გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარლ ჰაინც რუმენიგე, რომელიც ორჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, თავისი განვლილი კარიერით კმაყოფილია და დროის უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ის World Soccer-ის ჟურნალისტს თავის წარსულზე ესაუბრა.
- ხომ არ ნანობთ, რომ თამაში ადრე გიწევდათ და არა ახლა?
- ახლა ფეხბურთელებისთვის ბრწინვალე დროა. თამაში ამხელა ყურადღებას არასდროს იმსახურებდა და არც სპორტსმენენბისთვის მოჰქონდა ასეთი დიდი შემოსავლები. მაგრამ რატომ უნდა ჩავჯდე დროის მანქანაში? მე წარმატებული კარიერა მქონდა. იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე წარმოვიდგენდი: მოვიპოვე ჯილდოები ნაკრებთან და “ბაიერნთან” ერთად. ეროვნული გუნდის კაპიტანი ვიყავი, დამასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, რამდენიმეჯერ გავხდი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ეს განსაკუთრებული დრო იყო.
- თანამედროვე ფეხბურთელებს ძალიან ბევრს უხდიან?
- არ მინდა სხვადასხვა ეპოქის შედარება. “ბაიერნში” თვეში 8 ათას მარკას მიხდიდნენ. იმ დროისთვის ფანტასტიური ანაზღაურება იყო. მამაჩემი ინსტრუმენტებს ამზადებდა და ასეთი ანაზღაურება არც კი დაესიზმრებოდა. სუპერვარსკვლავთა შრომის დიდი ანაზღაურების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის, შეიძლება, გარკვეულ ინვესტიციადაც განვიხილოთ, რადგანაც სწორედ მსგავსი ვარსკვლავები იზიდავენ სპონსორებს, მაყურებლებს და ტელევიზიებთან კონტრაქტებს. მსგავსი ანაზღაურება სამართლიანია, როდესაც საქმე კრიშტიანუ რონალდუს, არიენ რობენს, ან ფრანკ რიბერის ეხება, მაგრამ ყველასათვის ასეთი დიდი ხელფასის გადახდა, უაზრობა იქნება.
- თქვენი კარიერის რომელი მომენტები მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
- ჩემთვის სასიამოვნო იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ნაწილად ყოფნა, რომელმაც იტალიაში 1980 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მაშინ მე ჩემი ერთადერთი საერთაშორისო ტიტული მოვიგე. არასდროს დამავიწყდება ევროპის ჩემპიონთა თასის 1976 წლის ფინალი, სადაც “ბაიერნმა” გლაზგოში “სენტ ეტიენი” 1:0 დაამარცხა. მაშინ ჯილდო ზედიზედ მესამედ მოვიპოვეთ, მაგრამ ჩემთვის ეს გამარჯვება ყველაზე ტკბილი იყო, რადგან ერთი წლით ადრე, ფინალში თამაში არ მომიწია. კარგად მახსოვს “უემბლიზე” ინგლისის ნაკრებში გატანილი ორი გოლიც.
- თქვენი კარიერის საუკეთესო მატჩად რომელი მიგაჩნიათ?
- 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, სევილიაში ფრანგებთან მოგებული შეხვედრა. ეს ნამდვილი ტრილერი იყო. ამ თამაშში ყველაფერი იყო: ლამაზი ფეხბურთი, დრამა, უთანხმოება, ეშმაკობა. მაშინ უნდა დავმარცხებულიყავით. დამატებითი დროის უდიდესი ნაწილი გასული იყო, ფრანგები 3:1 დამსახურებულად იგებდნენ და გამარჯვების თავადაც არ გვჯეროდა. მაგრამ მე გოლის გატანა მოვახერხე, მერე ხრუბეშმა გაათანაბრა და მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში გავიმარჯვეთ. სინამდვილეში, იმ შეხვედრაში მონაწილეობა არც უნდა მიმეღო - მუხლქვეშა მყესების ტრავმის გამო, სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. მწვრთნელმა დამატებულ დროში მოედანზე იმედგაცრუების გამო შემიშვა. რომ არა მეკარის ხელთათმანი, რომელიც ყინულით გავავსეთ და მუხლზე მივიდე, მაშინ თამაშს საერთოდ ვერ შევძლებდი.
- წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს კარიერაში?
- ალბათ, 1982 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ უკეთ თამაშს ვისურვებდი. ასევე, უკეთ მოვემზადებოდი 1982 და 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის.
- რომელი მიგაჩნიათ თქვენს საუკეთესო გოლად?
- 1980-81 წლების ბუნდესლიგის სეზონში, “ბოხუმის” კარში გატანილი გოლი. გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ბურთი მეკარის საჯარიმოს ხაზთან მივიღე. სამი-ოთხი მცველის გარემოცვაში ვიყავი, მაგრამ მისი დამუშავება მოვახერხე და “მაკრატელათი” კარში გადავგზავნე. მაშინ სრულად ინსტინქტებმა იმუშავა.
- რამდენად განსხვავდება თქვენი დროის და ახლანდელი ფეხბურთი?
- როდესაც “ბაიერნში” ჩემს საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, გუნდში იერარქია მკვეთრად იყო გამოსახული. სულ ზევით ფრანც ბეკენბაუერი იყო, მას მოსდევდნენ პაულ ბრაიტნერი, ზეპ მაიერი, გერდ მიულერი და ული ჰიონესი, მერე კი ყველა დანარჩენი. მე ამ იერარქიის ფსკერზე ვიყავი. ახლანდელ გუნდებში ასეთი რამ ნაკლებადაა. ჩემ დროს ახალგაზრდები ძლიერ ნერვიულობდნენ, როდესაც გასახდელში პროფესიონალებთან ერთად ხვდებოდნენ, ახლა კი, ისინი უფრო თავდაჯერებულნი არიან.
- თქვენი კარიერის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტად, რა შეიცვალა ფეხბურთში?
- შეიქმნა ჩემპიონთა ლიგა. თუ ფინასური თვალსაზრისით შევხედავთ, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. გულშემატკივრებს, ალბათ, სიამოვნებთ, ასეთ მაღალ დონეზე “რეალი” - “მილანისა” და “ბაიერნი” - “მანჩესტერის” დაპირისპირების ყურება.
- უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, თქვენზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება, რომელმა ფეხბურთელებმა მოახდინეს?
- მუდამ ქედს ვიხრიდი ბრაზილიელთა ელეგანტურობის წინაშე, იყო ეს პელე, ჟაირზინიო, რიველინიო, სოკრატესი თუ ზიკო. ასევე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიშელ პლატინიმ, დიეგო მარადონამ, იოჰან კრუიფმა, კევინ კიგანმა, ბეკენბაუერმა, მიულერმა და ბრაიტნერმა.
- თქვენზე, ყველაზე დიდი გავლენა ვინ იქონია?
- მართალია, გამუდმებით მირეკავდა შუაღამისას სახლში, რათა დარწმუნებულიყო, რომ გასართობად არ ვიყავი წასული და მეძინა, მაგრამ “ბაიერნში” ჩემი დამრიგებლის - დიტმარ გრამერას დიდი მადლიერი ვარ. მას ჩემი სწამდა და სწორედ ის დამეხმარა გუნდში დამკვიდრებაში. ასევე, საკვანძო ფიგურა იყო “ბაიერნის” ამჟამინდელი გენერალური მენეჯერი ული ჰიონესი. კიდევ ბრაიტნერი. სწორედ მისი კრეატიულობის დამსახურება იყო, გოლები ასე ხშირად რომ გამქონდა.
კარლ ჰაინც რუმენიგე
დაიბადა 1955 წლის 25 სექტემბერს ლიპშტადტეში (გერმანია)
პოზიცია: თავდამსხმელი
მეტსახელი: კალე
საკლუბო კარიერა: “ლიპშტადტის” ახალგაზრდული გუნდი (1963-1974), “ბაიერნი”, მიუნხენი (1974-1984), “ინტერი”, იტალია (1984-1987), “სერვეტი”, შვეიცარია (1987-1989)
საერთაშორისო კარიერა: გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 95 მატჩი, გაიტანა 45 გოლი (1976-1986)
მიღწევები: გერმანიის ჩემპიონი (1980, 1981), გერმანიის თასის მფლობელი (1982, 1984), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1975, 1976), ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1982), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1976), მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1982, 1986), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1978), ევროპის ჩემპიონი (1980), ევროპის ჩემპიონატის მონაწილე (1984), გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1980, 1981, 1984), შვეიცარიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1989), გერმანიის წლის ფეხბურთელი (1980), ევროპის “ოქროს ბურთის” მფლობელი (1980, 1981), შედის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალში.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა