ინტერვიუები

10:29 | 9.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "თამაშის ტემპი შეგნებულად დავწიეთ"

მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრის შემდეგ, AS-ის კორესპონდენტი “ბლანკოსის” პორტუგალიელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული დერბის შეფასება სთხოვა.
- კმაყოფილი ხართ მადრიდულ დერბიში “რეალის” ნაჩვენები თამაშით?
- სავსებით. მოწინააღმდეგედ მაღალი კლასის გუნდი გვყავდა, რომელსაც ნებისმიერი ოპონენტისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.
- არ მოგეჩვენათ, რომ გუნდი დაიღალა?
- არა. თამაშის რიტმს ვაკონტროლებდით. “ატლეტიკო” ისეთი მეტოქეა, რომელიც ბურთს “გითმობს” და მისი კონტროლის საშუალებას გაძლევს. ჩვენ შეგნებულად დავწიეთ თამაშის ტემპი და ამის მიზეზი დაღლილობა სულაც არ ყოფილა. მატჩი სანახაობრივი რომ არ გამოვიდა, ამაში ბრალი “ატლეტიკოს” მიუძღვის და არა ჩვენ.
- რიკარდუ კარვალიუსგან, გატანილ გოლს თუ ელოდით?
- რიკარდუს, შეტევაში დროულად ჩართვის ნიჭი აქვს. მასაც და ხედირასაც გოლის გატანის “დაფარული ტალანტი” აქვთ. ჩემი აზრით, მადრიდულ დერბიში, საუკეთესონი სწორედ ისინი იყვნენ.
- ბენზემა ცოტათი დაგვიანებით ხომ არ ჩართეთ თამაშში?
- კარიმი მინდორზე დროულად შევუშვი და ზუსტად ის შეასრულა, რაც დავავალე. “მურსიასთან” სათასო მატჩში, ბენზემას სასტარტო შემადგენლობაში დავაყენებ და ყველანი დარწმუნდებით, იგი დღითიდღე რომ უმატებს. აქვე მსურს მოგახსენოთ, რომ გონსალო იგუაინის ასპარეზობითაც კმაყოფილი ვარ. ცოტა იღბალსაც მოწყალე თვალით რომ გადმოეხედა მისთვის, გოლის ავტორი ისიც გახდებოდა.
- ამჯერად, კრიშტიანუ რონალდუმ მინდორი უგოლოდ დატოვა...
- მას არც მოეთხოვება ყოველ მატჩში გოლის გატანა. იგი გუნდური ყაიდის ფეხბურთელია და “რეალისთვის” დიდი სარგებლობა მოაქვს.
- “რეალი” ჯერაც წაუგებლად პაექრობს. როდის ელოდებით პირველ მარცხს?  
- ადრე თუ გვიან, ეს დღეც დადგება. მისი პროგნოზირება კი შეუძლებელია. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ყოველმხრივ შევეცდებით, ჩვენს გულშემატკივრებს წაგებით, გული კიდევ კარგა ხანს არ დავწყვიტოთ.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.114696