კალათბურთი

22:03 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაცია ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს

19 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კალათბურთის ფედერაციის პრესკონფერენცია, რომელიც ორ ძირითად თემას დაეთმო: სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩისწინა გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას და განცხადებას, კალათბურთის ფედერაციისა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

პრესკონფერენციაზე მოწვეული იყო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტი პავლე კასრაძე, რომელიც გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა გულისხმობს, ერთდროულად რვა ქვეყნის ანტიდოპინგურ სააგენტოზე პასუხისმგებლობას მსოფლიო ანტიდოპინგური (WADA) ორგანიზაციის  წინაშე. 2001 წლიდან საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო შეუერთდა ევროსაბჭოს ანტიდოპინგურ კონვენციას, რომლის რატიფიცირებაც 2004 წელს მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ. სააგენტო დამოუკიდებელ კავშირს წარმოადგენს, რომლის მიზანია, დოპინგისგან თავისუფალი სპორტის წახალისება და ყველა სტანდარტით შეესაბამება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოდელს.

კალათბურთის ფედერაცია მეორე აღმოჩნდა საქართველოში, რაგბის ფედერაციის შემდეგ, ვინც უკვე ოფიციალურად თანამშრომლობს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან. ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები უკვე პლეი ოფების მატჩების პერიოდში ჩაუტარებენ მოთამაშეებს შესაბამის ტესტირებას.

პავლე კასრაძე (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის პრეზიდენტი): „ძალიან მოხარული ვარ, რომ კალათბურთის ფედერაციამ სურვილი გამოთქვა ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში მიმდინარე ჩემპიონატის პრესტიჟს. აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ფედერაცია მეორეა საქართველოში ვინც თავად გამოთქვა სურვილი სააგენტოსთან თანამშრომლობაზე“.

რაც შეეხება „ყველა ვარსკვლავის“ მატჩს, რომელიც ხვალ, 20 აპრილს ქ. ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, დღეს 12.00 საათზე დასრულდა სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა. შემოსულ ხმათა რაოდენობამ, რომელმაც  სასტარტო ხუთეულის კანდიდატები გამოავლინა, 44000-სს გადააჭარბა. ამასთან მწვრთნელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს დანარჩენი 7-7 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც „ოლ სტარის“ მონაწილე გუნდებს შეავსებენ.

მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერებისა და ადგილობრივთა გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩთან ერთად ჩატარდება სამქულიანი სროლებისა და ჩატენვების კონკურსი.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის პრეზიდენტი): „ოლსტარზე“ ჩატარდება სამქულიანების კონკურსი, რომლისთვისაც 7 კალათბურთელი შეირჩა და ჩატენვების კონკურსი, რომელსაც „სოხუმელთა“ რიგებიდან 2 ახალგაზრდა კალათბურთელი შეუერთდა 20-წლამდელებიდან. შემდეგ წელს სურვილი გვაქვს და ვგეგმავთ ახალგაზრდული „ოლ სტარიც“ ჩავატაროთ“.

გიორგოს კეცელიდისი („შსს-აკადემიის“ და „ოლსტარის“ ლეგიონერთა გუნდის მთავარი მწვრთნელი): „ძალიან ვამაყობ, რომ უკვე მეორე წელია „ოლ სტარის“ ლეგიონერთა გუნდის მწვრთნელი ვარ. როგორც იცით, ახლა მძიმე პერიოდია, პლეი ოფებისთვის სამზადისი აქვს ყველა გუნდს და „აკადემიისგან“ კარგ შედეგებს გპირდებით. რაც შეეხება „ოლ სტარს“, ფანებს  კარგ სანახაობას ვუმზადებთ და დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებენ“.

ჩად პრევიტი („შსს-აკადემიის“ მოთამაშე, ლეგიონერთა გუნდის წევრი „ოლ სტარზე“ და სამქულიანების კონკურსის მონაწილე): „ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდიდან მე ამირჩიეს. გულშემატკივრისთვის ძალიან მაგარი შოუ იქნება. ზოგადად, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში წარმატებისა და გამარჯვებისკენ ვილტვი და ახლაც გპირდებით, მაქსიმალურად წარმოვაჩენ თავს.

პირველად ვიღებ „ოლსტარში“ მონაწილეობას. სამქულიანების კონკურსში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს, თუმცა, მგონია, რომ დიდი შანსი მაქვს მოგების. (ხუმრობით) ყოველ შემთხვევაში არმიელ ბესო ლეჟავას მაინც ვაჯობებ“.

ოთო ბულიავა და კახა ჯინჭარაძე („სოხუმის“ 20-წლამდელთა გუნდის მოთამაშეები): „ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო „ოლ სტარზე“ მონაწილეობის შემოთავაზება, თუმცა პირობას ვდებთ, მაქსიმალურად წარმოვაჩენთ თავს“.

ეკა ლოლუა

0.188009