გუშინწინ, ლამის, მთელი სპორტული სამყაროს ყურადღება მილანის “სან სიროსკენ” იყო მიპყრობილი, რომლის მინდორზეც, ერთმანეთს ევროპის 2 ყველზე ტიტულოვანი კლუბი, “მილანი” და “რეალი” დაუპირისპირდა ერთმანეთს. ნამატჩევს კი, მადრიდელთა პორტუგალიელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს, სახელდახელო ინტერვიუ ესპანურმა გამოცემა AS-მა ჩამოართვა.
- რატომ დაკარგა “რეალმა” მატჩზე კონტროლი ასპარეზობის მიწურულს, რაც 2 გაშვებულ გოლად დაგიჯდათ?
- ჩემი გუნდი, ჯერჯერობით, ფორმირების პროცესშია და თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიეთ. ახლა, ყურადღება ფლეი ოფის ასპარეზობების კარგად ჩატარებაზე უნდა გადავიტანოთ. ამ ეტაპიდან, უკვე სულ “სხვა ფეხბურთი” დაიწყება. “სან სიროზე” ჩატარებულ შეხვედრას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, უკეთ თამაში გვმართებდა, სამაგიეროდ, თვითონ შეხვედრა გამოგვივიდა საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ევროპის 2 ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ასპარეზობის თვალის მიდევნებით, მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.
- “მილანის” რომელიღაც გულშემატკივარი, მთელი 90 წუთის განმავლობაში ლაზერული სხივით ცდილობდა თქვენს გაღიზიანებასა და ყურადღების გაფანტვას. ამან, წყობიდან არ გამოგიყვანათ?
- არა, რომელიღაც ფანი უკბილოდ ხუმრობდა. სხივი მძლავრი არ იყო, ამიტომაც, საკუთარი მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შემშლია. “მილანის” გულშემატკივრებს არ ვუყვარვარ, მატჩი კი სპორტული დაპირისპირების ფარგლებს არ გასცდენია.
- მსაჯობით, კმაყოფილი ხართ?
- მთლიანად, ბრიგადამ მაღალ დონეზე იმსაჯა. თანახმა ვარ, ჰოვარდ უები “რეალის” ყველა შეხვედრას მოემსახუროს. ინგლისელი არბიტრი მაღალი კლასის მსაჯია და მის მიერ დაშვებული ერთი შეცდომა, აზრს ვერ შემაცვლევინებს.
- პედრო ლეონის მიერ გატანილი გოლი, დაეხმარება მას ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოსაკიდებლად?
- პედროს მიერ გატანილი გოლი “რეალისთვის” უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ფეხბურთელისთვის. ჯგუფში, პრაქტიკულად, პირველი ადგილი გავინაღდეთ, პედრომ კი, მისთვის ისტორიული გოლი გაიტანა. წარმოიდგინეთ, მან პირველად გამოიჩინა თავი საჩემპიონთალიგო შეხვედრაში და ეს, “სან სიროზე” მოხდა! დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გასული მატჩის ანალიზისას, ჟურნალისტები შეცვლებს დამიწუნებენ, რადგან მინდორზე ერთდროულად ამდენი თავდამსხმელის ყოლა, სარისკოა. მე კი, მათ ამგვარ პასუხს გავცემ – მწვრთნელის რისკი ყოველთვის გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა მისი გუნდი ფსიქოლოგიურად მდგრადია. “რეალმა” ეს მილანში დაამტკიცა.
- ბოლო მატჩებში, ბენზემამ გადამწყვეტი როლი შეასრულა შედეგის მიღწევაში. უკანასკნელი 2 შეხვედრაა, კარიმი სასიკეთოდ შეიცვალა...
- ბენზემა იცვლება, როგორც “რეალის” ბევრი მოთამაშე. იგი ბოლოხანს, უფრო დინამიკურად თამაშობს. ფრანგის კმაყოფილი ვარ. თუკი ასე გაგრძელდა, ბენზემა სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდება. ისე არ გამიგოთ, გონსალო იგუაინის ასპარეზობა არ მაკმაყოფილებდეს. პირიქით, არგენტინელი მეგოლეც მშვენივრად თამაშობს.
- აქცენტს “ტიტულარებზე” აკეთებთ. ამის გამო, “რეალი” სეზონის მიწურულს, არ გადაიღლება?
- გაიხსენეთ წინა სეზონში “პორტუს”, “ჩელსის” და “ინტერის” შემადგენლობა და როგორი ფიზიკური კონდიციები ჰქონდათ ამ გუნდების ფეხბურთელებს. “რეალს”, მათთან შედარებით, უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და დაღლის პრობლემა ჩვენს წინაშე არ უნდა დადგეს. სეზონის განმავლობაში, თავის გამოჩენის შანსს ყველას მივცემ. მალე, როტაციის დრო დაგვიდგება და დარწმუნდებით, “რეალს” უნიჭიერესი ახალგაზრდობა რომ ჰყავს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ