კაკა სათანადო ფორმაში რომ არაა, “სამეფო კლუბისა” და “მალიორკას” გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა. ტრავმამოშუშებული ბრაზილიელი ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა, შესვენებისას იგი მესუთ იოზილით შეცვალა. თავად კაკა კარგად აცნობიერებს ოპტიმალური მდგომარეობისთვის ჯერ რომ ვერ მიუღწევია და AS-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ივარჯიშებს.
- სადღეისოდ, როგორ სპორტულ ფორმაში ხართ და ჟოზე მოურინიოს მხარდაჭერას თუ გრძნობთ?
- საკუთარ ფორმაზე ობიექტური საუბარი მიჭირს. ბევრს ვვარჯიშობ და იმედია, ოპტიმალურ კონდიციას დავიბრუნებ. კარგა ხანი გამიცდა და მწვრთნელის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია ძირითადში მყარად ფეხის მოკიდება. მოურინიო თანდათან მიზრდის სათამაშო დროს და ვფიქრობ, მალე “რეალს” მეტ დახმარებას გავუწევ.
- გავრცელებულ აზრს თუ გავიზიარებთ, მადრიდს ჯერ “ნამდვილი” კაკა არ უნახავს...
- ტრავმის გამო, ჯერ ვერც მე მანიჭებს სიხარულს ფეხბურთის თამაში და გულშემატკივარსაც ვერ ვახარებ. თანდათან კარგ ფორმაში შევდივარ და “რეალის” ქომაგებსაც ჩემს რეალურ შესაძლებლობებს ვაჩვენებ.
- ჟოზე მოურინიო როგორი მწვრთნელია?
- გარდა კარგი სპეციალისტობისა, იგი ბუნებით ლიდერია და უზადო ფსიქოლოგი. ზუსტად გრძნობს მთლიანად გუნდისა და რომელიმე ფეხბურთელის განწყობას. მოურინიოს დაძაბულობის მოხსნა სწრაფად შეუძლია. ყველაზე მეტად კი მის გულწრფელობას ვაფასებ. ერთ-ერთი წვრთნის შემდეგ, იგი გულახდილად გაგვესაუბრა. მან გვითხრა, დღეს თქვენი დამრიგებელი ვარ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ წარმატების მისაღწევად, სეზონის ბოლოს კი, თავად გადავწყვეტ, დავრჩები გუნდში თუ არაო. საკმაოდ თამამი განცხადებაა – მოუს სიტყვები კლუბის ხელმძღვანელობამდე მივა და არ მგონია, “რეალის” ბოსები ნასიამოვნები დარჩნენ. პორტუგალიელი კი, კონიუნქტურას არად დაგიდევთ და ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს.
- 2011 წელი თქვენთვის განსაკუთრებულია – წლეულს ხომ კოპა ამერიკა ჩატარდება...
- თანაც, ტურნირი არგენტინაში გაიმართება. მანამდე კი, საკმარისი დროა პირადად ჩემი და მთლიანობაში სელესაოს თამაშის გასაუმჯობესებლად.
- როგორ გგონიათ, “ბარსელონას” გასწრება არარეალურია?
- ასე არ ვფიქრობ. გაიხსენეთ კატალონელთა სათასო შეხვედრა ანდალუსიურ “ბეტისთან” და თავად მიხვდებით, გვაქვს თუ არა შანსი მაისის ბოლოს, სატურნირო ცხრილში გვარდიოლას გუნდზე წინ აღმოვჩნდეთ.
- “რეალი” უტიტულოდ რომ დარჩეს, მოურინიო პოსტს შეინარჩუნებს?
- სეუ ჟოზეს დრო იმ შემთხვევაშიც უნდა მიეცეს, “რეალმა” მიმდინარე სეზონში ვერაფერი რომ ვერ მოიგოს. გავიხსენოთ მოურინიოს “ინტერში” მუშაობის პირველი წელი. თავდაპირველად, პორტუგალიელს მილანშიც გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ “ნერაძურის” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ