნას ვერც ჟოზე მოურინიოს მთავარმწვრთნელობისას დავუწუნებდით, თუმცა, ბევრი ამტკიცებს, ანჩელოტის ხელში “არისტოკრატებმა” “ფიზიკა” კიდევ უფრო გაიუმჯობესესო. ახალი სეზონის წინ ვარჯიშებზე აქცენტს კვლავინდებურად ფეხბურთელების სიმძლავრის მომატებაზე აკეთებთ?
- ჩვენი ერთ-ერთი კოზირი ფიზიკური მომზადებაცაა, მაგრამ “ჩელსი” ფიზიკურ სიმძლავრეზე აქცენტს არასდროს გააკეთებს. რასაკვირველია, ფუნქციონალური მზადყოფნა თანამედროვე ფეხბურთში ძალიანაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ მაინც ტაქტიკური მოქნილობით, ტექნიკით და საფეხბურთო ჭკუით ვცდილობთ მოწინააღმდეგეთა დაჯაბნას.
- ინგლისური გაზეთები ხშირად წერენ იმის თაობაზე, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე “ჩელსი” ეშლი კოულს შეელევა და მას სხვა კლუბში გაასხვისებს. ამბობენ, ეშლის გადაბირება მადრიდში ჟოზე მოურინიოს სურსო. ადასტურებთ ამ ცნობას?
- ამ თემაზე ადრეც მისაუბრია და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ – ეშლი კოულს არ შეველევით, მის სანაცვლოდ სულაც სატრანსფერო-სარეკორდო თანხა რომ შემოგვთავაზონ. ჩემი აზრით, ის პლანეტის საუკეთესო მარცხენა მცველია და კოულის გაყიდვა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ეშლი მეუღლეს, შერილს დაშორდა, ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამას ხელი ჟურნალისტებმაც შეუწყვეთ, როცა წყვილის პირად ცხოვრებაში ზედმეტად ჩაჰყავით ცხვირი. ისიც დაიწერა, ეშლის ლონდონიდან “გაქცევა” და საზღვარგარეთ სურს კარიერის გაგრძელებაო. ვიმეორებ, “ჩელსის” ყველა ლეგიტიმურ ზომას იხმარს საკუთარ რიგებში ეშლი კოულის შესანარჩუნებლად.
- ისიც ითქვა, კარლო ანჩელოტის “სტემფორდ ბრიჯზე” კაკას ჩაყვანის სურვილი არ ასვენებსო...
- “მილანში” მუშაობის პერიოდში ბრაზილიელთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა, მაგრამ კაკას ლონდონში ჩამოყვანას არ ვაპირებ. ის “რეალის” საკუთრებაა და რამდენადაც ვიცი, მადრიდელები მასთან განშორებას არ ფიქრობენ.
გოჩა კაჭარავა