დღეს, ჩვენი დროით 22 საათზე დორტმუნდის “იდუნა სიგნალ პარკზე” გერმანული ბუნდესლიგის უმთავრესი მატჩი ჩატარდება. მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი “დორტმუნდი” ალემანთა ყველაზე ტიტულოვან კლუბს, სადღეისოდ მეორე საფეხურზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. ამ შეხვედრისადმი ინტერესი დიდია, მის დაწყებამდე კი ბავარიელთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაინც რუმენიგეს წინასამატჩო განწყობას გაგაცნობთ.
- ჰერ რუმენიგე, რა იმედით ელოდებით “დორტმუნდთან” დაპირისპირებას? მოწინააღმდეგის რომელი ნაკლოვანი მხარეები უნდა გამოიყენოს სათავისოდ “ბაიერნმა?
- დორტმუნდელთა სისუსტეებზე ჩემი მხრიდან საუბარი არაკორექტული იქნება. გადახედეთ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს. ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი 29 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერია და 3 ქულითაც გვისწრებს. სპორტის რამდენიმე სხვა სახეობის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, კლოპის გუნდს “პოულ-პოზიცია” უკავია. დორტმუნდში გიგანტთა მატჩი ჩატარდება, რომლის მსვლელობისას შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
- გულახდილად გვიპასუხეთ, “სიგნალ იდუნა პარკზე” “დორტმუნდის” დამარცხების იმედი გაქვთ?
- აბა რა გითხრათ – ნათელმხილველი ნამდვილად არ ვარ, შეხვედრის შედეგი წინასწარ რომ ვიცოდე. ყველანი ერთად ვნახავთ რა მოხდება ოთხშაბათ საღამოს. ცხადია, “ბაიერნის” მოგებას ვისურვებდი, მაგრამ ბუნდესლიგა ხომ კონცერტი დაკვეთით არაა, როდესაც სასურველ სიმღერას, ჩვენ შემთხვევაში, მოგებას, დაუკვეთავ. მთავარი, ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმალური კონცენტრაციით იბრძოლონ. ხომ ნახეთ, როგორ გაგვიჭირდა “აუგსბურგთან” სასურველი შედეგის მიღწევა და წარმოიდგინეთ, როგორი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს დორტმუნდში.
- იურგენ კლოპის გუნდის გეშინიათ?
- “ბაიერნს” არავის მიმართ შიშის გრძნობა არ აქვს, “დორტმუნდს” კი პატივს ვცემთ, როგორც ღირსეულ ოპონენტს. კარგად გვახსოვს შარშან ნოემბერში მიუნხენის “ალიანც არენაზე” დორტმუნდელებთან განცდილი მარცხი. თანაბარძალოვანი გუნდების შეხვედრა იყო, მაგრამ ჯერომ ბოატენგმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც გიოტცემ გადამწყვეტო ბურთი გაგვიტანა. ამჯერადაც ტოლ-სწორი გუნდების დაპირისპირება იქნება და ვნახოთ, რომელ მათგანს გაუღიმებს ფორტუნა.
- თქვენი აზრით, მატჩის გადამწყვეტი ფაქტორი რაში მდგომარეობს?
- საბოლოო წარმატებას უფრო მეტად მოტივირებული და კონცენტრირებული გუნდი მიაღწევს. ასპარეზობის ბედი შესაძლოა ერთადერთმა დაშვებულმა შეცდომამ გადაწყვიტოს. ყოველმხრივ შევეცდებით, ამგვარი შეცდომა არ მოგვივიდეს.
- გულშემატკივართა და სპეციალისტთა ნაწილი დორტმუნდელთა უპირატესობაზე საუბრობს, აქაოდა, “ბორუსია” გადამწყვეტ საბუნდესლიგო დაპირისპირებას “ბაიერნთან” შედარებით უფრო დასვენებული ხვდებაო...
- არ მგონია, გადატვირთულმა საშეჯიბრო რიტმმა “ბაიერნზე” უარყოფითად იმოქმედოს. მოსამზადებლად 4 დღე გვქონდა, რაც ნორმალური დროა უპრინციპულეს მატჩს სათანადოდ რომ შევხვდეთ. ისე, ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრა “დორტმუნდმაც” 7 აპრილს ჩაატარა. თანაც ერთ გარემოებასაც მინდა გავუსვა ხაზი – რაც უფრო გადატვირთული გრაფიკი აქვს “ბაიერნს”, მით უფრო ძლიერად თამაშობს.
- პროგნოზის გაკეთა იუარეთ. ის მაინც გვითხარით, გული რას გიგრძნობთ?
- განწყობა საბრძოლოა და იმედიანად ვგრძნობ თავს.
- “აუგსბურგთან” მარიო გომესმა გოლი მატჩის 24-ე წამზე გაიტანა. ამჯერადაც აქცენტს საწყის წუთებზე გააკეთებთ?
- აქცენტს 90 წუთზე გავაკეთებთ. ხომ ნახეთ, როგორი წინააღმდეგობა გაგვიწიეს აუგსბურგელებმა – მათ პირველივე ტაიმში ანგარიში გაგვიყაიმეს და მარიომ გადამწყვეტი ბურთი მეორე ნახევრის შუაწელში გაიტანა.
- “აუგსბურგის” თამაშის შემხედვარე, ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას იმსახურებს?
- დარწმუნებული ვარ, “აუგსბურგი” უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებს. მეორე წრესთან შედარებით აუგსბურგელები გაცილებით სოლიდურად გამოიყურებიან და ბუნდესლიგის დასკვნით სტადიაზე ელიტაში დასარჩენ საკმარის ქულებს მოიხვეჭენ.
გოჩა კაჭარავა